LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

12 წელი სცენაზე – ნიკა კუჭავას თეატრალური ცხოვრება და მზადება პრემიერისთვის

2498

ახალგაზრდა მსახიობი, რომელმაც უკვე მოასწრო და საკმაოდ მრავალი და მრავალფეროვანი როლები შექმნა. ნიკა კუჭავა უკვე 12 წელიწადია მარჯანიშვილის თეატრშია და ამჟამად საკმაოდ ბევრ სპექტაკლშია დაკავებული. როლებიც ბუნებრივია განსხვავებულია. მართალია ნიკა თეატრის მსახიობია და ფილმებში ხშირად არ ჩანს, თუმცა იყო დრო ის მაყურებელმა ერთ დროს პოპულარული სერიალებით გაიცნო. გახმაურებული იყო მისი ქორწინება თაკო ცქვიტინიძესთანაც. მოკლედ, ახალგაზრდა თაობის მსახიობებში ის ერთ-ერთ პოპულარული და ცნობადი სახეა.

ბავშვობა და სტუდენტობა, თეატრი და კინო, ჰობი და ცხოვრებისეული შეხედულებები – ამ ყველაფრის შესახებ ნიკასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში შეიტყობთ. მანამდე კი გეტყვით, რომ ნიკა მაყურებლის წინაშე მალე ახალ სპექტაკლით წარდგება. დავით კლდიაშვილის მოთხრობა სცენაზე საკუთარი ინტერპრეტაციით ლევან წულაძეს გადააქვს, რომელშიც ნიკა კუჭავა კიდევ ერთ ახალ პერსონაჟს განასახიერებს.

 

ლევან წულაძე დგამს სპექტაკლს „ბაკულას ღორები“, თავის სტილში. ზენათისა და გალაქტიონის გარდა ყველა გმირი ასე თუ ისე ჭოლას მოგონილია. აქედან გამომდინარე რთულია ჯერ სპექტაკლზე საუბარი. დიდი ხანი არ არის, რაც მუშაობა დავიწყეთ. ჯერჯერობით პერსონაჟები გამოკვეთილი არ გვყავს, რომ რაიმე საინტერესო ვთქვა. პრემიერა სავარაუდოდ 20 დღეში იქნება.

მოდი, თავიდან დავიწყოთ: როდის დაინტერესდით მსახიობობით?

ძალიან უცნაურად, სპორტსმენი ვიყავი და თეატრზე არასდროს მიფიქრია. ჩოგბურთს ვთამაშობდი, რაღაც მიღწევებიც მქონდა. მერე მუხლის პრომლემები დამეწყო და დავანებე თავი. მეგობარი მყავდა ზურა კასრაძე, მან ჩააბარა „კინო ხელოვნების კოლეჯში“. მითხრა, რომ ძალიან მაგარია, კასკადიორის ხელოვნებას ასწავლიან, თან მართვის მოწმობას გაძლევენო. მოკლედ, წავედი ამ კოლეჯში. ერთხელ რუსულის მასწავლებელმა ერთ-ერთი ლექციიდან გამომაგდო. იმის გამო, რომ დერეფნებში ციოდა, ვიფიქრე ნებისმიერ ლექციაზე შევალ-მეთქი და ასე მოვხვდი ცოტნე ნაკაშიძესთან. მერე  დავიწყე თეატრში სიარული, დავდიოდი და დავინტერესდი კიდეც. პირველივე წელს მოვხვდი თეატრალურში.

მარჯანიშვილის თეატრში როგორ მოხვდით, როგორ მოხდა თქვენი აღმოჩენა?

მეოთხე კურსზე ვიყავი, მარჯანიშვილის თეატრიდან დამირეკეს. ბატონმა გიზო ჟორდანიამ დამიბარა თეატრში და მკითხა სურვილი ხომ არ გაქვს მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი იყოო. დღემდე არ ვიცი ეს როგორ მოხდა, ალბათ სპექტაკლში მნახა და მიმიწვია თეატრში. ზოგადად, მაშინ ძალიან რთული იყო თეატრში მოხვედრა. მინიმუმ 12 კაცი იყო ჯგუფში, ზოგს 20-25 სტუდენტი ყავდა. წარმოიდგინეთ 4-5 ჯგუფი რომ დაამთავრებდა და 150 მსახიობი წელიწადში. მე გამიმართლა, მას შემდეგ ვარ აქ, უკვე 12 წელია. ერთი წელი თუ წელიწადნახევარი უშტატოდ ვიყავი. შემდეგ ლევან წულაძე მოვიდა თეატრში და უკვე შტატშიც მოვხვდი.

