LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“112-ში 11 წლის გოგონა რეკავს” – ამბავი, რომელიც უნდა წაიკითხოთ

304

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ტატო კუჭავა სოციალურ ქსელში 112-ში შესული ზარებიდან ერთ-ერთის შესახებ ყვება.

ამბავი 11 წლის გოგონას ეხება, რომელმაც 112-ში დარეკვით, ოჯახის წევრების გადარჩენა შეძლო.

როგორც გაირკვა სახლში გაზმა გაჟონა და გოგონას გარდა, არც ერთ მათგანს საუბარი არ შეეძლო.

 

„112“-ში , დაახლოებით, 11 წლის გოგონა რეკავს…

ოპერატორი – 1-1-2 გისმენთ, 1-1-2 გისმენთ.

გოგონა აღელვებული ხმით პასუხობს ოპერატორს – სასწრაფოს გამოძახება მინდა…

ოპერატორი – რომელი ქალაქიდან გვიკავშირდებით?

გოგონას ხმა წყდება.

ოპერატორი – მისამართი მითხარით, რომელი ქალაქიდან რეკავთ?

გოგონა კონტაქტზე ისევ გამოვიდა – თბილისიდან.

ოპერატორი – რა გქვია?

გოგონა – ნინო.

ოპერატორი – ნინო, ზუსტი მისამართი უნდა მითხრა, რომ დახმარება დროულად აღმოგიჩინოთ.

გოგონა ტიროდა – დედა, დედა, შემომხედე!

იგი პერიოდულად აღარ უსმენდა ოპერატორს.

„112“-ის ოპერატორისთვის შემთხვევის ზუსტი ადგილმდებარეობის (მისამართის) დადგენა ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან შესაძლოა, ზარი შუა საუბრისას გაითიშოს, ვეღარ მოხდეს მოქალაქესთან ხელახლა დაკავშირება და შესაბამისად, „112“ გადაუდებელი დახმარების შესაბამის ბრიგადებს/ეკიპაჟს საჭირო მისამართზე ვეღარ გაგზავნის.

ზარის ინიციატორის დაბნეულობას ცუდი სმენადობა ემატებოდა. მიუხედავად ყველაფრისა, ოპერატორმა მაინც მოახერხა მისამართის ყველა დეტალის გაგება, თუმცა ნინო იმდენად ნერვიულობდა, შესაძლო იყო, რომ მისამართი არასწორი ყოფილიყო. მისამართი უნდა დაზუსტებულიყო.

ადგილმდებარეობის დადგენის შემდეგ, მეორე ეტაპი შემთხვევის ტიპის განსაზღვრაა, რათა გადაუდებელი დახმარების შესაბამისი ბრიგადების/ეკიპაჟის გაგზავნა მოხდეს მისამართზე.

ოპერატორი – ნინო, დამეხმარე, რომ დაგეხმარო… გთხოვ, დამშვიდდი და მითხარი, რა

ხდება? სასწრაფო გამოსულია და მალე მოვა. დედა ცუდადაა?

გოგონა – დედიკო, ბებო და ბიძაშვილი ვეღარ ლაპარაკობენ, არ ვიცი, რა სჭირთ…

პარალელურად, ისმის პატარა ბავშვის ტირილიც.

ოპერატორი – უგონოდ არიან?

გოგონა – არა, გონზე არიან, მაგრამ ვეღარ ლაპარაკობენ… არ ვიცი, რა დაემართათ.

ოპერატორი მაშინვე მიხვდა, რომ შესაძლოა, ადგილი ჰქონოდა CO-თი მოწამვლას და აღელვებულ მოზარდს პირველადი კონსულტაცია გაუწია.

ოპერატორი – ნინო, ხომ არ იცი გაზის მილს სად აქვს ჩამკეტი?

გოგონა – კი, ვიცი.

ოპერატორი – სასწრაფოდ გადაკეტე და ყველა ფანჯარა გამოაღე.

გოგონა – ახლავე.

ნინო ტიროდა, თუმცა ძალიან კარგად ასრულებდა ოპერატორის მითითებებს.

ოპერატორი – შენ როგორ გრძნობ თავს?

გოგონა – მეც, მგონი, ცუდად ვარ, ფეხები მეკეცება…

ოპერატორი – ტელეფონი არ გამითიშო, სადარბაზოში გადი და შეეცადე, მეზობელი

დამალაპარაკო… შემოსასვლელი კარი ღია დატოვე და მერე ფანჯარასთან

დადექი და ღრმად ისუნთქე.

როდესაც თითოეული წამი გადამწყვეტი იყო, ოპერატორს მისამართის დასაზუსტებლად უფრო სანდო წყარო ესაჭიროებოდა, ამიტომაც სთხოვა ნინოს მეზობლისთვის დაეძახა. საბედნიეროდ, მეზობელი სახლში აღმოჩნდა და ოპერატორმა მისი საშუალებით შეძლო მისამართის დაზუსტება.

ოპერატორი – გთხოვთ, ყურადღებით იყოთ ტელეფონთან, სასწრაფო დახმარების ბრიგადა

დაგიკავშირდებათ, გზაშია, 5-7 წუთში ადგილზე იქნება.

მეზობელი – აუცილებლად .

რამდენიმე წუთში, სასწრაფო დახმარების ბრიგადასთან ერთად, ადგილზე მივიდა გადაუდებელი დახმარების ყველა შესაბამისი ბრიგადა/ეკიპაჟი. ოთხივე მოქალაქეს ადგილზე გაეწია შესაბამისი დახმარება. დღეს ნინო ძალიან კარგად გრძნობს თავს,დედიკოსთან, ბებიასთან და 7 წლის ბიძაშვილთან ერთად.

რომ არა ოპერატორის პროფესიონალიზმი, ოპერატიულობა და პირველადი დახმარებისათვის აუცილებელი რეკომენდაციები…

რამდენიმე წამის შემდეგ ოპერატორმა ახალი ზარი მიიღო…

ოპერატორი – 1-1-2 გისმენთ.

მოქალაქე – სტამბოლის მიმართულებით ფრენების განრიგი მითხარით, რა.

ოპერატორი – ბატონო, თქვენ 112-ზე მხოლოდ მაშინ უნდა დარეკოთ, როდესაც

პოლიციის, სახანძრო-სამაშველოს და სასწრაფო

სამედიცინო ბრიგადის გამოძახება გჭირდებათ.

მოქალაქე – ვიცი, მაგრამ ფრენების განრიგი არ იცით??

„112“-ის ქოლ-ცენტრში ყოველ 4 წამში ერთხელ, საქართველოს სხვადასხვა წერტილიდანახალი ზარი შედის.

მნიშვნელოვანია, რომ ყველამ, ვინც 112-ზე რეკავს და ვისაც გადაუდებელი დახმარება სჭირდება, სწორად მიაწოდოს ოპერატორს ინფორმაცია შემთხვევის ადგილმდებარეობის შესახებ.

დაგვეხმარეთ, რომ დაგეხმაროთ!” – წერს ტატო კუჭავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g