პარტია “ქართული ოცნების” საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აცხადებს, რომ 20 ივნისს არანაირი კონტრაქციას მთავრობა არ გეგმავს. ირაკლი კობახიძის განმარტებით, ხელისუფლება არ აპირებს “200 ნაციონალს” დაუპირისპიროს საპირისპირო შინაარსის აქცია, ხოლო თუ ვინმე შეიკრიბება, ეს იქნება პროვოკაცია. მისი თქმით, მსგავს ცრუ ინფორმაციას ოპონენტები და მათ დაქვემდებარებაში არსებული ტელეკომპანიები ავრცელებენ. ამის შესახებ კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ეს არის აბსურდი. ჩვენ მიჩვეული ვართ, რომ განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, ოპოზიცია და მისი ტელევიზიები ავრცელებენ რაღაც ფეიკნიუსს და მერე თავად აკრიტიკებენ თავისივე შექმნილ ფეიკნიუსს. ეს არის აბსურდი. ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ორას „ნაციონალს“ დავუპირისპიროთ რაიმე კონტრაქცია. მათ აქვთ უფლება შეიკრიბონ, შეიკრიბებიან და ამით დასრულდება ეს ყველაფერი. ჩიხში არიან შესული და ჩაკარგული საკუთარ ტყუილებში. არც ვიცი, რა შედეგი უნდა მოყვეს ამ ყველაფერს. უბრალოდ, გამჯდარი აქვთ სულში ტყუილი და კიდევ ერთხელ მოიტყუეს. რატომ უნდა შეიკრიბოს ვინმე ამ აქციის წინააღმდეგ? ეს არის აბსურდი. თუ ვინმე შეიკრიბება, ეს იქნება პროვოკაცია და ბუნებრივია, ეს პროვოკაცია საიდან შეიძლება მოდიოდეს, ამაზე პასუხი არის ნათელი, თუმცა მე არ მგონია, რომ ასეთი რამ მოხდეს“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.