18 მაისს რადიო „არ დაიდარდოს“ დილის სტუმარი მუსიკოსი და კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი გახლდათ, რომელმაც თავის შემოქმედებაზე, სამომავლო გეგმებზე და ახალ პროექტზე ისაუბრა.
მაესტრო, როგორ ხართ?
ამ კითხვაზე ერთი პასუხი მაქვს, ფრაზა ჩემი სიმღერიდან „რაცა ვარ, ესა ვარ“. მაინცდამაინც კარგად ვერ ვარ, კოვიდმა დამიტოვა სახსრების პრობლემა და ჯოხით დავდივარ. ვმკურნალობ და იქნებ, მეშველოს რამე.
ვიცი, რომ არაერთი სიმღერის, მიუზიკლის, ნაწარმოების ავტორი ბრძანდებით. ძირითადად საიდან მოდის მუზა თქვენს ცხოვრებაში?
პროფესიონალმა კომპოზიტორმა მუზას არ უნდა უყუროს, ის უნდა დაჯდეს და დაწეროს ნებისმიერ ჟანრში. ალბათ, იცით, რომ გაკეთებული მაქვს ბალეტი „ხევისბერი“, ორ მოქმედებად. ჩემი 7 ოპერიდან ბოლო იყო „მეჩექმე გაბო“, რომელიც გიგა ლორთქიფანიძემ დადგა და ამ დადგმაში ბრწყინვალე იყო ბადრი ბეგალიშვილი.
ბიძინა კვერნაძემ „ამინდის პროგნოზის კომპოზიტორი“ შეგარქვათ. მაინტერესებს, რატომ, რა იყო მიზეზი?
-იმიტომ, რომ ჩემს სიმღერებში ისმის „მზე ჩემი მეგობარია“, „ისევ წვიმს“ „თოვლი, თოვლი…“ „ქარო…“. ვამბობდი, ერთი სეტყვაზე დამრჩა დასაწერი – მეთქი.
რაიმე ახალი ნამუშევარი თუ გაქვთ, რომლითაც დაატკბობთ მსმენელს?
რადგან ახლა სახლში ვზივარ, ბევრი რამე უნდა გამოვცე. 20 სიმღერა აღმოვაჩინე, რომელიც არ შესრულებულა, გადავხედე მათ და განვაახლე. ძალიან მეხმარება დათო ევგენიძე და იმედია, ჩავწერთ ამ სიმღერებს. ვმუშაობ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად და უნდა გამოვცეთ მესამე სიმფონია. როგორც გითხარით, 20-მდე შეუსრულებელი სიმღერაა და მეექვსე ტომის გამოცემას ვაპირებ.
გადაცემის ჩანაწერი: