LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„2015 წლიდან 2022 წლის ჩათვლით საქართველო დატოვა და უცხოეთში დარჩა საცხოვრებლად 112 ათასი ჩვენი მოქალაქე“ – გოცირიძე და დეკანოიძე ქვეყანაში საგანგაშო მიგრაციულ პროცესებზე საუბრობენ

152
fot (1)

„დღეს არის კატასტროფული მდგომარეობა. 2015 წლიდან 2022 წლის ჩათვლით საქართველო დატოვა და უცხოეთში დარჩა საცხოვრებლად 112 ათასი ჩვენი მოქალაქე, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ დავკარგეთ ამ პერიოდში ერთი ბათუმი. ბათუმის მოსახლეობა არის 179 ათასი“, – ამის შესახებ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე რომან გოცირიძემ განაცხადა.

პოლიტიკური ჯგუფი „ევროოპტიმისტები“ ქვეყანაში საგანგაშო მიგრაციულ პროცესებზე საუბრობს და პარლამენტის ხელმძღვანელობას მოუწოდებს, ნუ ბლოკავს ოპოზიციის მიერ ინიციირებულ ისეთ მნიშვნელოვან პროექტებს, რომელიც მსგავს საკითხებს ეხება.

მათი განცხადებით, შრომისუნარიანი მოსახლეობა ქვეყანას ტოვებს და მათ ადგილს უცხო ქვეყნის მოქალაქეები იკავებენ.

ხატია დეკანოიძის თქმით, 2022 წელს საზღვარგარეთ დარჩა 46 397-ით მეტი საქართველოს მოქალაქე ვიდრე დაბრუნდა. მისი შეფასებით, ეს ყველაზე მაღალი მიგრაციის უარყოფითი სალდოა ბოლო 22 წლის განმავლობაში.

როგორც დეკანოიძე და გოცირიძე აღნიშნავენ, ამ კატასტროფული მდგომარეობის გამოსწორების ერთადერთი გზა არის სწორი ეკონომიკური პოლიტიკის გატარება და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნა.

„წარმოიდგინეთ რომ არ არის ბათუმი, ეს გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე ქუთაისი, სიდიდით მესამე ქალაქი ქუთაისი, რომლის მოსახლეობა არის 140 ათასი, ქუთაისზე 30 ათასით მეტი საქართველოს მოქალაქე შეიძლება ითქვას, რომ გაქრა ამ ქვეყნიდან და როდის დაბრუნდება ან საერთოდ დაბრუნება თუ არა, არავინ იცის.

დემოგრაფიული პროგრამა უნდა შემუშავდეს. გარდა ამისა მე და ხატიამ საკანონმდებლო ინიციატივა შევიტანეთ მიგრაციასთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება არასდროს იქნეს განხილული, რადგან ისეთი თემებზე, რომელიც ძალიან მტკივნეულია, უნდათ, რომ საერთოდ მსჯელობაც არ იყოს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ჩვენი შეტანილი კანონპროექტი, რომელიც მიგრაციას და სხვა საკითხებს ეხებოდა გადაავადა.

უცნაური ისაა, რომ მოქალაქეებისგან იცლება ქვეყანა, მაგრამ ბოლო 8 წელია დემოგრაფიული სალდო დადებითია, აქ მხოლოდ რუსეთის მოქალაქეებში არ არის საქმე, ომამდეც შეინიშნებოდა ეს ტენდენცია და ეს ნიშნავს, რომ ბოლო 8 წლის განმავლობაში საქართველოში საცხოვრებლად დარჩა 181 ათასი სხვა ქვეყნის მოქალაქე. ეს იმას ნიშნავს რომ სამუშაო ძალა მიედინება უცხოეთში და ამას დემოგრაფიულად ჰქვია ერის დაბერება, ეს არის არამარტო სოციალური, არამედ სერიოზული პოლიტიკური პრობლემა უსაფრთხოების კუთხით.

ამიტომ მოვუწოდებ პარლამენტის ხელმძღვანელობას, შეწყვიტონ მავნებლობა, ნუ ბლოკავენ კანონპროექტებს, რომლებიც ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს ეხება როგორიც მიგრაციაა, თუნდაც რუსეთის მოქალაქეების საკითხი და ა.შ.“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g