LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„12 წლიდან ემიგრაციასთან მქონდა შეხება, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი, რომ ერთ დღეს ჩემს შვილსაც ემიგრანტის შვილად გავხდიდი…“ – თამია ტატალაშვილის გზა ამერიკამდე და უკან

915
336f62a4-9ab6-4bbe-9657-0ec3a4e2de74

თამია ტატალაშვილი მცირე ასაკიდან ემიგრანტ მამას აშშ-ში სტუმრობდა, თუმცა ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ ერთ დღეს თავად გახდებოდა ამერიკული ემიგრაციის ნაწილი. იქ ჩასულმა თავისი დიდი მიზანი შეასრულა და მოამზადა გადაცემათა სერია ქართველი ემიგრანტების შესახებ. ამ პროექტს ახლაც აგრძელებს, თუმცა საქართველოდან, სადაც სამწლიანი ემიგრაციის შემდეგ დაბრუნდა…

პატარა ასაკიდან გიწევდათ აშშ-ში გამგზავრება კონკრეტული მიზეზით… შემდეგ კი თავად წახვედით საცხოვრებლად.

25 წლის ვიყავი, როდესაც აშშ-ში საცხოვრებლად გავემგზავრე, თუმცა ძალიან პატარა ასაკიდან, 12 წლიდან მიწევდა იქ ჩასვლა, რადგან მამაჩემი ცხოვრობდა ემიგრაციაში. პანდემიის დროს გადავწყვიტე, რომ თავადაც უნდა წავსულიყავი და რაღაც ახალი დამეწყო. ემიგრაციასთან 12 წლიდან მუდმივად შეხება მქონდა და ჩემთვის ეს უცხო არ ყოფილა, თუმცა ვერ წარმოვიდგენდი, რომ თავად წავიდოდი ემიგრაციაში, როგორც მე ვიყავი ემიგრანტის შვილი, ასე გავხდიდი ჩემს შვილსაც ემიგრანტის შვილად. საბედნიეროდ, ემიგრაცია მალე დავასრულე და სამ წელიწადში დავბრუნდი საქართველოში.

მამას რომ სტუმრობდით და მერე უკან ბრუნდებოდით, საქართველოში, ეს როგორი ემოცია იყო?

როცა აშშ-ში პირველად ჩავედი, არც მაშინ მქონია ემოცია და არც მერე. მამის ნახვით ვიყავი აღფრთოვანებული და მერე უკან რომ ვბრუნდებოდი, ძალიან მძიმე იყო ჩემთვის. ამერიკაზე არ ვგიჟდებოდი, არ მენატრებოდა და არც ახლა არ მაქვს ეს ემოციები. იქ დღესაც ჩავდივარ, ვმუშაობ, მაქვს ემიგრაციის პროექტი… რთული იყო მამის მონატრება, თუმცა ისიც ჩამოდიოდა საქართველოში. მამაჩემიც კი არასდროს გეგმავდა, რომ იქ დარჩენილიყო საცხოვრებლად. მამაც საქართველოში ცხოვრობს დღეს. ყველანი აქ ვართ…

რამ განაპირობა ის, რომ არ გინდოდათ, თუმცა მაინც წახვედით ემიგრაციაში?

ეს განაპირობა განვითარების სურვილმა. ევროპაში მივიღე განათლება და ახალი დაბრუნებული ვიყავი საქართველოში, როცა პანდემია დაიწყო. ვფიქრობ, ძალიან კარგი დრო შევარჩიე, პანდემია კი იყო და ყველაფერი დაიკეტა, მაგრამ განვითარებისთვის მაინც ეს იყო სწორი გადაწყვეტილება.

რა იყო ყველაზე რთული, როცა საცხოვრებლად ჩახვედით?

