საერთაშორისო სავალუტო ფონდი 2021 წელს საქართველოს ეკონომიკის 4%-იან ზრდას პროგნოზირებს. ამის შესახებ Reuters-თან საქართველოში სსფ-ის წარმომადგენელმა, სელიმ ჩაკირმა ისაუბრა. მისი თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდი მზადაა, პანდემიასთან და მის შედეგებთან გამკლავებისთვის საქართველოს 1,6 მილიარდი დოლარის მობილიზებაში დაეხმაროს. მან ასევე შეაქო საქართველოს მთავრობა ეკონომიკური შოკის შემსუბუქების მიზნით გატარებული ზომებისთვის.
„მთავრობამ მოახერხა ფინანსების მობილიზება საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან და საერთაშორისო პარტნიორებისგან, რათა დაფინანსდეს ჯანდაცვის და ეკონომიკის საჭიროებები და შეიქმნას ე.წ. უსაფრთხოების ბალიში, იმ შემთხვევებისთვის, თუ ნეგატიური საფრთხეების გამო დამატებითი ზომების მიღება გახდება საჭირო“, – ამბობს საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი.
შეგახსენებთ, გასულ კვირას საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ აღმასრულებელ საბჭოს მიმართა რეკომენდაციით, რომ საქართველოს 200 მილიონი დოლარის დახმარება გამოუყონ, რაც გადაუდებელ სამედიცინო და სოციალურ-ეკონომიკურ საჭიროებებს მოხმარდება.