თბილისის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, ერთ დღეში 1489 მგზავრი შეეცადა ავტობუსში პირბადის გარეშე ასვლას, ხოლო 1567 მგზავრს მიეცა გაფრთხილება პირბადის არასწორად გამოყენების გამო.
როგორც კახა კალაძე აღნიშნავს, საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის გამოყენებაზე კონტროლი ყოველდღიურად მიმდინარეობს.
„არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, საზოგადოებრივი ტრანსპორტში ყოველდღიური კონტროლი გვაქვს პირბადეებთან დაკავშირებით. ყველზე მნიშვნელოვანი, რაც გვიცავს ვირუსისგან, არის პირბადის ტარება. ეს კონტროლი მიმდინარეობს მეტროში, ავტობუსებში, მიკროავტობუსებში.
გუშინ 1489 მგზავრი შეეცადა ავტობუსში პირბადის გარეშე ასვლას, რასაც შესაბამისი რეაგირება მოყვა. 1567 მგზავრს მიეცა გაფრთხილება პირბადესთან დაკავშირებით, რომ არასწორად ეკეთათ. ხშირია შემთხვევა, როდესაც მხოლოდ პირზე აქვთ პირბადე, ბოლომდე არ აქვთ გაკეთებული. ორ შემთხვევაში მოხდა საპატრულო პოლიციის გამოძახება.
მიკროავტობუსებთან დაკავშირებით, 63 მოქალაქეს ჰქონდა მცდელობა ემგზავრა პირბადის გარეშე, თუმცა მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებს დაემორჩილნენ ეს ადამიანები. გამოვლინდა მიკროავტობუსებში ფეხზე დგომით მგზავრობის 3 შემთხვევა. მგზავრებს მიეცათ რეკომენდაცია აღარ განმეორდეს იგივე, ხოლო მძღოლებს 2 დღით აეკრძალათ მუშაობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
კახა კალაძემ მოსახლეობას პირბადის გამოყენების აუცილებლობაზე კიდევ ერთხელ მიმართა, რათა დაცული იყოს საკუთარი და გარშემომყოფების ჯანმრთელობა.