2010 წლის 10 აპრილს სმოლენსკთან ავიაკატასტროფა მოხდა, რის შედეგად დაიღუპა პოლონეთის დელეგაცია პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ხელმძღვანელობით. თვითმფრინავი ტუ-154, რომელიც ვარშავიდან სმოლენსკში მიფრინავდა, დაშვების მცდელობისას მიწას დაენარცხა, რის შედეგად 96 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის პოლონელი მაღალჩინოსნები და საზოგადო მოღვაწეები.
რუსული ვერსიით, კატასტროფის მიზეზი მეტეოროლოგიური პირობები და ძლიერი ნისლი გახდა. თუმცა არის ინფორმაცია, რომ ამ დროს სხვა თვითმფრინავები წარმატებით დაეშვნენ და ასაფრენ ბილიკზე ნისლი არ ყოფილა. პოლონეთის სამთავრობო კომისიის და სახელმწიფო საავიაციო კომიტეტის დასკვნა ეკიპაჟის შეცდომის შესახებ პოლონეთში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ გაუქმდა. 2020 წელს პოლონეთის საპარლამენტო კომისიამ საპრეზიდენტო თვითმფრინავის ბორტზე ორი აფეთქების შესაძლებლობა დაუშვა და თვითმფრინავის ნამსხვრევებზე სამი სახის ასაფეთქებელი ნივთიერების კვალი აღმოაჩინა.
2022 წლის აპრილში ხელახალი ძიებისას ითქვა, რომ ავარიის უშუალო მიზეზი იყო თვითმფრინავის მარცხენა ფრთაში აფეთქება.
43 რუს სასამართლო ექსპერტს ბრალი წაუყენეს დაღუპულთა ცხედრების არასათანადო გაკვეთაში.
–
პოლონეთში უმაღლეს დონეზე აღნიშნეს თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი ტრაგედიის 15 წლისთავი. სეიმმა და სენატმა დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი რეზოლუციები მიიღეს, მემორიალური ღონისძიებები გაიმართა ვარშავასა და კრაკოვში.




კატინის ტრაგედია
1930-იანი და 1940-იანი წლების მიჯნაზე სმოლენსკის მახლობლად მდებარე კატინის ტყეში ნკვდ-ის (შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატი) ჯარებმა დახვრიტეს 20 ათასზე მეტი ადამიანი. უმრავლესობა პოლონელი ჯარისკაცები და ოფიცრები იყვნენ, რომლებიც ტყვედ ჩავარდნენ გერმანიასა და სსრკ-ს შორის პოლონეთის გაყოფის შემდეგ. 2010 წელს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმამ კატინის ხოცვა-ჟლეტა სტალინის რეჟიმის დანაშაულად აღიარა. მოგვიანებით კი ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ იგი ომის დანაშაულად შეაფასა.

2010 წელს კატინის ხოცვა-ჟლეტის 70 წლისთავის აღნიშვნა ორ ეტაპად იყო დაგეგმილი. 7 აპრილს პოლონეთის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიწვევით ოფიციალურ სამახსოვრო ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა.
10 აპრილს კი კატინში პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის და გაფართოებულ დელეგაციას ელოდნენ. კატინის ტყეში, ტრაგედიის ადგილზე, ჟურნალისტები ღონისძიების გასაშუქებლად ემზადებოდნენ. მალე მოვიდა ინფორმაცია თვითმფრინავის ჩამოვარდნის შესახებ და სწრაფად გახდა ცნობილი, რომ კატასტროფას ვერავინ გადაურჩა.
რა მოხდა სმოლენსკის ცაზე?
შოკისა და გლოვის შემდეგ დაიწყო გამოძიება, სადაც ხშირად განიხილებოდა ურთიერთსაწინააღმდეგო ვერსიები იმის შესახებ, თუ რა მოხდა სინამდვილეში.
ერთ-ერთი ვერსიით, ბრალი თავად კაჩინსკის ეკისრებოდა, რომელმაც თითქოს მფრინავები აიძულა დაშვებულიყვნენ, მიუხედავად ცუდი ამინდისა. იყო ვერსიები ეკიპაჟის არაკომპეტენტურობაზეც, რომლებიც მალევე უარყვეს.
გაჟღერდა იდეა, რომ ეს იყო არა ავარია, არამედ მკვლელობის მცდელობა: ამბობდნენ, რომ პუტინი შურს იძიებდა კაჩინსკისზე 2008 წლის ომში საქართველოს მხარდაჭერისთვის.
პოლონეთი დღემდე ორად რჩება გაყოფილი 2010 წლის 10 აპრილის მოვლენებთან დაკავშირებით. გამოძიება გრძელდება, თუმცა თვითმფრინავის ნარჩენები და შავი ყუთები რუსეთის ტერიტორიაზე რჩება.
აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში ბორტზე აფეთქების თეორიას, რომელიც თავდაპირველად კონსპირაციად მიიჩნიეს, ზოგიერთი პოლიტიკოსი სერიოზულად აღიქვამს. გავრცელებული ინფორმაციით, ამ მოსაზრებას ვოლოდიმირ ზელენსკიც იზიარებს.