როგორ გახსენდებათ სტუდენტობა, როგორი იყო თქვენ დროს თეატრალური უნივერსიტეტი?

ძალიან ბანალურად ჟღერს, რომ ამბობენ, სტუდენტობა ცხოვრების ყველაზე კარგი წლებიაო, თუმცა ეს სიმართლეა. საინტერესო, რომ ინსტიტუტში ჩავაბარე და უნივერსიტეტი დავამთავრე. თეატრალური მთლად ინსტიტუტი არ იყო, ჩვენთან არ იყო ზუსტად განსაზღვრული დრო. მამაჩემს არასდროს არ სჯეროდა თინეიჯერი რომ ვიყავი, ღამის 11 საათზე მოვდიოდი რეპეტიციიდან. ვერ წარმოედგინა როგორ შეიძლება ამ დრომდე უნივერსიტეტში ყოფნა. ინჟინერი იყო და არ ესმოდა ეს სისტემა.

როგორი დამოკიდებულება გქონდათ  ერთმანეთთან და დღემდე თუ ინარჩუნებთ?

ეს ოჯახია თავისი კონფლიქტებით, სასიყვარულო ისტორიებით, ინტრიგებით. ეს უკვე მეგობრობაზე მეტია, როდესაც ჯგუფელებთან ატარებ დღეში 10 საათს. ჩემთვის ჩემი ჯგუფის ნებისმიერი მეგობარი, გოგო და ბიჭი მეგობარზე მეტია, მათი ყველაფერი ვიცი. როდესაც მეგობართან გაქვს კონტაქტი დღეში 2-3 საათი, რაღაცას არ ან ვერ ეტყვი, მაგრამ როდესაც სულ ერთად ხართ, იქ ვერაფერს დამალავ.

მსახიობები ხშირად საყვედურობენ უნივერსიტეტს, რომ არიან კინოსა და დრამის მსახიობები, მაგრამ არ ასწავლიან კინოს. თქვენ რას ფიქრობთ?

მიმაჩნია, რომ კინორეჟისორმა უნდა ისწავლოს კინო. ჩემი აზრი ასეთია. ვიცი ბევრი არ დამეთანხმება, კინო არის მსახიობისთვის პრაქტიკა. მით უმეტეს ახლა გაძლევს ციფრული ტექნიკა საშუალებას, რომ შენ კადრი გადაღების მერე ნახო. თუ ჩათვლი, რომ იქ ცოტა მეტი მოგივიდა ან თუ დააკელი რაიმე, შეგიძლია რეჟისორს უთხრა, რომ არ ხარ კმაყოფილი და გამოასწორო. თუ ესეც არ შეგიძლია, შენშია პრობლემა. მე დრო არ მქონდა, რომ წავსულიყავი და კამერასთან მუშაობა მესწავლა. დღეში 6-7 საათი რეპეტიციები მქონდა, პროფესიას ვეუფლებოდი. რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა, მაგრამ ჩემ ჯგუფს არ ქონდა ამის დრო.
თეატრში არ შეიძლება სიყალბე, მით უმეტეს თანამედროვე თეატრში, თუ ეს არ არის გროტესკული სტილით დადგმული. კინოც იგივეა, უბრალოდ დოზირება გჭირდება. შეურაცხყოფილად ვთვლი თავს, როდესაც მომისმენია – “თეატრი არ მინდა რა“. ვინმემ ასე რომ მითხრას, ეგრევე დავტოვებ გადაღებას. იმედი მაქვს იმდენი მაინც ვიცი ჩემ პროფესიაში, როგორმე სიყალბეს გავექცე.

