პიანისტი და კომპოზიტორი სანდრო ნებიერიძე იანვრის თვის გეგმებზე სოციალურ ქსელში წერს.
სანდრო ნებიერიძე გერმანიაში, შემდეგ კი საფრანგეთში გამართავს კონცერტებს. საქართველოში დაბრუნებას კი თებერვალში გეგმავს.
„ძვირფასო მეგობრებო!
პირველ რიგში, გილოცავთ ახალ წელს და შობას – წარმატებების, ბედნიერების და ურყევი ჯანმრთელობის წელი ყოფილიყოს თქვენთვის!
ასევე, უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ თქვენგანს, ვინც გამიხსენა და დაბადების დღე მომილოცა – მაპატიეთ თუ ყველას ვერ გიპასუხეთ, თუმცა კი თქვენი მხარდაჭერა და სითბო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ძვირფასია.
ახალ წელს ახალი, ღირსშესანიშნავი ამბებით ვიწყებ – იანვრის თვე დატვირთული იქნება და გაიხსნება ჩემი პირველი საფორტეპიანო ტრიოთი, რომელსაც 16 იანვარს ჩემს უსაყვარლეს ორ მეგობართან და გენიალურ მუსიკოსებთან – ლიზი რამიშვილთან და ვერიკო ჭუმბურიძესთან ერთად დრეზდენის კულტურის სასახლის არაჩვეულებრივ დარბაზში შევასრულებ, სადაც თანამედროვე ლიტერატურის ერთ ერთი უდიდესი ფიგურა, ქალბატონი ნინო ხარატიშვილი ასევე თავის უახლეს ნაწარმოებს წარადგენს. 1800 ადგილიდან მხოლოდ 100 ბილეთიღა დარჩა!…
ამ საღამოს შემდეგ, მივეშურები საფრანგეთში, სადაც 19-21 იანვარს, პარიზის მახლობლად, ქალაქ სერჟიში სამ სოლო კონცერტს შევთავაზებ მსმენელს, რომელშიც რახმანინოვის, შოპენის, რაველის და კაპუსტინის მუსიკის გარდა, ჩემს საფორტეპიანო პიესებსაც შევასრულებ.
ამ კონცერტების ბმულებს ვურთავ პოსტზევე, დიდი სიამოვნებით გიმასპინძლებთ ყველას ვინც კი მოახერხებს და დაესწრება!
თებერვლის დასაწყისში კი ძვირფას საქართველოში დავბრუნდები და შევეცდები ყველა მოგინახულოთ! “- წერს სანდრო ნებიერიძე სოციალურ ქსელში.