16 მაისიდან საქართველოში დროებით გამოიდარებს – ამის შესახებ „ფორტუნას“ მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ განუცხადა.
დოდო გვაზავას თქმით, მომდევნო დღეების განმავლობაში ჰაერის ტემპერატურაც საგრძნობლად მოიმატებს, 18 მაისის დღის მეორე ნახევრიდან კი ამინდი კვლავ შეიცვლება.
„ხვალ, მთელი ქვეყნის მასშტაბით უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 20-დან 26 გრადუსამდე მოიმატებს როგორც დასავლეთ ისე აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობსა და ბარში.
17-18 მაისს მოსალოდნელია ტემპერატურის კიდევ უფრო მატება – 17 მაისს მაქსიმალური ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში 30-32 გრადუსი დაფიქსირდება, აღმოსავლეთ საქართველოში კი მოსალოდნელია 25-30 გრადუსი სითბო.
18 მაისს, დღის მეორე ნახევრიდან საქართველოს უმეტეს რაიონში ამინდი კვლავ შეიცვლება.
მოსალოდნელია ხანმოკლე ხასიათის წვიმა, ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება, ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით დაიკლებს“, – უთხრა „ფორტუნას“ მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა.