ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო კლუბის წევრთა ნამუშევრების გამოფენა, გაიმართა კონცერტი და კლუბის წევრებს გადაეცათ საპატიო წევრობის სიგელები.

ღონისძიებას ესწრებოდნენ დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების დირექტორი ნინა ანჯაფარიძე, 60+ კლუბის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე მარიკა დარჩია, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

კლუბი 2022 წლის ოქტომბერში დაარსდა. თბილისის მუნიციპალური სერვისი „60+ – კლუბი ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისთვის“ მიზნად ისახავს უფროსი თაობის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის მხარდაჭერასა და სოციალური ჩართულობის გაძლიერებას. ის განკუთვნილია 60 წლისა და მეტი ასაკის მოქალაქეებისთვის და წარმოადგენს წევრობაზე და მოხალისეობრივ ჩართულობაზე დაფუძნებულ სოციალურ სივრცეს.

კლუბის წევრებისთვის ყოველდღიურად ტარდება ფიზიკური ვარჯიშები, ხატვის, სიმღერისა და ცეკვის გაკვეთილები, მასტერკლასები და სხვა შემოქმედებითი აქტივობები. აქტიური სოციალიზაცია მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მონაწილეთა ფსიქიკურ კეთილდღეობასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.

2026 წლიდან, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მხარდაჭერით, კლუბი დაიწყებს თაობათაშორის საგანმანათლებლო პროექტს, რომლის ფარგლებში სკოლის მოსწავლეები მოხალისეობრივად კლუბის წევრებს ინგლისურ ენას შეასწავლიან. პროექტი ხელს შეუწყობს თაობათაშორის თანამშრომლობას.

„60+ – კლუბი ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისთვის“ ხორციელდება თბილისის მერიისა და თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების მიერ, UNFPA-ს პარტნიორობით. ამჟამად კლუბი ფუნქციონირებს ორ ლოკაციაზე: მირზა გელოვანის სახელობის №2 ბიბლიოთეკაში და თემქის მედიათეკაში. უახლოეს მომავალში დაგეგმილია მესამე კლუბის გახსნა.

