LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

20 წლის წინ ნატო აღმოსავლეთით გაფართოვდა: როგორ მომწიფდა რუსეთის ომი უკრაინაში

117
owl_wide_1440_86996d4a362728651cb09dace203ce01

ზუსტად 20 წლის წინ, 2004 წლის მარტის ბოლოს ნატოს მორიგი გაფართოება მოხდა: ორგანიზაციას ყოფილი სოციალისტური ბანაკის შვიდი ქვეყანა შეუერთდა. ეს ნაბიჯი რუსეთში სერიოზული განხილვის თემა გახდა. მაშინ საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გადაწყვეტილებას მცდარი ნაბიჯი უწოდა. ამას ევროკავშირის წევრი ქვეყნების არანაკლებ მასშტაბური გაფართოება მოჰყვა, შემდეგ კი უკრაინაში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო და ხელისუფლებაში ევროატლანტიკური კურსის მომხრე ვიკტორ იუშჩენკო მოვიდა (საქართველოში „ვარდების რევოლუცია“ უკვე მომხდარია).

სსრკ-სა დაშლისა და „ცივ ომში“ აშშ-ის გამარჯვების შემდეგ, რატომ გადაწყვიტა ნატომ აღმოსავლეთით გაფართოება და როგორ შეიცვალა რუსეთის საგარეო პოლიტიკა?

დავიწყოთ იმით, რომ 2004 წლის გაფართოება უნიკალურია, რადგან ის ყველაზე დიდია ისტორიაში. გარდა ამისა, ნატოში გაწევრიანდენ ყოფილი სსრკ-ს ქვეყნები – ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი.

ჯერ კიდევ 1990-იან წლებში, მათ შორის აშშ-შიც, იყო მოსაზრება, რომ ამ ქვეყნების ნატოში გაწევრიანება არასასურველი და სახიფათო იყო, რადგან რუსეთთან ესკალაციის რისკები გაიზრდებოდა. საინტერესოა, რომ ამ აზრზე იყო ჯო ბაიდენი, რომელიც იმხანად აშშ-ის სენატის კომიტეტს ხელმძღვანელობდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ეს გაფართოება მზადდებოდა რუსეთ-ამერიკის და რუსეთ-ნატოს ურთიერთობების დროებითი გაუმჯობესების პირობებში.

ნატოს შვიდი ახალი წევრი ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეები გაფართოების ცერემონიაზე, ბრიუსელი, 2004 წლის 2 აპრილი

გაფართოების გადაწყვეტილება 2002 წელს მიიღეს, 2001 წლის 11 სექტემბრის მოვლენებიდან მალევე. ამ პერიოდში პიკს მიაღწია რუსეთის გაუმჯობესებულმა ურთიერთობებმა აშშ-სთან და ნატოსთან და დამყარდა საკმაოდ მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები, მათ შორის პირადად ვლადიმირ პუტინსა და ჯორჯ ბუშ-უმცროსს შორის.

დღეს ალბათ ღიმილის მომგვრელად ჟღერს, მაგრამ მაშინ ისიც კი ითქვა, რომ რუსეთი შესაძლოა უფრო შორსაც წასულიყო – ნატოს არაოფიციალურ წევრობამდე. ეს საკითხი თავად პუტინმაც კი წამოჭრა.

ყველაფერმა ამან ნეგატიური როლი ითამაშა. როგორ?

რუსეთის დამოკიდებულებამ ნატოს შეშფოთება შეამცირა და მარტივად მიიღეს ბალტიის ქვეყნები. იფიქრეს: რატომ უნდა გვეშინოდეს რუსეთის ნეგატიური რეაქციის თუ თავად მიისწრაფვის ნატოსკენ ან ცდილობს კარგი ურთიერთობის დამყარებას.

ნატოს 2004 წლის გაფართოების გადაწყვეტილება იმასაც უკავშირდებოდა, რომ 1999 წლის გაფართოების პირველ ტალღას რუსეთის მხრიდან რაიმე ნეგატიური რეაქცია არ მოჰყოლია, იყო მხოლოდ უარყოფითი შეფასებები.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ აშშ-ს ხელისუფლებაში იყო ჯორჯ ბუშ-უმცროსის ნეოკონსერვატიული ადმინისტრაცია, რომელსაც კურსი აღებული ჰქონდა დასავლური ჰეგემონიის განმტკიცებაზე მთელ მსოფლიოში.
ამის დასტურად მოჰყავთ 2003 წელს აშშ-ს შეჭრა ერაყში.

არის კიდევ ერთი ფაქტორი: იმ პერიოდში ნატო თავისი ძლიერების ზენიტში იმყოფებოდა, ხოლო რუსეთი 2000-იანებში აღიქმებოდა ჯერ კიდევ სუსტ ქვეყნად, რომელიც „ცივ ომში“ დამარცხდა. ზოგიერთი მიიჩნევდა, რომ რუსეთს მოუწევდა დასავლეთის გავლენებთან შეგუება.

2000-იანი წლების დასაწყისში ნატოს მიზანი იყო ამერიკული ჰეგემონიის სისტემის გავრცელება, რაც შეიძლება ბევრ ევროპულ ქვეყანაში და ამიტომ ნატოში ბევრი ევროპული ქვეყანა უნდა შესულიყო.
გავიხსენოთ, რომ მაგალითად სლოვაკეთი ნატოს არა 1999 წელს, არამედ 5 წლის შემდეგ შეურთდა.

