LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2022 წელს საქართველოში ყველაზე მეტი საწვავი რუსეთიდან შემოვიდა – კიდევ რომელი ქვეყნებიდან ხორციელდება იმპორტი

280
Untitled design (7)

კონკურენციის სააგენტო საავტომობილო საწვავის ბაზრის 7 თვის მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს. 

აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით, 2022 წლის იანვარ-ივლისის პერიოდში საწვავის იმპორტით რუსეთი ლიდერობს.

როგორც გავრცელებულ ანგარიშშია აღნიშნული, 2022 წლის იანვარი-ივლისის პერიოდში, ქვეყანაში 40 ეკონომიკური აგენტის მიერ 810 320 ათასი ლიტრი ბენზინისა და დიზელის იმპორტი განხორციელდა:

“ბაზრის იმპორტის დონის კონცენტრაციის (HHI) ინდექსმა შეადგინა 1547 ერთეული, რაც ზომიერად კონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია.

ყველაზე მსხვილი იმპორტიორი ეკონომიკური აგენტის წილი საერთო იმპორტში შეადგენს 60.88%-ს.

საწვავის ყველაზე დიდი მოცულობის იმპორტი განხორციელდა რუსეთის ფედერაციიდან – 40.8%, რომელსაც მოჰყვება რუმინეთი – 26.5% და ბულგარეთი – 13.4%.  9,9% თურქმენეთიდან შემოდის –  7,7% კი აზერბაიჯანიდან. მიმდინარე წლის 7 თვეში, იმპორტირებული საწვავის საერთო მოცულობაში სხვა ქვეყნების წილს მხოლოდ 1,7% უჭირავს. 

 

რაც შეეხება საწვავის იმპორტის დინამიკას მომწოდებელი ქვეყნების მიხედვით, ბაზარზე მზარდია რუსეთის ფედერაციიდან იმპორტირებული საწვავის პროცენტული წილი:

 

ანგარიშის მიხედვით, შესასწავლ პერიოდში, საერთო იმპორტის 43.9% შეადგინა დიზელის ტიპის საწვავმა, ხოლო 56.1% – ბენზინის. ბენზინის ტიპის საწვავიდან, ყველაზე მოთხოვნად სახეობას წარმოადგენდა რეგულარის მარკის საწვავი – საერთო იმპორტის 34.7%.

როგორც კონკურენციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საანგარიშო პერიოდი გლობალურ ბაზრებზე ნავთობის ფასის ზრდის ტრენდით გამოირჩეოდა. 

“ფასის მაქსიმალური ნიშნული დაფიქსირდა 8 მარტს – 128USD, რის შემდეგაც, ივნისის თვის ჩათვლით პერიოდში ფასი მერყეობდა 100-120USD-ს ფარგლებში, ხოლო 6 აგვისტოს მდგომარეობით შეადგინა 94.92USD – ნედლის ნავთობის ფასი პრაქტიკულად დაუბრუნდა 2022 წლის თებერვლის პირველი ნახევრის მაჩვენებელს. რაც შეეხება ლარის გაცვლით კურსს, ამერიკულ დოლართან მიმართებით ლარის გაუფასურების პიკური მაჩვენებელი დაფიქსირდა 10 მარტს, რის შემდეგაც დღემდე შენარჩუნებულია გამყარების ტენდენცია. 2022 წლის იანვრის თვესთან შედარებით, ეროვნული ვალუტა ამერიკულ დოლართან გამყარებულია 36 პუნქტით – 11.7 პროცენტით.

განსახილველ პერიოდში, როგორც ლარის კურსის, ასევე ნავთობის ფასის მკვეთრი ცვლილებებისა და ზოგადი ტურბულენტობის გათვალისწინებით, სააგენტო მიზანშეწონილად მიიჩნევს, საცალო ფასებზე მსჯელობის ნაწილში გამოიყენოს ქვეყანაში მოქმედი მსხვილი ეკონომიკური აგენტების მიერ ფაქტობრივად იმპორტირებული საწვავის ფასი. ფაქტობრივად, იმპორტირებული საწვავის თვითღირებულებასთან ერთად, მნიშვნელოვანია საცალო ფასის მაკომპლექტებელი სხვა ფაქტორები, კერძოდ გადასახადები – დღგ, აქციზი და საოპერაციო დანახარჯები.

ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ივნისი-ივლისის პერიოდში ქვეყანაში იმპორტირებული საწვავის 85-90% მოდის 2 ქვეყანაზე – რუსეთის ფედერაცია და რუმინეთი„, – აცხადებენ კონკურენციის სააგენტოში.