არ შეიძლება ერთნაირად ითამაშო სპექტაკლი, ხან გაქვს შინაგანი ძალა, ხან არა. როდესაც არ გაქვს, მაშინ ძალაუნებურად გადადიხარ ტექნიკაზე. აი მანდ არის ცოტა საშიში. როდესაც ტექნიკაზე გადადიხარ, იმ დღეს ცარიელი ხარ, ნიჭიერად უნდა მოიტყუო. მაყურებელი ვერ გრძნობს ამას, მაგრამ შეიძლება ამ ტექნიკაში გაგეპაროს სიყალბე. დიდ არტისტსაც შეიძლება მოუვიდეს ასეთი რამ.

გავიხსენოთგოგოები და ბიჭები“, შემდეგჩიფსების თაობა“. ამ პერიოდში ძალიან პოპულარულები იყავით.

ეს იყო ერთ-ერთი პირველი საპნის ოპერა. გიორგი ლიფონავა, ეკა მჟავანაძე და სხვები, ამ ხალხმა დიდი როლი ითამაშეს ჩემ ცხოვრებაში. შემოქმედებითი ფასეულობით რა თქმა უნდა ნაკლებად, მაგრამ საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. რაღაც კუთხით სახელიც გამიფუჭა, მექალთანეს ვთამაშობდი, დღემდე მიხსენებენ, ცოტა რაღაცნაირად მიყურებდნენ. არ დამავიწყდება, ვიღაც გოგოს მივუჯექი. მაშინ მეუღლე არ მყავდა. გაცნობა მოვისურვე და მითხრა, იცით მეც მსახიობი ვარო. ვინმე გოგოს ოჯახში თუ მოვხვდებოდი, გოგოს დედა გაიყვანდა და რაღაცებს ეუბნებოდა ჩემზე. გეგონება მართლა ვახო ვიყავი ცხოვრებაში.

როგორ მოხვდით  სერიალში?

ახალგაზრდა მსახიობები ახალი მოსულები ვიყავით, ეკა მჟავანაძე იყო პროდიუსერი, დაიწყო ჩვენით. ქასთინგზე მივედით მე და როლანდ ოქროპირიძე. 5 წელი ვიღებდით. მერე წამოვიდა ბევრი სამუშაო თეატრში და გადაღება და თეატრი ერთად ვეღარ გამოვიდა. ბევრ გადაღებებზე მითქვამს უარი თეატრის გამო.

გამოდის თქვენთვის პრიორიტეტი თეატრია?

თეატრი არის ჩემი პროფესია. ერთხელ წლების წინ მქონდა შემოთავაზება გადავსულიყავი სხვაგან, დამენებებინა თეატრისთვის თავი. საკმაოდ კარგი შემოთავაზებაა, ხელფასი გაქვს ხუთჯერ მეტი, მაგრამ მერე რა ხდება: გადაიღე სერიალი და მორჩა სეზონი. იქნებ აღარ ხარ საჭირო, ეს არის ძალიან სარისკო. თან გულმაც ხომ უნდა გაგიშვას. რა თქმა უნდა, თეატრი ბევრად პრიორიტეტულია. კინო სხვა ფენომენია.

ისე, კინოში თქვენი გამოცდილება როგორია?

მე არ მაქვს კინოში დიდი გამოცდილება, რამდენიმე ფილმში მაქვს ნათამაშები. გიგა ლორთქიფანიძესთან ვითამაშე, კიდევ რეზო ესაძესთან ბოლო ფილმში.

ხშირად მსახიობები ჟურნალისტების როლშიც გვევლიანებიან

მეც ბევრი გადაცემა წამიყვანია, ყველანაირი – გასართობიც, საბავშვოც. საინტერესოა, მაგრამ არ არის ჩემი საქმე. ძალიან ვნერვიულობ. ხანდახან გირეკავენ და გთხოვენ წაიყვანო კორპორატიული საღამო. ერთი საათი მიდიხარ, მაიმუნობ და გაქვს ფული. მაგრამ დაძაბული ვარ და არ ვიცი ეს საქმე. დუტა დამცინის ხოლმე. ერთხელ დუტამ წამიყვანა სადღაც თავის ნაცვლად. აბიტურიენტები და სტუდენტები იყვნენ, იმდენი შეცდომა დავუშვი ძალიან შევრცხვი. სცენაზე ფეხი რომ ამიცდეს, ზუსტად ვიცი როგორ გამოვძვრე. მომხდარა კიდევ ბევრი რამ სცენაზე, მაგრამ მშვიდად გამოვძვრებით ხოლმე მე და ჩემი პარტნიორები. ბოლო პერიოდში ჩემ მეუღლეს ვთხოვდი ხოლმე წაეყვანა ჩემ ნაცვლად. თაკო მიდიოდა, რადგან მას ჟურნალისტიკა აქვს დამთავრებული და მისთვის მარტივია.

მარჯანიშვილის თეატრს ხშირად აქვს გასტროლები

გასტროლები ძალიან მიყვარს, მოვლილი მაქვს მთელი მსოფლიო. ერთი ბრაზილიასა და არგენტინაში არ ვარ ნამყოფი, დანარჩენი ყველგან. ყველას თავისი პეწი აქვს. ყველაზე მეტად იტალია მიყვარს, ახლა მომიწია ორი თვით იქ ყოფნა. რაღაცნაირად ჩემი გახდა. ჭოლას სპექტაკლს ვთამაშობდით, ნაწილი ქართველები ვიყავით, ნაწილი იტალიელები. „შეშლილის წერილები“ ვითამაშეთ. ბოლოს ჩემი იტალიელი მეგობრები მე მირეკავდნენ და მეკითხებოდნენ ქუჩების ადგილმდებარეობას. ქალაქი ბოლონია ისეთ ადგილზეა, რომ ყველაფერი ახლოსაა: საათნახევარში მილანში ხარ, 10 წუთში ვენეციაში, აქეთ ფლორენციაა და ასე მოვიარეთ.

რომელია თქვენთვის გამორჩეული ქვეყანა?

გამოვარჩევდი ინგლისს. ყველაფერი ხომ მაინც ემოციაზეა და არა მხოლოდ თვალზე. ემოციურად ლონდონი. ჯერ ერთი ჩვენმა სპექტაკლმა აიღო 5 ვარსკვლავი. მეორე წელსაც დაგვპატიჟეს. შექსპირის „გლობუსის“ თეატრში ვითამაშეთ. ძალიან ძნელია „გლობუსში“ თამაში, მით უმეტეს 6-7 სპექტაკლის, 5 000 მაყურებლის წინაშე. ძალიან ემოციური იყო. სხვათა შორის მილანში ლა სკალაც ვნახე და ძალიან გრანდიოზული რომ მეგონა, მარჯანიშვილის თეატრზე პატარაა.

რაიმე საყვარელი კერძი თუ აღმოაჩინეთ საზღვარგარეთ?

არაფერი არ მომწონს არსად არასდროს. ვგიჟდები გინესზე, ჩავფრინდებოდით თუ არა ლონდონში, პირველი დღე ვისვენებ და ეგრევე მივდივარ და ვსვამ გინესს. მაგაზეც იყო ერთი ისტორია. „ჰილტონში“ ვცხოვრობდით ცენტრში და სასტუმროს გვერდზე იყო პაბი. რაიმეს რომ შეუკვეთავდი, ერთი სასმელი უფასოდ გეკუთვნოდა. მივედი ერთხელ და გინესის ნაცვლად ვუთხარი ლუდი მომეცით-თქო. რომელი ლუდი გინდაო და გინესიო რომ ვუთხარი, ბარმენმა ჩხუბი დამიწყო. თურმე ეს შეურაცხყოფაა. იგივეა ჩვენ ღვინოზე გვითხრან, რა კარგი ბურახიაო. თურმე ეს ლუდი არ არის, ეს გახლავთ „ელ“, ასე ეძახიან და სხვადასხვა რამეა. აი ინდოეთში მშიერი ვიყავი. იმდენად ცხარეს ვჭამ, მეჩხუბებიან კიდეც, რომ არ შეიძლება ხმისთვის და ჯანმრთელობისთვის, მაგრამ ინდოეთში ვერ წარმოიდგენთ რა მწარეა ყველაფერი. ყველაფერს აქვს ერთი გემო, ჭამ მარტო წიწაკას. „მაკდონალდს“ მივაგენით და იქაც იმდენად ცხარე იყო ყველაფერი. ზოგადად, ქართულ კერძებს არაფერი მირჩევნია.

