LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„15 წარმოდგენა გავმართეთ ლონდონში და პროდიუსერებიც გავაკვირვეთ ჩვენი სპექტაკლების სილამაზითა და მსახიობების პროფესიონალიზმით” – ნინო ანანიაშვილი „არტ-FM“-ში

734
ნინო ანანიაშვილი

რადიო „ფორტუნას“ გადაცემას „არტ-FM“-ს ნინო ანანიაშვილი სტუმრობდა, რომელმაც ქართული საბალეტო დასის წარმატებებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

ძალიან საინტერესო სეზონი გვქონდა გასულ წელს. 15 წარმოდგენა გავმართეთ ლონდონში და პროდიუსერებიც გავაკვირვეთ ჩვენი სპექტაკლების სილამაზითა და მსახიობების პროფესიონალიზმით. წარმატებული გამოსვლები გვქონდა ირლანდიაშიც, სადაც ნოემბრის თვეში ისევ მოვაწყობთ გასტროლებს.

ხაზგასმით მინდა აღვნიშნო ორი პროექტი, რომლებიც ერთმანეთის პარალელურად გაკეთდა. ჯერ მე ვიყავი იტალიაში დასის ნაწილთან ერთად, მერე ალექსეი ფადეეჩევი გაემგზავრა იაპონიაში ქართული „მაკნატუნას“ დადგმით, ბოლოს კი, ისევ გავერთიანდით. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც დასის ორ ნაწილად გაყოფაში დამეხმარა, რაც ძალიან რთული იყო, რადგან უამრავი ნიუანსი აღმოჩნდა გასათვალისწინებელი.

დიდი მოწონება დაიმსახურა ჩვენმა დასმა და ახალგაზრდა მოცეკვავეებმა იაპონიაში. სხვათა შორის, ჩვენს დასში ძალიან ბევრი უცხოელია, რომლებიც არა მოწვეული, არამედ დასის სრულფასოვანი წევრების სტატუსით სარგებლობენ. ძალიან მახარებს ის მეგობრული ურთიერთობა, რომელიც ჩვენი დასის წევრებს აქვთ, ამგვარი დამოკიდებულება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გასტროლების დროს, როცა ყველა ერთმანეთს ამხნევებს და უდგას მხარში.

2025 წლის სეზონი მარტის თვეში გავხსენით „ოტელოთი“. წელს ვახტანგ ჭაბუკიანის საიუბილეო წელია, ამიტომ ძალიან მინდა მის მიერ დადგმული სპექტაკლების განახლება. მართლაც განსაკუთრებული იყო ჭაბუკიანის „ოტელო“, რომელშიც სხვა უდიდესმა მოცეკვავეებმა – ვერა წიგნაძემ, ზურაბ კიკალეიშვილმაც მიიღეს მონაწილეობა და მართლაც დაუვიწყარი სანახაობა შექმნეს. სხვათა შორის, დღეს ისევ მათი ვიდეოჩანაწერების მიხედვით გადიან რეპეტიციებს ახალგაზრდა მოცეკვავეები და ძალიან ბევრს სწავლობენ ცეკვის ოსტატებისგან. მიხარია, რომ „ოტელომ“, რომელიც ჩვენ განვაახლეთ მაყურებელთან ერთად პროფესიონალების მოწონებაც დაიმსახურა.    

ყოველთვის თბილად ვიხსენებ ბატონ ზურაბ კიკალეიშვილს, რომელმაც ჯერ კიდევ ბავშვობაში გამოიჩინა ჩემს მიმართ ყურადღება, არასდროს ტოვებდა ჩემს სპექტაკლებს და ყოველთვის გულით მილოცავდა წარმატებას. ბატონი ზურაბის 100 წლის იუბილე გამოფენით აღვნიშნეთ, ქალბატონ ვერა წიგნაძეს კი, 90 წლის იუბილე გადავუხადეთ, რადგან ორივე ძალიან გვიყვარს და დიდ პატივს ვცემთ.

წარმატებით ჩაიარა „ლაურენსიას“ სამივე წარმოდგენამ, რომელშიც მეტწილად ახალგაზრდა მოცეკვავეებმა მიიღეს მონაწილეობა, მით უფრო, რომ დრამატურგიულად და მუსიკალურად ყოველთვის ძალიან საინტერესოა დრამბალეტის შესრულება. 21-23 მარტს „ჟიზელს“, აპრილის ბოლოს ბალანჩინის პროგრამას, მაისში კი, „ბაიადერას“ შევთავაზებთ ბალეტის მოყვარულებს. აუცილებლად დავდგამთ „დონ კიხოტს“, რომელშიც მოწვეული სტუმარი – გიორგი ფოცხიშვილი მიიღებს მონაწილეობას. ალბათ იცით, რომ გიორგიმ ჩვენი სკოლა დაამთავრა და მხოლოდ შემდეგ გაემგზავრა საზღვარგარეთ. ამასთანავე, ივნისის ბოლოს თბილისის საერთაშორისო ფესტივალის მოწყობას ვგეგმავთ, რომელსაც უამრავი უცხოელი სტუმარი ეწვევა.

ქართველი პრიმა-ბალერინა, განუმეორებელი ნინო ანანიაშვილი დღეს იუბილარია.

✨❤️ ქართველი პრიმა-ბალერინა, განუმეორებელი ნინო ანანიაშვილი დღეს იუბილარია. ✨💬 „დაბადების დღეს ვულოცავთ ჩვენს სამხატვრო…

Posted by Radio Fortuna FM 106,9 on Wednesday, March 19, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g