LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

17 ქვეყნის ერთობლივი განცხადება: „გაოგნებულები ვართ, რომ „ქართული ოცნება” კრიტიკოსების გასაჩუმებლად რეპრესიული ტაქტიკის გამოყენებას აგრძელებს, ამიერიდან ეუთოს კონტექსტში ყველა მექანიზმს გამოვიკვლევთ“

146
ერთობლივი განცხადება

საქართველოში არსებული ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ 17 ქვეყანა ერთობლივ განცხადებას აქვეყნებს.

19 დეკემბრით დათარიღებულ მიმართვაში, რომელსაც ხელს აწერს ბელგია, კანადა, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, ლატვია, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, შვედეთი, დიდი ბრიტანეთი, აშშ და ნიდერლანდები და რომელსაც ეუთოს ფარგლებში ავრცელებენ, აღნიშნულია, რომ ხელმომწერი ქვეყნები გმობენ მმართველი გუნდის სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების წინააღმდეგ.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ხელმომწერი ქვეყნების წარმომადგენლები შეძრწუნებული არიან, რადგან „ქართული ოცნება“ აგრძელებს რეპრესიული ტაქტიკის გამოყენებას, მათ შორის დაკავებებისა და ფიზიკური ძალადობის ჩათვლით“.

მიმართვის ავტორები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, დაუბრუნდეს ევროკავშირში ინტეგრაციისკენ მიმავალ გზას, რომელიც ქართველების აბსოლუტურ უმრავლესობას სურს.

„სამ ათწლეულზე მეტია, ჩვენი ქვეყნები საქართველოსთან და ქართველ ხალხთან პარტნიორობის ერთგულები არიან. საქართველოს ყველა მთავრობასთან ვმუშაობდით, რათა მხარი დაგვეჭირა საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის, განგვევითარებინა საქართველოს ეკონომიკა და ქართველი ბავშვებისთვის განათლება გაგვეუმჯობესებინა.

მაშინ, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ჩვენი ერთგულება ურყევი რჩება, მკაცრად ვგმობთ „ქართული ოცნების” სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც მშვიდობიანი მანიფესტაციის უფლებით და გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობენ.

შეძრწუნებულები ვართ, რომ „ქართული ოცნება” აგრძელებს რეპრესიული ტაქტიკას, მათ შორის თვითნებური დაკავებებისა და ფიზიკური ძალადობის გამოყენებას, კრიტიკოსების გასაჩუმებლად.

სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებისა და მშვიდობიანად შეკრების უფლების და თვითნებური დაკავებისგან თავისუფლების პატივისცემის ეუთოს საერთო ვალდებულებების შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს, შეწყვიტოს რეპრესიული, გადაჭარბებული ძალადობრივი ტაქტიკის გამოყენება სამართალდამცავი ორგანოების მიერ.

მოვუწოდებთ საქართველოს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს დემონსტრანტები, მედიის წარმომადგენლები, ოპოზიციური ფიგურები და სხვა დაკავებულები, რომლებიც საკუთარი უფლებებით მშვიდობიანად სარგებლობისთვისა და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის დააკავეს.

ასევე, პასუხი უნდა აგონ პირებმა, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ძალის უკანონოდ გამოყენებაზე.

როგორც ეუთოს წევრი სახელმწიფოები, ამიერიდან ეუთოს კონტექსტში ყველა მექანიზმს გამოვიკვლევთ. საქართველოს მოვუწოდებთ, დაუბრუნდეს ევროკავშირში ინტეგრაციის გზას, რაც ქართველების აბსოლუტურ უმრავლესობის სურვილია.

ჩვენი ქვეყნების სოლიდარობას უცხადებენ ქართველ ხალხსა და მათ დემოკრატიულ და ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს. ვაგრძელებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის ჩვენს ურყევ მხარდაჭერას“, – აღნიშნულია განცხადებაში. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g