ცოტა უკან დავბრუნდეთ, ბავშვობის წლები რომ გაიხსენოთ, სკოლის პერიოდში როგორი იყავით?

მაინც და მაინც განსაკუთრებული არ ვყოფილვარ, ყველაფერი მქონდა ზომიერად. დედაჩემი მკაცრი იყო, ასე გამზარდა. ვერ ვბედავდი სიცელქეს. ის ნიჭი მქონდა, რომ ყველა პედაგოგს ვუყვარდი. შეიძლება ორიანი დაეწერათ, დავესაჯე, მაგრამ რატომღაც მაინც გიჟდებოდნენ. ბავშვობაში სულ დაკავებული ვიყავი. სკოლა, მერე ვარჯიში, მერე აუცილებლად მეცადინეობა. მუსიკაზეც დავდიოდი, შვიდწლედი დავამთავრე. ცალკე ქუჩა, ძმაკაცები.

თუ გაქვთ რაიმე ჰობი?

ნადირობა, თევზაობა. ორშაბათია ერთადერთი დასვენების დღე, თუმცა ორშაბათსაც ვერაფერს ვერ ვაკეთებ, რადგან სამშაბათს ისევ რეპეტიცია. თეატრიდან არ გავდივარ, თუ გავდივარ, საჭმელად, ისიც 15-20 წუთით. ყველაფერი აქ მაქვს, ტანსაცმელიც, ერთადერთი აქ არ ვრჩები. ახალი მოსული რომ ვიყავი, სადღაც მიფრინავდნენ გასტროლზე და ერთმა მსახიობმა თქვა, როგორ მეზარება ფრენაო. გულში გავიფიქრე, ნეტა სადმე მივფრინავდე-მეთქი. 3-4 წელიწადში მივხვდი, რომ მართლა შეიძლება ფრენა დაგეზაროს. ყოფილა შემთხვევა საერთოდ დამვიწყებია. ერთხელ „ჟოლო“ ვითამაშეთ და ნატა მურვანიძე მეუბნება, შევხვდებით ღამეო. რა ღამე მნახავ-თქო და რა, არ მოდიხარ, მე მარტო მივფრინავო. ამომივარდა თავიდან, რომ რუმინეთში მივფრინავდით ფესტივალზე.

საქართველოდან წასვლაზე  და სხვა ქვეყანაში კარიერულ წინსვლაზე თუ გიფიქრიათ?

არასოდეს, ამას იმიტომ არ ვამბობ რომ ვინმემ თქვას რა კარგი ბიჭიო. თუ ასეთი მაგარი ხარ, ესე იგი შენ ქვეყანას ჭირდები. მირჩევნია კენჭი დავდო ჩემ სამშობლოში, ვიდრე ჩემი ქვეყნის სახელით ამერიკაში ან ევროპაში.

უცხოელ რეჟისორებთან თუ გიმუშავით?

მქონდა უცხოელებთან შეხება, იტალიელები იყვნენ ჩამოსულები, „მთის გოლიათები“ დადგეს. ძალიან განსხვავდება ჩვენი და მათი მეთოდი. ფსიქოლოგიურად ძნელია. თავიდან ძალიან გაგვიჭირდა. ერთხელ ვთქვი, რომ სპექტაკლი მქონდა, ძალიან გაუკვირდათ, რომ სხვა სპექტაკლშიც ვთამაშობდი. გაუკვირდათ ამას როგორ ვახერხებთ, მე კი პირიქით – მიკვირს ყოველდღე ერთი და იგივე სპექტაკლი როგორ უნდა ითამაშო. გბეზრდება, რაც არ უნდა იყოს.

რაიმე სიახლე თუ არის, შემოთავაზება, გეგმები?

სამწუხაროდ, არაფერი. კინოში არ მეძახიან. გასტროლი იგეგმება, ისევ იტალიაში მივდივართ. ივნისში კოსტა რიკაში წავალთ და ახლა იმას არკვევენ, რომ შეიძლება კუბა და პანამა მიებას ამ ამბავს.

 

მარიამ ბაზალი

უსახელო ვარსკვლავი

ჟოლო

როგორც გენებოთ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g