2011 წელს, როდესაც პირველად შევხვდი ბატონ ბიძინა ივანიშვილს…მახსოვს ბატონი ბიძინას შეკითხვა, სად მოვიაზრებდი პოლიტიკაში საკუთარ თავს და როგორ ვხედავდი ჩემს მომავალს, – ამის შესახებ თბილისის მერმა და “ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ მმართველი პარტიის მიერ თბილისის მერობის კანდიდატის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა.
კალაძემ თანაგუნდელებს და პარტიის დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.
„ზედიზედ მესამედ წარვსდგე თბილისის მერობის კანდიდატად – ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა. ჩემთვის ეს არის კიდევ ერთი დიდი შესაძლებლობა, ვემსახურო ჩვენს ულამაზეს თბილისს და თბილისელებს. გამოცხადებული ნდობისთვის, მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს პოლიტიკურ გუნდს.
განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომლის მხარდამხარ 2011 წლიდან ბრძოლა და ეროვნული ინტერესების დაცვა ჩემთვის უდიდესი პატივია. მადლობას ვუხდი ჩვენს მხარდამჭერებს – თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც, მიუხედავად უამრავი სირთულისა, ჩვენ, მათ შორის, პირადად ჩემ გვერდით იდგა და დგას მთელი ამ წლების განმავლობაში.
მინდა, გავიხსენო 2011 წელი, როდესაც პირველად შევხვდი ბარტონ ბიძინა ივანიშვილს. ჩვენი საუბარი ეხებოდა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს – მძიმე პოლიტიკურ ფონს. მახსოვს ბატონი ბიძინას შეკითხვა – სად მოვიაზრებდი პოლიტიკაში საკუთარ თავს და როგორ ვხედავდი ჩემს მომავალს. მაშინ ჯერ კიდევ ფეხბურთით ვიყავი დაკავებული, არ მქონდა არანაირი პოლიტიკური გამოცდილება.
ჩემი პასუხი ძალიან მარტივი იყო – მზად ვარ, ვემსახურო ჩემს ქვეყანას, ხალხს, ვიყო იქ, სადაც გუნდს სჭირდება. დღეს 14 წლის შემდეგ, ცხადია დავაგროვე უდიდესი პოლიტიკური გამოცდილება, გავიმეორებ იმავეს, მზად ვარ ვემსახურო ჩემს ქვეყანას და ვიყო იქ, სადაც სჭირდება ჩვენს პოლიტიკურ გუნდს“, – განაცხადა კახა კალაძემ.