ერთი კატასტროფის სამი გამოძიება და „ტერორისტული აქტი“
დამოუკიდებელი გამოძიების ჩასატარებლად რუსულმა და პოლონურმა მხარეებმა აირჩიეს სახელმწიფოთაშორისი საავიაციო კომიტეტი (IAC). IAC-ის დასკვნით, საპრეზიდენტო თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი გახდა ეკიპაჟის უარი სხვა ადგილზე დაჯდომაზე, მიუხედავად იმისა, რომ კაპიტანმა წინასწარ მიიღო ინფორმაცია ცუდი ამინდის შესახებ. გარდა ამისა, IAC-მ შეძლო დაედგინა, რომ პოლონეთის საჰაერო ძალების მეთაური ანჯეი ბლასიკი იმყოფებოდა კაბინაში და, სავარაუდოდ, მოითხოვა ეკიპაჟის დაშვება სმოლენსკში.
პოლონეთში გარემოებების გამოძიება საკუთარ თავზე აიღო საავიაციო შემთხვევების გამოძიების ეროვნულმა კომიტეტმა, შინაგან საქმეთა მინისტრ ირჟი მილერის ხელმძღვანელობით. 2011 წლის ივლისში კომიტეტმა წარადგინა მოხსენება, სადაც ნათქვამია, რომ ავარია გამოწვეული იყო თვითმფრინავის მინიმალურ სიმაღლეზე დაბლა დაშვებით, რის შედეგად იგი ხეს დაეჯახა და დაენარცხა.
2011 წლის აგვისტოში გამოძიება განახლდა. 2014 წლის აპრილში ვარშავის რაიონული პროკურატურის ხელმძღვანელმა ირინეუშ შელონგმა გამორიცხა ბორტზე ასაფეთქებელი ნივთიერებების არსებობა, ხოლო 2015 წლის მარტში პოლონეთის სამხედრო პროკურატურამ დაუსწრებლად წაუყენა ბრალი სმოლენსკის აეროპორტის ორ დისპეტჩერს „ავიაკატასტროფის უნებლიე გამოწვევაში“.
თავის დროზე (2016 წ) მომხდარს პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ანტონი მაჩერევიჩმა „ტერორისტული აქტი“ უწოდა.
მისი თქმით, ეჭვგარეშეა, რომ ის, რაც სმოლენსკში მოხდა, მიზნად ისახავდა პოლონეთისთვის იმ ხელმძღვანელობის წართმევას, „რომელმაც ქვეყანა დამოუკიდებლობასთან მიიყვანა“.



რას და რატომ მალავს რუსეთი
ლეხ კაჩინსკის ბოლო ფრენა დაახლოებით 73 წუთი გაგრძელდა. ტუ-154 ვარშავიდან აფრინდა სმოლენსკის დროით 9:27 საათზე, 27 წუთის დაგვიანებით და ჩამოვარდა დაახლოებით 10:40 საათზე სმოლენსკის დროით (სხვები ოდნავ განსხვავებულ დროებსაც უთითებენ). თვითმფრინავი არანორმალურად დაეშვა, შეეჯახა ხეებს, დაიწყო ტრიალი, გადატრიალდა და მიწას დაენარცხა სმოლენსკ-სევერნის აეროდრომის ასაფრენი ბილიკიდან 350-500 მეტრ მანძილზე.
ბორტზე 96 ადამიანი იმყოფებოდა, ყველა დაიღუპა. ავიაკატასტროფას ეკიპაჟის 7 წევრი და 89 მგზავრი ემსხვერპლა.
გარდაცვლილთა ცხედრების პოლონეთში დაბრუნების შემდეგ, ლეხ და მარია კაჩინსკი დაკრძალეს პოლონეთის მეფეების რეზიდენციაში – კრაკოვში მდებარე ვაველის სამეფო ციხესიმაგრეში (ქვედა ფოტოზე).

ავარიის საბოლოო მიზეზი უცნობია. პოლონური გამოძიების სხვადასხვა ვერსიით, რაც ქვეყანაში პოლიტიკური დავის საგანია, კატასტროფის გამომწვევი მიზეზი შეიძლება ყოფილიყო ცუდი ამინდი და ეკიპაჟის შეცდომა, ასევე რუსული მხარის ქმედებები. წლების განმავლობაში განხილულ დისკუსიებს შორის იყო ვერსიები თვითმფრინავში ჩადგმული ასაფეთქებელი ნივთიერებების, დისპეტჩერის შეცდომების, ფრენის ცუდი ორგანიზების, აეროდრომის მიმდებარე ტერიტორიის ცუდი მდგომარეობის შესახებ და ა.შ. რუსული ვერსიით, კატასტროფის მთავარი მიზეზი ეკიპაჟის შეცდომა იყო. რუსეთს ჯერაც არ დაუბრუნებია თვითმფრინავის ნარჩენები პოლონეთისთვის და მალავს მტკიცებულებებს.
პოლონეთს არ ჰქონდა წვდომა საქმის მასალებსა და მტკიცებულებებზე. ამიტომ გამოძიება „როსავიაციამ“ ჩაატარა.
მოსკოვის ასეთი მიდგომა ალტერნატიული და პოლიტიკური ვერსიების წარმოშობის პროვოცირების უწყობს ხელს.
პოლონეთის საზოგადოება კვლავ გაყოფილია კატასტროფის მიზეზებთან დაკავშირებით. 2023 წლის მონაცემებით, პოლონელების 39% მიიჩნევდა, რომ სმოლენსკის მახლობლად მომხდარი ტრაგედია უბედური შემთხვევა იყო, 38% მიიჩნევდა, რომ ეს იყო რუსეთის მხრიდან ქმედებების შედეგი, ხოლო 23%-ს გაუჭირდა პასუხის გაცემა.

ფოტო: პოლონეთის პრეზიდენტის კანცელარია
warsawinstitute
baaa-acro
rt.com
euractiv