თავიდან ვიზით ვიყავი წასული. როცა საბუთი არ გაქვს, არ შეგიძლია, რომ ადგე და შენს ნებაზე იქიდან წამოხვიდე. ყველაზე რთული მონატრებაა, გენატრება შენი ახლობლები და რუტინა, რომელიც თავიდან ბოლომდე იცვლება. ცდილობ, იქ მოძებნო ის, რაც შენთვის ავთენტიკური გახდება, თუმცა ეს არ არის მარტივი. მარტო რჩები საკუთარ თავთან ძალიან დიდ ქვეყანაში, უნდა იბრძოლო, გადარჩე და თავი დაიმკვიდრო, რაც ურთულესია. მუშაობის უფლებაც კი არ გაქვს. ეს ეტაპები რომ გაიარო, ძალიან ძლიერდები და საკუთარ თავს პოულობ. ამ პროცესში რომ ვიყავი, სამსახურის პოვნა მინდოდა. მიუხედავად იმისა, რომ მანამდე სტუმრად ჩავდიოდი ორი კვირით თუ ერთი თვით, ის პასუხისმგებლობა არ გაქვს, რაც იქ ცხოვრებას ახლავს. მინდოდა, ჩემი პროფესიით დამეწყო მუშაობა, ახლა ამ სურვილზე მეცინება… ამ ძებნაში აღმოვაჩინე, რომ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს, თავიანთი მედიაპლატფორმები აქვთ. ემიგრანტები ხმას აწვდენენ სამშობლოს. მე რომ ჩავედი, ასეთი პლატფორმა არ არსებობდა და ვიფიქრე, იქ იმდენად მაგარი ქართველები ცხოვრობენ, აუცილებელი იყო, რომ მათი ხმა საქართველოში გაეგოთ. დავიწყე პროექტზე მუშაობა, დრო დამჭირდა, სანამ ჩემს ორგანიზაციას გავაკეთებდი და ქართული მედიაჰოლდინგი მექნებოდა ნიუ იორკში. შევხვდი ქართულ საზოგადოებას და ვკითხე, რამდენად სურდათ, რომ ეს ხმა ამერიკიდან საქართველოში გასულიყო. რა თქმა უნდა, უნდოდათ. იქ მართლა პატარა საქართველოა, მიდის ჩვეულებრივი ცხოვრება და ამ ამბებს სჭირდება გაჟღერება და შენახვა.

ყველაზე ემოციური ამბები, რაც მოისმინეთ, როგორია?

სხვის ოჯახში მუშაობის ამბები. საკუთარი ოჯახისთვის ეს ძალიან მძიმეა, თუმცა ამასაც თავისი ეტაპები აქვს. როცა ქართველს საბუთი არ აქვს, უწევს ოჯახში მუშაობა, როცა საბუთებს აწესრიგებს, შემდეგ სხვა ეტაპზე გადადის. მარტივად არაფერი მიიღწევა. ჩემი გადაცემა არ არის მხოლოდ მძიმე ამბების გაშუქებაზე. მე ვემსახურები იმ იდეას, რომ ქართველებს, რომელთაც სურთ სამშობლოში დაბრუნება, ოდნავ მაინც გავუმარტივოთ ეს გზა. ქართველები ხშირად ამბობენ, ნეტა საქართველოდან წაგვიყვანაო, მაგრამ რეალურად, არ იციან, სად მიდიან. უნდა დაგანახვო ემიგრაციის რეალური გზა და მაშინ იფიქრებ, ნეტავ, აქედან წამიყვანაო? როცა ჩემს რესპონდენტებს ვეკითხები, სად არის მათი სახლი და სად ხედავენ საკუთარ თავს, 95% ჩემი რესპონდენტებისა მპასუხობს, რომ ეს არის საქართველო. რასაც აშშ-ში ემსახურებიან, ეს ყველაფერი იმისთვის ხდება, რომ სამშობლოში დაბრუნდნენ.

ეს კითხვა საკუთარი თავისთვის დაგისვამთ?

