პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ქართული ღვინის დეგუსტაცია „Georgian Wine Grand Tasting“ გაიმართა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დეგუსტაციაზე, რომელიც ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის„Peopl.Pr“ ორგანიზებით და პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა, 20-ზე მეტი ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიის 100-მდე ღვინო იყო წარმოდგენილი.
„ღონისძიებას 200-ზე მეტი სტუმარი დაესწრო, მათ შორის იყვნენ ჟურნალისტები, ბლოგერები და კომერციული სექტორის წარმომადგენლები.
ქართული ღვინის მასშტაბური წარდგენა პოლონეთის რესპუბლიკაში მიმდინარე წლის ივლისის თვეშიც გაიმართება. მსგავსი ტიპის ღონისძიებები ხელს უწყობს ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებას და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციას.
პოლონეთი ქართული ღვინის პრიორიტეტული საექსპორტო ბაზარია, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტო ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, 2013 წლიდან, სხვადასხვა სახის სარეკლამო-მარკეტინგულ კამპანიას აქტიურად ახორციელებს.
2024 წლის იანვარ-მაისის პერიოდში, პოლონეთის რესპუბლიკაში ექსპორტირებულია 2,6 მლნ ლიტრი ქართული ღვინო, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 23%-ით მეტია“, – აღნიშნულია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.