2018 წლის შემოდგომაზე საქართველოში ცნობილი ისლანდიელი შემსრულებელი, კომპოზიტორი, მსახიობი და ჩანაწერების პროდიუსერი, ბიორკი ჩამოდის. ამის შესახებ უკვე დიდი ხანია, საუბრობენ, თუმცა fortuna.ge-სთვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.
ბიორკი არც მეტი, არც ნაკლები, საქართველოს ერთი თვის განმავლობაში ესტუმრება და ის სვანეთში ჩავა, სადაც ამ ხნის განმავლობაშო ცხოვრებას აპირებს. ასევე საუბარია კონცერტზე, რომელსაც ის ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად გამართავს. თარიღი ჯერ უცნობია…
ჯერჯერობით მისი ვიზიტის დეტალების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება. “ფორტუნას” წყარო ამბობს, რომ ეს უკვე გადაწყვეტილი ამბავია, თუმცა ორგანიზატორებს ჯერ ვერ დავუკავშირდით.
ბიორკის მუსიკალური მემკვიდრეობა ძალიან დიდია. მისი კარიერა ოთხ ათეულ წელიწადს ითვლის, მისი მუსიკა სხვადასხვა ჟანრს აერთიანებს, მათ შორის ელექტროს, პოპს, ექსპერიმენტალს, კლასიკურ მუსიკას, თრიპ ჰოპს და ავანგარდულ მიმართულებებს.
ბიორკი 1987 წელს გახდა ცნობილი, როცა ალტერნატიულმა როკ-ჯგუფმა The Sugarcubes გამოსცა სინგლი „Birthday“. სოლოკარიერა ბიორკმა 1993 წელს დაიწყო. მისი ალბომებიდან რამდენიმემ ბილბორდის ცხელი 200-ეულის ტოპ 20-ში დაიკავა პოზიციები, მსოფლიოში, პოპჩარტების ცხელ 40-ეულში მისი 30 სინგლი მოხვდა, 2015 წლამდე მონაცემებით, მას მსოფლიოში რამდენიმე ათეული მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული. ის დასახელებულია, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ვოკალისტი ქალი და მუსიკალურ ინდუსტრიაში ერთ-ერთი გამორჩეული ხმა, 14-ჯერ იყო წარდგენილი „გრემიზე“, ერთხელ „ოსკარზე“, ორჯერ „ოქროს გლობუსზე“. 2015 წელს „თაიმმა“ „100 ყველაზე გავლენიან ადამიანს“ შორის შეიყვანა. 2000 წელს კანის კინოფესტივალზე „სიბნელეში მოცეკვავე“-ში შესრულებული როლისთვის, როგორც საუკეთესო მსახიობმა ქალმა, ჯილდო მიიღო.
ნინო მურღულია