როცა აქედან მივდიოდი, უკვე ვიცოდი, რომ საქართველოში დავბრუნდებოდი. თავს ვალდებულად ვგრძნობდი, რომ ემიგრაციის მიმართულებით რაღაც მცირედი მაინც გამეკეთებინა. როცა ჩემი პროექტის კეთება დავიწყე, ჩემი რესპონდენტების უმრავლესობა არ საუბრობდა, რით იყვნენ დაკავებულები აშშ-ში და ამას სასირცხვილოდ მიიჩნევდნენ, საქართველოშიც არ იყო ამის მიმღებლობა. თუნდაც ის, რომ ტრაილერის მძღოლია, მოხუცთან მუშაობას, სხვის ბავშვებს ზრდის, დამლაგებელი ან მიმტანია კაფეში, თუმცა ეს აზროვნება ნელ-ნელა იცვლება და ადამიანებს აღარ რცხვენიათ ამაზე ხმამაღლა საუბრის. თავიდან, როცა საცდელ გადაცემებს ვწერდი, ძალიან ფრთხილად ვიყავი რესპონდენტებთან. ახლა კი შემომდის უამრავი მესიჯი ემიგრანტებისგან, მეც მინდა, რომ ჩემი ამბავი გავაზიაროო. ამ ცვლილებებს პირდაპირ ვგრძნობ.

ემიგრაციის სამწლიანი გზა, რომელიც თავად გაიარეთ, რატომ დასრულდა? რამ გადაგაწყვეტინათ უკან დაბრუნება?

ეს განაპირობა პირადმა ამბებმა. როცა ამერიკიდან საქართველოში რამდენიმე თვით დავბრუნდი, არ მქონდა აქ დარჩენა გადაწყვეტილი, მაგრამ ისე მოხდა, რომ დავრჩი საქართველოში, დეტალებს არ შევეხები და პროექტს ვაგრძელებ საქართველოდან. აშშ-ში ჩავდივარ იმისთვის, რომ გადავიღო გადაცემები და შემდეგ უკან ვბრუნდები. არასდროს მიგრძნია, რომ ამერიკა ჩემი სამშობლოა. ეს შეგრძნება მე არ მქონია, ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ცუდია. ახლაც რომ ჩავდივარ ამერიკაში, რამდენიმე დღე მონატრებას ვიკმაყოფილებ, რაც კარგ ემოციებს უკავშირდება, მაგრამ რამდენიმე დღეში ვაანალიზებ, რომ საქართველოში მინდა.

მამა თქვენზე ადრე დაბრუნდა საქართველოში?

მამამ ემიგრაციაში 21 წელი გაატარა და საქართველოში ჩემზე ერთი წლით ადრე დაბრუნდა. იმ მომენტში მე ვერ დავბრუნდებოდი, რადგან საცდელ ეპიზოდებს ვიღებდი. ეს იყო ჩემი დიდი მიზანი, რომ ემიგრაციაზე გადაცემა გამეკეთებინა. მამაჩემს არასდროს უნანია, რომ საქართველოში დაბრუნდა.

ახლა როგორ გრძნობთ თავს?

ძალიან კარგად. სახლში ვარ. ყველაფერი მიყვარს, რაც აქ ხდება. მარტივი ცხოვრება არსად არის, უბრალოდ, სხვის ჰაერს არ სუნთქავ, სხვის მიწაზე არ დადიხარ, ეს ჩემთვის მთავარი ამბავია – ჩემს მიწაზე დავდივარ და ჩემს ჰაერს ვსუნთქავ. უცხოტომელი არ ვარ სხვის მიწაზე.

რას ეტყოდით ადამიანებს, ვისაც დაბრუნება უნდა და ვერ დგამს ამ ნაბიჯს?

ემიგრაცია თავისით არ დასრულდება. მიუხედავად იმისა, რომ მინდოდა საქართველოში დაბრუნება, ამას შიშ მაინც ახლდა. შენ თვითონ უნდა გადადგა ეს ნაბიჯი და დაასრულო ემიგრაციაში. რა მიზანიც გაქვს, იმას რომ მიაღწევ, ახალი მიზნები აღარ უნდა დაისახო… მთავარი იდეა, რასაც მე ვემსახურები, ისაა, რომ ჩემი პროექტით ემიგრაციაში მყოფი ქართველების ისტორია ავსახო. ეს ჩემთვის ძალიან ძვირფასია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g