გიორგი ქაჯაია საზოგადოებას დედის ემიგრაციის შესახებ ემოციურ ისტორიას უზიარებს და „მთავარ არხთან“ საუბრობს, რა სიძნელეების გავლა მოუხდა, მას შემდეგ, რაც ემიგრაციაში მყოფმა დედამ 8 წლის განმავლობაში განვლო.
გიორგი იხსენებს, რომ დედამ ისრაელში წასვლა, როგორც ყველა მოქალაქემ, სიდუხჭირის გამო გადაწყვიტა, თუმცა, 1 წლის შემდეგ მძიმე ტრავმა მიიღო და მუშაობის გაგრძელება ვეღარ შეძლო.
გიორგი ამბობს, რომ ამის შემდეგ ისრაელში დედის დასახმარებლად და მოსავლელად წასვლა, მის დასაც მოუხდა, რომელიც დღემდე იქ ცხოვრობს და მუშაობს, რადგან დედას დამოუკიდებლად ეტლის გადაადგილებაც კი არ შეუძლია.
„თავიდან ბავშვთან მუშაობდა, ამბობდა, რომ როგორც პატიმარი ისე ვიყავიო. შემდეგ, მომდევნო წლებში დალაგებაზე.
ახალი სახლი ჰქონდა დამატებული, რაღაც ვილა, ფანჯრების წმენდის დროს, ქოთანზე ფეხი რომ დააბიჯა და დაახლოებით, 4 ნახევარი მეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდა. დაბლა „მოზაიკაზე“, პირდაპირ ხერხემლით და თავით დაეცა.
ოპერაცია ისრაელის ერთ-ერთ კლინიკაში, სარეაბილიტაციო ცენტრში გაუკეთდა.
ამ ამბის შემდეგ, ჩემი და, დედასთან წავიდა, რადგან მას 24 საათიანი მეთვალყურეობა სჭირდებოდა. ისიც კი არ შეუძლია, რომ თავისით ეტლი გააგოროს.
ისრაელმა 80%-იანი ინვალიდობის სტატუსი მიანიჭა იმის გამო, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, ტრავმა მიიღო.
ამ კლინიკაში გადასახადი 24 საათში დაახლოებით, 700$-ია, რომელსაც ისრაელის კლინიკა იხდის. საქართველოს დედაჩემისთვის არაფერი გაუკეთებია“, – ამბობს გიორგი.
აღნიშნავს, რომ მამასაც ინვალიდის სტატუსი აქვს, რადგან აფხაზეთის ომში ფეხში დაიჭრა და ისიც 24 საათი სახლში ზის, თავის პენსიაზეა დამოკიდებული.
„დედაჩემი ქვეყანაში შექმნილი სიდუხჭირიდან გამომდინარე წავიდა, რომ შვილებისთვის უკეთესი მომავალი შეექმნა. კიდევ მყავს და-ძმა.
ერთი პერიოდი, სწრაფი სესხები რომ იყო, იმით ბილეთის ფული შეაგროვა და ისე წავიდა. 8 წელიწადია ემიგრაციაში, მაგრამ დედა 12 წელიწადია არ მინახავს. ჩემთვის ეს პერიოდი ორმაგად გაწელილია, ასე მგონია, საუკუნეა არ მინახავს.
არ უნახავს როგორ დაამთავრეს შვილებმა სკოლა, ბანკეტს არ დასწრებია, ძალიან ბევრი რამ დააკლდა. არც ერთი შვილის დაბადების დღე არ უნახავს, მატერიალურად გვეხმარებოდა.
ყველაზე მეტად მინდოდა ჩემს გვერდით ყოფილიყო, როცა ცოლი მოვიყვანე, ძალიან მიჭირდა. როგორც ყველა ემიგრანტი 2 წლით წავიდა, მაგრამ აგერ 8 წელიწადი გავიდა და ისევ იქაა.“ – ამბობს გიორგი.