გასული წელი მძიმე წელი იყო როგორც საქართველოსთვის, ისე მსოფლიოსთვის, – ამის შესახებ დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ განაცხადა. მიუხედავად სიმძიმისა, მან უფალს გასული წლისთვის მადლობა შესწირა.
„დღეს ჩვენ ვაცილებთ ძველ წელს. უნდა ითქვას, რომ ეს 2018 წელი, წარსული წელი იყო მძიმე წელი, ჩვენთვის, საქართველოსთვის და მსოფლიოსათვის. ამ სიმძიმის შემდეგ, ღმერთმა ინებოს ბედნიერი, სიხარულით აღვსილი 2019 წელი. მიუხედავად იმისა, რომ ეს მძიმე წელი იყო, ჩვენ დღეს მაინც მადლობას ვწირავთ უფალს. მადლობას შევწირავთ უფალს სიხარულისა და მწუხარებისათვის. ღმერთმა ინებოს, მშვიდობა, სიხარული და სიმშვიდე სუფევდეს საქართველოში და მთელ მსოფლიოში“, – აღნიშნა პატრიარქმა.
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა მეფის, დავით წინასწარმეტყველის (მეფსალმუნის) ხსენების დღეს აღნიშნავს. ქადაგების შემდეგ სამების საკათედრო ტაძარში უწმინდესმა სამადლობელი პარაკლისი აღავლინა.