ეროვნული მუზეუმის დირექტორის, დავით ლორთქიფანიძის განცხადებით, მუზეუმიდან 2005 წლის შემდეგ ექსპონატი არ დაკარგულა. აღნიშნულის შესახებ მან გუშინ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
როგორც ლორთქიფანიძემ ამის დასტურად აღნიშნა, აუდიტის სამსახურმა, რომელმაც ეროვნულ მუზეუმში შემოწმება ჩაატარა, არავითარი სერიოზული დარღვევა არ გამოუვლენია, ხოლო რაც შეეხება მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებას იმის თაობაზე, რომ 2005 წლიდან, ეროვნული მუზეუმიდან გარკვეული ექსპონატები დაიკარგა, ლორთქიფანიძემ ჟურნალისტებს გადაჭრით უთხრა, რომ მას შემდეგ, რაც ეროვნული მუზეუმი მისი ხელმძღვანელობით მუშაობას შეუდგა, არცერთი ექსპონატი არ დაკარგულა.
საუბარია 2012 წლამდე საქართველოს საელჩოებისთვის გაგზავნილ 117 ექსპონატზე, რომელთა შორის, ძირითადად, „ძვირად ღირებული ფერწერული ტილოებია“ და რომელთგანაც წულუკიანის ინფორმაციით, სავარაუდოდ, 53 დაკარგულად მიიჩნევა.
ამასთან, დავით ლორთქიფანიძის განცხადებით, საქართველოს საელჩოებს ქართველი მხატვრების ტილოები განსაკუთრებით აქტიურად გადაეცემოდათ 90-იან წლებში. გენერალური დირექტორის თქმით, არაერთ ტილოს თან არ ახლდა სათანადო დოკუმენტაცია.
„ჩვენ ეს აღმოვაჩინეთ მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც გალერეა შემოვიდა მუზეუმის შემადგენლობაში, სადღაც 2007-08 წლებში“, — აღნიშნა ლორთქიფანიძემ და იქვე დასძინა, რომ მას შემდეგ, რაც აღმოჩნდა, რომ გარკვეული ნამუშევრები დაკარგული იყო, საელჩოებს შესაბამისი წერილები გაუგზავნეს.
ლორთქიფანიძემ ისიც განაცხადა, რომ პირიქით, ეროვნული მუზეუმის ძალისხმევით საელჩოებიდან ნახატების „80%-ზე მეტი“ დაბრუნდა.
დავით ლორთქიფანიძეს ჟურნალისტებმა ასევე სთხოვეს, შეეფასებინა თეა წულუკიანის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები მუზეუმთან დაკავშირებით, თუმცა, მან პირდაპირი შეფასებებისგან თავი შეიკავა და თქვა, რომ იგი დარწმუნებულია „ხელმძღვანელობის კეთილ მიზნებში“.
ლორთქიფანიძეს ასევე ჰკითხეს, გამორიცხავს თუ არა, რომ პროცესი მისი თანამდებობიდან გათავისუფლებისკენ მიდის. მუზეუმის დირექტორის თქმით, ის თავის საქმეს ასრულებს და ამას გააკეთებს ბოლომდე.
ცნობისთვის, კულტურის მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ, მუზეუმში რეორგანიზაცია გამოცხადდა და არაერთი თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს.
წულუკიანმა ეს გადაწყვეტილებები გაშვებული თანამშრომლების არაპროფესიონალიზმით ახსნა, თუმცა საპირისპიროს ამტკიცებენ გათავისუფლებული მუშაკები და განსხვავებული შეხედულებების გამო, მათ დევნაზე მიუთითებენ.
გარდა ამისა, თეა წულუკიანის განცხადებით, აუდიტის დასკვნაში, რომელიც მუზეუმში ჩატარდა, საუბარია ხარვეზებზე ფონდების აღრიცხვა-შეჯერების პროცესში, რიგ შემთხვევებში ექსპონატების არასათანადოდ შენახვაზე, პრობლემებზე სამუზეუმო ფასეულობების დაცვის კონტროლის მექანიზმებთან დაკავშირებით და სხვა დეტალებზე.