LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2018-2022 წლებში საქართველოს მოქალაქეობა 13 575 პირს მიენიჭა, საიდანაც 72% რუსეთის მოქალაქეა

79
საქართველოს პასპორტი

2018-2022 წლებში საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, საქართველოს მოქალაქეობა 13 575 პირს მიენიჭა, საიდანაც 5 111 პირს საქართველოს მოქალაქეობა აღუდგა, ხოლო 8 382 პირს საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით მიენიჭა. ჩვეულებრივი წესით – 38 პირს, გამარტივებული წესით – 29 პირს, ხოლო სპეციალური წესით 15 პირს.

ინფორმაციას ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ კვლევაში წერია, 2018-2022 წლებში საქართველოს მოქალაქეობის მიმღები 8 464 პირიდან 72% (6 075 პირი) რუსეთის მოქალაქეს წარმოადგენდა. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ამავე პერიოდში, რუსეთის შემდეგ ყველაზე მეტი – 428 პირი უკრაინის მოქალაქეს, 404 პირი – სომხეთის მოქალაქეს, ხოლო 330 – ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეს წარმოადგენდა.

ამავე ინფორმაციის თანახმად, 2022 წლის 7 თვის მდგომარეობით, საქართველოს მოქალაქეობა რუსეთის 723 მოქალაქეს მიენიჭა, მათ შორის რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ – 551-მა მოქალაქემ. ამავე პერიოდში საქართველოს მოქალაქეობა მინიჭებული აქვს უკრაინის 8 მოქალაქეს.

„პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2018 წლის 1-ლი იანვრიდან 2022 წლის 1-ელ აგვისტომდე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადაიგზავნა 13 644 პირის მიმართ დადებითი დასკვნები საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ, რომელთა საფუძველზე საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, საქართველოს მოქალაქეობა 13 568 პირს მიენიჭა, ხოლო უარი 76 პირს ეთქვა. ამასთან, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, საქართველო მოქალაქეობა დამატებით 7 პირს მიენიჭა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ მოწოდებული დოკუმენტაციით ასევე ირკვევა, რომ 2018 წლის 1-ელი იანვრიდან 2022 წლის 1-ელ აგვისტომდე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადააგზავნა 7 360 პირის მიმართ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ უარყოფითი დასკვნები. 2018-2022 წლებში საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე უარის თქმის მიზეზების, მოქალაქეობის და წლების მიხედვით ინფორმაცია IDFI-სთვის უცნობია.

2018 წლის 1-ლი იანვრიდან 2022 წლის 1-ელ აგვისტომდე საქართველოს მოქალაქეობის მიმღებ 13 575 პირს შორის 5 111 პირი საქართველოს ყოფილ მოქალაქეს წარმოადგენდა, რომელსაც აღდგენის წესით საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა.

დანარჩენ შემთხვევაში, უმრავლესობას (8,382 პირი) საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით მიენიჭა. მოქალაქეობის აღდგენის ჩვეულებრივი წესით საქართველოს მოქალაქეობა მხოლოდ 38 პირს, გამარტივებული წესით – 29 პირს, ხოლო სპეციალური წესით – 15 პირს მიენიჭა.

ამ პერიოდში საქართველოს მოქალაქეობის მიმღები (მოქალაქეობის აღდგენის შემთხვევების გარდა) 8 464 პირიდან 72% (6,075 პირი) რუსეთის მოქალაქეს წარმოადგენდა. რუსეთის შემდეგ ყველაზე მეტი (428 პირი) უკრაინის მოქალაქეს წარმოადგენდა, 404 პირი – სომხეთის მოქალაქეს, ხოლო 330 – ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეს.

2018-2022 წლებში საქართველო მოქალაქეობა ყველაზე მეტ პირს 2018 წელს მიენიჭა – 3 858 პირი. 2020 წელს აღნიშნული მაჩვენებელი დაახლოებით განახევრდა (1,839 პირი), რაც სავარაუდოდ დაკავშირებულია კორონავირუსის პანდემიით შექმნილ გარემოებებთან. 2021 წელს საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მაჩვენებელი 2,846-მდე გაიზარდა, ხოლო 2022 წლის 7 თვის მდგომარეობით, საქართველოს მოქალაქეობა მინიჭებული აქვს 1 598 პირს.

