LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

19-21 ოქტომბერს საქართველოში უდაბნოს მტვრის ნაწილაკების შემცველი ჰაერის მასები გავრცელდა

113

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის განსაზღვრისთვის, ქალაქის ოთხ ლოკაციაზე ჰაერის სინჯები აიღო.

სააგენტოს ინფორმაციით,  ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ თბილისში ოთხივე ლოკაციაზე აღებულ სინჯებში ტყვიის შემცველობა დასაშვებ ნორმას არ აღემატებოდა.

კვლევა ჩატარდა ოთხ ლოკაციაზე: ფანასკერტელის ქუჩაზე 162-ე საჯარო სკოლის, ასათიანის ქუჩაზე 43-ე საჯარო სკოლის, ფალიაშვილის ქუჩაზე 54-ე საჯარო სკოლის და პეტრიაშვილის ქუჩაზე მე-6 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიებზე.

ამასთან, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო ავტომატური სადგურების საშუალებით ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს აგრძელებს. თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში რვა დამაბინძურებელი ნივთიერების კონცენტრაციები გაიზომა. გაზომვების შედეგად ატმოსფერულ ჰაერში განსაზღვრული ნივთიერებების შემცველობები ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა, გარდა აზოტის დიოქსიდის (NO2) და მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციებისა.

კერძოდ, 16 ოქტომბერს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა თბილისში ყაზბეგის გამზირზე უმნიშვნელოდ, ხოლო ბათუმში აბუსერიძის ქუჩაზე აღინიშნა კონცენტრაციის გადაჭარბება 1.2-ჯერ.

17 ოქტომბერს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება ყაზბეგის გამზირზე   დაფიქსირდა 1.2-ჯერ,  ხოლო ვაშლიჯვარში უმნიშვნელოდ. ამავე დღეს ნორმაზე 1.1-ჯერ გადაჭარბება დაფიქსირდა ბათუმში აბუსერიძის ქუჩაზე.

18 ოქტომბერს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა თბილისში ყაზბეგის გამზირზე 1.1-ჯერ  და ბათუმში აბუსერიძის ქუჩაზე 1.2-ჯერ.

19 ოქტომბერს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება  დაფიქსირდა თბილისში ყაზბეგის გამზირზე და ვარკეთილში 1.1-ჯერ, ხოლო წერეთლის გამზირზე 1.2-ჯერ.

20 და 21 ოქტომბერს თბილისის ოთხივე სადგურზე დაფიქსირდა მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება. კერძოდ,  20 ოქტომბერს წერეთლის გამზირსა და ვარკეთილში 1.2-ჯერ, ყაზბეგის გამზირზე 1.5-ჯერ, ხოლო ვაშლიჯვარში 1.1-ჯერ. 21 ოქტომბერს კი თბილისის ოთხივე სადგურზე მყარი ნაწილაკების კონცენტრაციები 1.2-ჯერ, ხოლო ქუთაისში 1.1-ჯერ აღემატებოდა ზღვრულად დასაშვებ მნიშვნელობას.

19, 20 და 21 ოქტომბერს PM10-ის კონცენტრაციების მატება გამოწვეული იყო საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებული უდაბნოს მტვრის ნაწილაკების შემცველი ჰაერის მასების გავრცელებით.

22 ოქტომბერს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა თბილისში მხოლოდ წერეთლის გამზირზე 1.1-ჯერ.

მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების საშუალო წლიურ ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა თბილისში წერეთლის გამზირზე 1.3-ჯერ და ყაზბეგის გამზირზე 1.1-ჯერ, ხოლო ქ.ბათუმსა და ქ.ქუთაისში 1.1-ჯერ. ამ დღეების განმავლობაში ასევე ფიქსირდებოდა აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციების საშუალოწლიურ ნორმაზე გადაჭარბება ქალაქ თბილისში წერეთლის გამზირზე 1.4-ჯერ და ბათუმში აბუსერიძის ქუჩაზე 1.5-ჯერ, რაც არასრული წვის შედეგად არის გამოწვეული.

გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერულ ჰაერში დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციების შესახებ მონაცემებს ყოველდღიურად აქვეყნებს სააგენტოს ვებგვერდზე www.nea.gov.ge, ასევე ყოველკვირეულად შესაძლებელია საზოგადოება გაეცნოს ინფორმაციას გასული კვირის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ.

magti 5g