რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ პოსტი გამოაქვეყნა,რომლითაც რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის 12 წლისთავს გამოეხმაურა.
„დღეს 12 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენმა ქვეყანამ საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის კრიმინალურ ქცევას უპასუხა. უპასუხა ნაძირლების მოქმედებებს, რომლებმაც სამშვიდობოების, დაუცველი მოხუცებისა და ბავშვების წინააღმდეგ ცეცხლის გახსნის ბრძანება გასცეს,“- წერს მედვედევი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“.
მისი მტკიცებით, რუსეთმა აფხაზეთი და ე.წ. „სამხრეთ ოსეთი“ აგრესიისგან დაიცვა.
„ფაქტობრივად, ეს რუსეთისთვის ომის გამოცხადებას ნიშნავდა. აი, რატომ მივიღე ძალიან რთული, მაგრამ ერთადერთი შესაძლო გადაწყვეტილება – დამეცვა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი აგრესიისგან, შემდეგ კი, მათი მოქალაქეების მოთხოვნის თანახმად, მათი სრული დამოუკიდებლობა მეღიარებინა. წინააღმდეგ შემთხვევაში სამხრეთ კავკასია გადაიქცეოდა დენთის კასრად, რაც რუსეთისთვის სრულიად მიუღებელი იყო,“- წერს მედვედევი.
რუსეთი მოსაზღვრე სახელმწიფოების მშვიდობასა და სტაბილურობას ყოველთვის იცავდა და მომავალშიც დაიცავს-ნათქვამია მედვედევის განცხადებაში.