ევროპელები უყურებენ უკანასკნელ მოვლენებს და ხედავენ, რომ ევროპის უსაფრთხოების გარემო მკაცრი გამოცდის წინაშე დადგა. 2008 წელს საქართველო ნაწილებად დაიგლიჯა. 2014 წელს კი, უკრაინის ჯერი დადგა, – განაცხადა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა ფლორენს პარლიმ, ვაშინგტონში, “ატლანტიკურ საბჭოში” ევროპის თავდაცვაზე საუბრისას. ამის შესახებ “ამერიკის ხმა” წერს.მისი თქმით, საქართველოს ან უკრაინის მსგავსი შემთხვევების გამეორება იქნება არამხოლოდ კატასტროფული, არამედ იქნება გზავნილი დანარჩენი მსოფლიოსთვის, რომ აშშ-ის ძალაუფლება შესუსტდა.
გამოსვლისას, პარლიმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოთხოვნასაც უპასუხა, რომ ნატო-ს ევროპელმა მოკავშირეებმა თავდაცვაზე საკუთარი ბიუჯეტის 2 პროცენტი უნდა დახარჯონ.
მისი თქმით, საფრანგეთი ყველაფერს გააკეთებს, ევროპელებთან ერთად, რომ „აიღოს უფრო მეტი პასუხისმგებლობა“. პარლის თქმით, ევროპის მიერ საკუთარი შესაძლებლობების გაძლიერება ვაშინგტონს ტვირთს შეუმსუბუქებს.
„ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ დახმარებისთვის და არ დაველოდოთ, რომ საზღაურს ყოველთვის შეერთებული შტატები გადაიხდის. ევროპული დედაქალაქების შეშფოთება პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან ვაშინგტონის ნატო-ს წევრად დარჩენის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებამ გამოიწვია“,- აღნიშნა მინისტრმა საკუთარ გამოსვლაში, რომელსაც „ამერიკის ხმის“ ქართული ბიურო ავრცელებს.
პარლიმ მოსკოვის მიერ დეზინფორმაციის გავრცელების მცდელობებზეც ისაუბრა. „დეზინფორმაცია, როგორც მითხრეს (რუსულად არ ვსაუბრობ) რუსული სიტყვაა – ვინ იცის რატომ. თუმცა ეს არ არის ჩავლილი ფაქტი, ეს არის მომავლის კონფლიქტის მუდმივი თანამგზავრი და ჩვენ მას ერთად უნდა გავუმკლავდეთ… ზოგჯერ სასწორზე ჩვენი დემოკრატიაა და ჩვენ ის უნდა დავიცვათ“, – აღნიშნა მან.
პარლიმ შეერთებული შტატების და საფრანგეთის თანამშრომლობაზე, მის გაღრმავებაზე და უსაფრთხოების გამოწვევებზეც ისაუბრა და გამოსვლა პოზიტიურ ნოტაზე დაასრულა. მან აღნიშნა, რომ საფრანგეთი დარჩება ამერიკის მოკავშირედ არა მხოლოდ დღევანდელი არამედ მომავალის გამოწვევების წინაშეც.
„მე მაქვს უფრო მნიშვნელოვანი მესიჯი, უბრალო მესიჯი: თქვენ შეგიძლიათ ჩვენი იმედი გქონდეთ, ჩვენ თქვენთან ერთად ვიქნებით, არა მხოლოდ დღევანდელ ომებში, არამედ ხვალინდელ ომებშიც“, – განაცხადა მან.