მთავრობის სხდომაზე დღეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმით პრივატიზების შესახებ კანონპროექტი განიხილეს, რომლის საფუძველზეც კიდევ 123 დევნილი ოჯახი საცხოვრებელ ბინებს საკუთრებაში მიიღებს. საცხოვრებლები თბილისში, ზუგდიდში, გორში, ქუთაისში, წყალტუბოში, მცხეთაში, ბათუმში, ახალციხეში, ხობში, მარტვილში, სენაკში, წალენჯიხაში, ფოთში, ჩხოროწყუში, ქობულეთში, გურჯაანში, თეთრიწყაროში, გარდაბანში და ხაშურში მდებარეობს.
“ამასთან, მთავრობის წევრებმა განიხილეს საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტი, რომლის საფუძველზეც, ეტაპობრივად გაიზრდება მუნიციპალიტეტის შემოსულობები მათ ტერიტორიაზე რეგისტრირებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწების განკარგვიდან. ასევე, კანონპროექტით გადაიხედება შემოსულობების პროცენტული განაწილება ქონებასთან მიმართებით, იმისათვის რომ მუნიციპალიტეტების ბიუჯეტმა მიიღონ დამატებითი შემოსავალი ქონებიდან, რომელიც არის მათ ტერიტორიაზე.
სხდომაზე განიხილეს ასევე კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც ხაშურის სრული წყალმომარაგება-წყალარინების სისტემების მშენებლობის პროექტზე სამუშაოები იწყება.
პროექტის სრული ღირებულება დაახლოებით 225 მილიონი ლარია და მის ფარგლებში, 5 წლის განმავლობაში, მოეწყობა დაახლოებით 160 კმ წყალმომარაგების მილი, დაახლოებით 45 კმ წყალარინების ქსელი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალარინების გამწმენდი ნაგებობა, რეაბილიტაცია ჩაუტარდება და განვითარდება სასმელი წყლის სათავე ნაგებობა, რეზერვუარები და ა.შ. პროექტის დასრულების შემდეგ, 24 000 ბენეფიციარი გამართული წყალმომარაგებით ისარგებლებს”, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა 12 საკითხი განიხილეს.