საქართველოს პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველ მოადგილეს უსმენენ.
ალექსი ბატიაშვილმა სუს-ის 2020 წლის ანგარიში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე წარადგინა.
ბატიაშვილის განცხადებით, საქართველოს წინაშე მდგარ მთავარ საფრთხეს 2020 წელს კვლავ რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია წარმოადგენდა.
ოკუპირებულ ტერიტორიებზე საუბრის დროს, ბატიაშვილმა აღნიშნა, რომ გასული წლის განმავლობაში რუსეთი განაგრძობდა ოკუპირებული რეგიონების ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკას და ხელს უწყობდა საოკუპაციო ხაზით გაყოფილი მოსახლეობის გაუცხოებისკენ მიმართულ პროცესს. მაღალი ინტენსივობით გრძელდებოდა სამხედრო წვრთნებიც:
“მაღალი ინტენსივობით გრძელდებოდა საოკუპაციო ძალების სამხედრო წვრთნები. არსებული მონაცემებით, რუსეთის ფედერაციის სამხრეთ სამხედრო ოლქის მე-4 და მე-7 სამხედრო ბაზების ქვედანაყოფებმა 120-ზე მეტი სწავლება ჩაატარეს. ოკუპირებულ რეგიონებში უკანონოდ განთავსებული რუსეთის საოკუპაციო ძალები და მძიმე სამხედრო ტექნიკა აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს, რაც რეგიონულ საფრთხესა და საერთაშორისო გამოწვევას წარმოადგენს.” – განაცხადა ბატიაშვილმა.
ანგარიშის წარდგენისას მან ყურადღება გაამახვილა სტატისტიკურ მონაცემებზეც და აღნიშნა, რომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით უკანონო დაკავების 64, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით 13 შემთხვევა დაფიქსირდა:
“ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით უკანონო დაკავების 64, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით 13 შემთხვევა დაფიქსირდა. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა და საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევით, უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლდა საქართველოს ათეულობით მოქალაქე.
რიგ შემთხვევებში, საოკუპაციო რეჟიმმა უკანონოდ დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებს ხანგრძლივი უკანონო პატიმრობა მიუსაჯა. ამ მხრივ, უნდა აღინიშნოს უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძისა და ირაკლი ბებუას საკითხი. აღნიშნული პირების მიმართ საოკუპაციო რეჟიმმა გამოიყენა განსაკუთრებით უსამართლო და არაჰუმანური მიდგომა და მათ მრავალწლიანი უკანონო პატიმრობა მიუსაჯა.” – განაცხადა სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილემ.
ანგარიშის წარდგენისას ბატიაშვილმა მიგრაციის არხების მონიტორინგზეც გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ 2020 წელს, უსაფრთხოების სამსახურმა გამოავლინა არაერთი პირი, ვინც არამართლზომიერი საშუალებების გამოყენებით საქართველოში შემოსვლასა და სხვადასხვა სახის ბინადრობის ნებართვის მოპოვებას ცდილობდა.
მისი თქმით, საანგარიშო პერიოდში, სამსახურის მიერ დადებითი რეკომენდაცია გაიცა საქართველოს მოქალაქეობის 8 000-მდე და სხვადასხვა ტიპის ბინადრობის ნებართვის მიღების მსურველთა 18 000-მდე განცხადებაზე;
სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე კი, უარყოფითი რეკომენდაცია გაიცა 200-ზე მეტ განცხადებაზე მოქალაქეობის მოთხოვნის შემთხვევაში, ხოლო 2 400-მდე – ბინადრობის ნებართვის შემთხვევაში.