LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

13 წელი აგვისტოს ომიდან და ანექსიის ტრაგიკული შედეგები

278
georgia-war

170 სამხედრო მოსამსახურე, მათ შორის 23 ოფიცერი… 136 კაპრალ/სერჟანტი… 1 რიგითი… 9 რეზერვისტი… 1 სამოქალაქო პირი – ეს გმირების რაოდენობაა, გმირების, რომელთა რიცხვიც საქართველოს უახლესმა ისტორიამ 13 წლის წინ დაითვალა და უკვე მეცამეტედ, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის 13 წლისთავზე, განსაკუთრებულად იხსენებს.

ამით არ სრულდება 2008 წლის აგვისტოს ყველაზე ცხელი და ტრაგიკული ხუთი დღის შედეგების ჩამონათვალი და გრძელდება ასე: დაიღუპა 228 მშვიდობიანი მოქალაქე. გარდაიცვალა 14 პოლიციელი. დაიჭრა 1 747 ადამიანი. საკუთარი საცხოვრებელი სახლი დატოვა თითქმის 150 000-მა ადამიანმა. დღემდე დევნილის სტატუსის მატარებელია 30 000-მდე პირი. განადგურდა 35 ათასი სახლი. მიწასთან გასწორდა 53 ქართული სოფელი. ოკუპირებული აღმოჩნდა 5 ხეობა და 125 სოფელი.

თამარაშენი, სვერი, ქემერტი, ქურთა, ხეითი, კეხვი, ძარწემი, ზემო და ქვემო აჩაბეთი, ერედვი, ბერულა, არგვიცი, დისევი, ფრისი და კიდევ ბევრი – სოფლებია, რომელთა სახელი და წარსულიც ქვეყნისა და ადგილობრივების მეხსიერებაში დარჩა, თუმცა მომავალი რუსული ტანკის მიერ განადგურდა.

2008 წლის 26 აგვისტოს, რუსეთმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა ცნო და მიუხედავად იმისა, რომ 8 ოქტომბერს,  საქართველოს დანარჩენი ტერიტორიებიდან გასვლა დაასრულა, რუსული ჯარების გაძლიერებული გარნიზონები დარჩა მათ შორის იმ ტერიტორიებზეც, რომლებსაც ომამდე საქართველო აკონტროლებდა… დღეს ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიის 20 %.

 

 

 დღეები ომამდე, ანუ მცირე ნაბიჯებით დაწყებული ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესია

 

◾  2008 წლის 31 მაისს რუსეთს რკინიგზის ხაზის აღდგენის მოტივით, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში სარკინიგზო ჯარები შეჰყავს;

◾   8 ივლისს სამხრეთ ოსეთთან ახლოს რუსული სამხედრო თვითმფრინავი არღვევს საქართველოს საჰაერო სივრცეს;

◾  30 ივლისს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს განცხადებას, რომ საქართველოსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის შეიარაღებული დაპირისპირების დაწყების საფრთხე რეალურია;

◾   1 აგვისტოს სამხრეთ ოსეთის საზღვართან ახლოს შემოვლით გზაზე აფეთქების შედეგად შავდება 5 პოლიციელი;

◾   3-4 აგვისტოს სამხრეთ ოსეთიდან არტილერია ქართული სოფლების დაბომბვას იწყებს;

◾  7 აგვისტოს კი კონფლიქტის ზონაში დაძაბულობა კულმინაციას აღწევს – საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ ოსი სეპარატისტების კონტროლირებადი ტერიტორიიდან დაწყებული საარტილერიო სროლის შედეგად ორი ქართველი მშვიდობისდამცველი დაიჭრა. საქართველოს პრეზიდენტი ამბობს: “მინდა სრული პასუხისმგებლობით ვთქვა და ვაღიარო, რომ რამდენიმე საათის წინ გავეცი ძალიან მტკივნეული ბრძანება, როგორც უმაღლესმა მთავარსარდალმა, რომ არც ერთმა ქართულმა შენაერთმა არ გახსნას საპასუხო ცეცხლი ძალიან ინტენსიური დაბომბვის შემთხვევაში”.

მოგვიანებით პრეზიდენტმა თქვა, რომ პირობის შესრულება ვერ შეძლო.

ამასობაში, რუსეთის რეგულარულმა ნაწილებმა როკის გვირაბით შემოსვლა დაიწყეს.

 

 

◾   7 აგვისტოს დაიბომბა ნული, ავნევი, ფრისი, დვანი;

◾   8 აგვისტოს დილით, როკის გვირაბიდან ცხინვალის რეგიონში რუსეთის 58-ე არმიის კოლონა შემოვიდა, 20 ათასზე მეტი რუსი სამხედრო..

ქართული შენაერთები, რომლებმაც ცხინვალის ნაწილის დაკავება მოახერხეს, რუსული ავიაციის იერიშის შემდეგ უკან იხევენ.

შემდეგ კი რუსული ავიაცია ბომბავს ქალაქ გორს, ფოთის პორტს, სენაკის და მარნეულის სამხედრო ბაზებს, ვაზიანის ბაზას, საავიაციო ქარხანას, ქვიშიანის მთაზე მდებარე რადარს.

რუსმა სამხედროებმა დაიკავეს კოდორის ხეობა, ფოთი, ზუგდიდი, სენაკი, ახალგორი, გორის რაიონის რამდენიმე სოფელი და საჩხერის რაიონის სოფელი პერევი…

12 აგვისტოს საფრანგეთის პრეზიდენტის 6-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა ჯერ მოსკოვში, შემდეგ კი თბილისში თანხმდება. 26 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის (სამაჩაბლოს) დამოუკიდებლობის აღიარების ბრძანებას გამოსცემს.

საქართველოს დანარჩენი ტერიტორიებიდან გასვლას რუსეთი 8 ოქტომბერს ასრულებს, თუმცა რუსული ჯარების გაძლიერებული გარნიზონები რჩება აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, ცხინვალის რეგიონში, მათ შორის იმ ტერიტორიებზეც, რომლებსაც ომამდე საქართველო აკონტროლებდა.

 

 

“საქართველო რუსეთის წინააღმდეგ” – სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება 12 წლის შემდეგ

 

მიმდინარე წლის 21 იანვარს სტრასბურგის სასამართლომ 2008 წლის ომის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღიარა საქართველოს მოთხოვნა, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია. დარღვევებს შორის არის მოწინააღმდეგის მხრიდან სიცოცხლის მოსპობა, წამება და ღირსების შემლახველი ქმედებები.

დადგინა, რომ:

➤  რუსეთი ახორციელებდა ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთზე ეფექტურ კონტროლს.

➤  2008 წლის ომის დროს რუსეთმა განახორციელა ქართველების ეთნიკური წმენდა.

➤  სტრასბურგის სასამართლომ გაიზიარა საქართველო პოზიცია და აღიარა რუსეთის პასუხისმგებლობა ქართველი სამხედრო ტყვეებისა და სამოქალაქო პირების მიმართ ჩადენილი წამების, არაადამიანური მოპყრობისა და ღირსების შემლახველი მოპყრობისთვის.

 

რუსული ინტერვენციიდან 13 წლის შემდეგ, საოკუპაციო ხაზზე ე.წ ბორდერიზაცია და  მცოცავი ოკუპაცია ისევ გრძელდება…

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g