ანგარიშის ავტორების თქმით, წარმოდგენილი გრაფიკებით დგინდება, რომ რუსეთიდან იმპორტირებული რეგულარის, პრემიუმის და დიზელის ტიპის საწვავი გამოირჩევა მნიშვნელოვნად დაბალი თვითღირებულებით რუმინეთიდან იმპორტირებულ საწვავთან შედარებით:

„თუმცა მსხვილი კომპანიების შემთხვევაში, საცალო ფასი განსაზღვრულია ევროპის ქვეყნებიდან იმპორტირებული საწვავის მსგავს ნიშნულზე.

თვითღირებულებაში სხვაობა შეადგენს საშუალოდ 20-70 თეთრს 1 ლიტრ საწვავზე. რაც შეეხება ევროპის ქვეყნებიდან, კონკრეტულად კი რუმინეთიდან იმპორტირებულ
საწვავს, გარდა პირდაპირი იმპორტისა, საქონლის მოთავსება შესაძლებელია საბაჟო საწყობში დროებითი შენახვის რეჟიმში, რა დროსაც საქონელი არ არის მოქცეული თავისუფალი
მიმოქცევის რეჟიმში და არ არის გადახდილი საბაჟო გადასახადები – დღგ და აქციზი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კონკურენციის სააგენტო მონიტორინგის ანგარიშის ძირითად მიგნებებს გამოყოფს:

1 – ქვეყანაში იმპორტირებული საწვავის 40% ევროპულია, 60%-ის იმპორტი კი ხორციელდება რუსეთის ფედერაციიდან, აზერბაიჯანიდან და თურქმენეთიდან;

2 – აპრილი-ივლისის პერიოდში, მზარდია რუსეთი ფედერაციიდან იმპორტირებული საწვავის მოცულობა საერთო იმპორტში – საერთო იმპორტის 64-65%;

3 – საავტომობილო საწვავის ბაზრის იმპორტის დონე, 2022 წლის იანვარი-ივლისის პერიოდში, ზომიერად კონცენტრირებულია. ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი შეადგენს 1547 ერთეულს;

4 – 3 ყველაზე მსხვილი იმპორტიორი ეკონომიკური აგენტის წილი საერთო იმპორტში შეადგენს 60.88%-ს;

5. ნედლი ნავთობის ფასი პრაქტიკულად დაუბრუნდა 2022 წლის თებერვლის პირველი ნახევრის მაჩვენებელს. რაც შეეხება ლარის გაცვლით კურსს, 2022 წლის იანვრის
თვესთან შედარებით, ეროვნული ვალუტა ამერიკულ დოლართან გამყარებულია 36 პუნქტით – 11.7 პროცენტით;

6 – საცალო ფასები 2022 წლის იანვარი-ივლისის პერიოდში, ზრდის ტრენდს ატარებდა საქართველოსთვის საწვავის მომწოდებელ ძირითად ქვეყნებში – ბულგარეთი,
რუმინეთი, ხოლო ივლისის თვეში შემცირდა 7-8 ცენტით, რაც შეეხება საქართველოს – ივლისის თვეში ფიქსირდება ფასის 11-ცენტიანი ზრდა;

7. საცალო ფასის მაკომპლექტებელი ფაქტორების ანალიზის შედეგად ასევე გამოიკვეთა, რომ რუსეთის ფედერაციიდან იმპორტირებული საწვავის თვითღირებულება საშუალოდ 30-70 თეთრით დაბალია ევროპის ქვეყნებიდან იმპორტირებულ საწვავთან შედარებით (მარტი-ივლისი), თუმცა საცალო ბაზარზე მსხვილი კომპანიების შემთხვევაში ხელმისაწვდომია ევროპული საწვავის იდენტურ ფასად;

8. რუმინეთიდან იმპორტირებული საწვავი, ხშირ შემთხვევაში, ექცევა საბაჟო საწყობში და შესაბამისად დროებითი შენახვის რეჟიმში. საბაჟო საწყობიდან კონკრეტული ეკონომიკური აგენტის მიერ საკუთარ საცალო სარეალიზაციო ქსელში ძირითადად ხდება მაღალი თვითღირებულების მქონე საწვავის გატანა, ხოლო დაბალი
თვითღირებულების მქონე საწვავის შემთხვევაში ხორციელდება საბითუმო გადაყიდვა სხვა კომპანიაზე, რომელსაც უკვე თავად გააქვს საწვავი ქვეყანაში თავისუფალი მიმოქცევის რეჟიმში. მსგავსი სხვაობა 2022 წლის მარტი-ივლისის პერიოდში, 1 ლიტრი საწვავის დონეზე შეადგენდა საშუალოდ 30-70 თეთრს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g