2019 წლამდე საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება უმეტესწილად საგამონაკლისო წესით ხორციელდებოდა, ხოლო 2019 წლიდან მნიშვნელოვნად იმატებს მოქალაქეობის აღდგენის მაჩვენებელი. აღნიშნულ ტენდენცია განპირობებულია 2018 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებით, გაუქმდა ის ჩანაწერი რომელიც მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში ითვალისწინებდა ორმაგი მოქალაქეობის შესაძლებლობას.

შესაბამისი ცვლილებების განხორციელებამდე, საქართველოს მოქალაქე, რომელიც მიიღებდა სხვა ქვეყნის მოქალაქეობას, კარგავდა საქართველოს მოქალაქეობას. ხოლო შემდგომში, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის საქართველოს მოქალაქეობის მოპოვება უმეტესწილად შესაძლებელი იყო საგამონაკლისო წესით.

საკონსტიტუციო ცვლილებებით, ორმაგ მოქალაქეობასთან დაკავშირებული შეზღუდვები გაუქმდა და კანონმდებლობით დადგენილი პირობების შემთხვევაში მოქალაქეს შეუძლია მოითხოვოს მოქალაქეობის შენარჩუნება.

ამასთან, საქართველოს მოქალაქეობის შესახებ ორგანულ კანონში გაჩნდა საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის დროებითი უფლება, რომლის მიხედვით საქართველოს ყოფილ მოქალაქეს, რომელმაც მოქალაქეობა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო დაკარგა, 2020 წლის 31 დეკემბრამდე შესაძლებლობა ჰქონდა მიემართა სააგენტოსთვის, მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების მოთხოვნით. აღნიშნული უფლება შემდგომში 2022 წლის 31 დეკემბრამდე გახანგრძლივდა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ მოწოდებული სტატისტიკური ინფორმაცია საშუალებას გვაძლევს უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების სტატისტიკა (მოქალაქეობის აღდგენის შემთხვევების გარდა) წარმოვადგინოთ პირთა მოქალაქეობისა და წლების მიხედვით.

2018 წლის მონაცემები მიღებულია განსხვავებული საკანონმდებლო რეგულაციების პირობებში, შესაბამისად, მისი შედარება შემდგომ წლებთან სრულფასოვან ტენდენციას ვერ ასახავს. აღნიშნულის გათვალისწინებით, ქვეყნების მიხედვით ქვემოთ წარმოდგენილია მხოლოდ 2019-2022 წლების ტენდენცია.

2019-2022 წლებში საქართველოს მოქალაქეობის მიმღებ პირებს შორის რუსეთის მოქალაქეები მნიშვნელოვნად ჭარბობს. 2019 წელს საქართველოს მოქალაქეობა (საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის გარდა) 1 219 რუსეთის მოქალაქეს მიენიჭა. 2020 წელს ეს მაჩვენებელი 629-მდე შემცირდა, ხოლო 2021 წელს 1 342 მდე გაიზარდა. 2022 წლის 7 თვის მდგომარეობით, საქართველოს მოქალაქეობა რუსეთის 723 მოქალაქეს მიენიჭა.

2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, ასევე საინტერესოა 2022 წლის მაჩვენებლების ანალიზი თვეების მიხედვით. 2022 წლის იანვარში საქართველოს მოქალაქეობა რუსეთის 74 მოქალაქეზე, ხოლო თებერვალში 98 მოქალაქეზე გაიცა.

მარტის თვეში აღნიშნული მაჩვენებელი 43-მდე შემცირდა, თუმცა შემდეგ თვეებში აღნიშნული მაჩვენებელი მნიშვნელოვნად იზრდება. მაგალითად, 2022 წლის ივნისის თვეში საქართველოს მოქალაქეობა რუსეთის 162-მა მოქალაქემ, ივლისის თვეში 136-მა მოქალაქემ მიიღო. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით რუსეთის 551 მოქალაქეს, ხოლო უკრაინის მხოლოდ 8 მოქალაქეს მიენიჭა.

საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების სტატისტიკური მონაცემების ანალიზი აჩვენებს, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეობა უმეტესწილად რუსეთის მოქალაქეებს ენიჭებათ. რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოს მოქალაქეობის მიღების სურვილის კიდევ მეტად ზრდა მოსალოდნელია 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ შექმნილი სიტუაციის (მოსალოდნელი გრძელვადიანი სანქციები, განსხვავებული შეხედულებების მქონე პირების დევნა და სხვა) გათვალისწინებით.“ – აღნიშნულია IDFI-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

mazda magti 5g