LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

17 წლის განმავლობაში, ჩვენმა გმირმა სამხედროებმა თავისი ღირსეული წვლილი შეიტანეს მსოფლიო მშვიდობის დაცვასა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში: ღარიბაშვილი

100
ირაკლი-ღარიბაშვილი-1

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, სენაკში, ავღანეთში სამშვიდობო მისიის დასრულების აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებაზე, ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობისთვის სამხედროებს მადლობა გადაუხადა.

მისი განცხადებით, 17 წლის განმავლობაში, ჩვენმა ქვეყანამ და გმირმა სამხედროებმა თავისი ღირსეული წვლილი შეიტანეს მსოფლიო მშვიდობის დაცვისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში.

მთავრობის მეთაურმა ასევე განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა დაუმარცხებელ, დაჭრილ და დაშავებულ სამხედროებს და აღნიშნა, რომ ისინი დღესაც აგრძელებენ ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვას.

ღარიბაშვილის თქმით, საქართველო ალიანსის არაწევრ სახელმწიფოებს შორის მისიაში მონაწილე სამხედროების რაოდენობის მიხედვით უმსხვილესი კონტრიბუტორი ქვეყანა იყო და საქმით დაამტკიცა მხარდაჭერა NATO-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების მხარდამხარ გლობალური უსაფრთხოების განმტკიცების პროცესში.

„ჩვენ ყველა ერთად აღვნიშნავთ ავღანეთში სამშვიდობო მისიის დასრულებას და კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით ჩვენს გმირ სამხედროებს. 17 წლის განმავლობაში, ჩვენმა ქვეყანამ და გმირმა სამხედროებმა თავისი ღირსეული წვლილი შეიტანეს მსოფლიო მშვიდობის დაცვისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში. ეს იყო ჩვენი მებრძოლების თავდადებული ბრძოლა, მათი ღირსეული ბრძოლა, რომელთაც ჩვენს ქვეყანას განუმტკიცეს ღირსეული პარტნიორის, ხოლო ჩვენს ჯარს მამაცი და პროფესიონალი ჯარის სახელი. ნატო-ს და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით მიმდინარე სამშვიდობო მისიებში ჩვენი ქვეყნისა და ჯარის მონაწილეობა და მსხვილი კონტრიბუცია არის მკაფიო დემონსტრირება, რომ ჩვენი ქვეყანა მზადაა, იყოს უსაფრთხოების მიმწოდებელი და პარტნიორებთან ერთად იბრძოლოს გლობალური მშვიდობის დაცვისთვის. 2004 წლიდან ავღანეთში მიმდინარე სამშვიდობო მისია ამის კიდევ ერთი ნათელი დასტურია. ჩვენ ალიანსის არაწევრ სახელმწიფოებს შორის მისიაში მონაწილე სამხედროების რაოდენობის მიხედვით უმსხვილესი კონტრიბუტორი ქვეყანა ვიყავით და საქმით დავამტკიცეთ ჩვენი მხარდაჭერა NATO-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების მხარდამხარ გლობალური უსაფრთხოების განმტკიცების პროცესში.

მე მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო ჩვენს ოცი ათასზე მეტ სამხედროს, ჩვენს გმირ ჯარისკაცებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ავღანეთის სამშვიდობო მისიაში. თქვენ მსოფლიოში უსაფრთხოების დაცვით იცავდით ჩვენს სამშობლოს. თქვენმა პროფესიონალიზმმა, თავდადებამ და გმირობამ ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო დააახლოვა დასავლეთს. ჩვენ მადლიერები ვართ თითოეული თქვენგანის წვლილითა და ღირსეული სამსახურით.

მინდა ქედი მოვიხარო, ჩვენი დაღუპული 32 გმირი სამხედროს წინაშე. მათი ხსოვნა და თავდადება ერთ-ერთ გამორჩეულ ადგილს დაიკავებს ჩვენი ქვეყნისა და ჯარის ისტორიაში.

ასევე, მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს დაუმარცხებელ, დაჭრილ და დაშავებულ სამხედროებს, რომლებიც დღესაც აგრძელებენ ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვას და ჩვენი სამშობლოს სამსახურს. ისინი საკუთარი ჯანმრთელობის ფასად იცავდნენ მსოფლიოს უსაფრთხოებას, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას.

მინდა გითხრათ, რომ საქართველო მომავალშიც აუცილებლად განაგრძობს ყველა არსებულ ფორმატში გლობალური უსაფრთხოების განმტკიცებას და ამ მიზნით, ჩვენს პარტნიორებთან ერთად თანამშრომლობას და საკუთარი წვლილის შეტანას. ჩვენმა ქვეყანამ კარგად იცის პარტნიორობისა და უსაფრთხოების დაცვის მნიშვნელობა. ამ და სხვა ვადლებულებების წარმატებით შესრულების მიზნით, ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი თავდაცვის ძალების გაძლიერებას, მათი მზადყოფნის დონის ამაღლებას, ჩვენი ჯარის მომზადების ხარისხს და სახელმწიფოს მხრიდან ჩვენი სამხედროების ღირსეულად დაფასებას.

მინდა, კიდევ ერთხელ ყველას მოგილოცოთ მისიის დასრულება, გისურვოთ წარმატებები. კიდევ ერთხელ მადლობა თქვენი ღირსეული სამსახურისთვის. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

magti 5g