ნატოს გაფართოების პირველი რაუნდი ძალიან შეზღუდული და ფრთხილი იყო, ერთგვარად საცდელი. ბილ კლინტონის დროს აშშ-ში შეგნებულად არ სურდათ მასშტაბურ გაფართოებაზე წასვლა (1999 წ), რადგან რუსეთის რეაქციას უფრთხოდნენ.
რუსეთ-ამერიკის ურთიერთობები 1990-იანი წლების მეორე ნახევარში დეგრადაციას განიცდიდა და მათ შორის ნატოს გაფართოების პრობლემების გამო (პლუს იუგოსლავიის წინააღმდეგ აგრესიის გამო).

ამიტომ კლინტონის ადმინისტრაციამ ანტაგონიზმის შესამცირებლად რეგიონის ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყნები შეარჩია ნატოში გასაწევრიანებლად – პოლონეთი, უნგრეთი და ჩეხეთი.

ნატოს მომავალი წევრი შვიდი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები მიესალმებიან აშშ-ს პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს თეთრ სახლში, ვაშინგტონი, 2003 წლის 8 მაისი

რაც შეეხება 2004 წლის გაფართოებას და მთავარ ფაქტორებს: მიერთებული ქვეყნების ძირითადი მოსაზრება და მოტივი იყო – რუსეთის გავლენის ორბიტაზე დაბრუნების გამორიცხვა და ერთხელ და სამუდამოდ რუსეთისგან განცალკევება.
ამას ემატებოდა ინსტიტუციონალური მიერთება დასავლურ სამყაროსთან, რომ ისინი ამიერიდან დასავლეთის წევრები არიან.

რუსეთი პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და აშშ-ს პრეზიდენტი ჯორჯ ბუში-უმცროსი თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში 2001 წლის 13 ნოემბერს.

ნატოში რუმინეთისა და ბულგარეთის შესვლამ საგრძნობლად განამტკიცა ნატოს გავლენები და ყოფნა შავი ზღვის რეგიონში. მანამდე ნატოს შავი ზღვის ერთადერთი ქვეყანა თურქეთი იყო.
ამ ორი ქვეყნის მიღებით კი შავი ზღვის სანაპიროს დაახლოებით ნახევარი ნატოსი ხდებოდა.
გარდა ზღვისა, ნატოს პოზიციები მთლიანობაში სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში განმტკიცდა. ამან კი სერიოზული რისკები შექმნა რუსეთისთვის.

შესაძლოა ამანაც იმოქმედა რუსეთის გადაწყვეტილებაზე, რომ საკუთარი პოზიციები განემტკიცებინა სევასტოპოლსა და ყირიმში და ამით შეენარჩუნებინა შავი ზღვის რეგიონში სამხედრო ყოფნა.

სხვათა შორის, სწორედ რუმინულ ქალაქ კონსტანცაში შექმნა ნატომ ევროპაში ყველაზე მსხვილი სამხედრო ბაზა, უფრო მასშტაბურიც კი, ვიდრე ამერიკული ავიაბაზაა გერმანულ რამშტაინში.

დავუბრუნდეთ ბალტიის ქვეყნებს. ნატოში გაწევრიანების შემდეგ ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი უფრო თავდაჯერებული გახდნენ და რუსეთის მიმართ კონფროტაციასაც არ ერიდებოდნენ.

მოკლედ, საფიქრალი იყო როგორ უნდა დაეცვათ ეს ქვეყნები. სამხედრო-ტექნიკური და გეოპოლიტიკური თვალსაზრისით ეს მარტივი არ არის. დასავლეთში ამაზე ფიქრი მაშინ გააქტიურდა, როდესაც რუსეთსა და ნატოს შორის ურთიერთობა დაიძაბა და ჰიბრიდული ომის მდგომარეობაში გადაიზარდა.

ბალტიელთა ნატოში გაწევრებამ შექმნა პრეცედენტი საბჭოთა კავშირის ყოფილი ქვეყნებისთვის და მალე საკითხი დააყენეს უკრაინამ და საქართველომ. ეს საკითხი დღის წესრიგში 2006-07 წლებში წამოიჭრა, როდესაც ჯორჯ ბუში-უმცროსის ადმინისტრაცია ყველანაირად ხელს უწყობდა ამ პოლიტიკას.

აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში-უმცროსი თბილისში, თავისუფლების მოედანზე სიტყვით გამოვიდა – 2005 წლის 10 მაისი

საბოლოოდ ამან მოიტანა საქართველოსთან ომი 2008 წელს, შემდეგ სრულმასშტაბიანი კრიზისი უკრაინაში 2014 წელს, რომელიც გადაიზარდა სრულმასშტაბიან ჰიბრიდულ ომში რუსეთსა და დასავლეთს შორის და შემდეგ სრულმასშტაბიანი სამხედრო კონფლიქტში უკრაინაში – ყველაზე მასშტაბურ სამხედრო კონფლიქტში მეორე მსოფლიოს ომის შემდეგ.

რუსეთში, იქაური ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ეს გამოიწვია სწორედ ლატვია, ლიეტუვასა და ესტონეთის ნატოში გაწევრებამ, როდესაც რუსეთმა საკმარისად მკაცრად და ხისტად არ მოახდინა რეაქცია და უკრაინაში ომს საფუძველი გარკვეულწილად მაშინ ჩაეყარა.

ფოტო: Efrem Lukatsky / AP
Thierry Roge / Reuters
Kevin Lamarque / Reuters
Mark Wilson (almendron)
Pavel Wolberg / EPA (nbcnews)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები