19 მაისს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას ,,არტ-Fm“-ს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე სტუმრობდა, რომელმაც 2022 წელს დაგეგმილ ღონისძიებაზე ისაუბრა, როცა თბილისი მსოფლიო ლიტერატურის ცენტრად იქცევა.
2022 წელს თბილისი რამდენიმე დღის განმავლობაში მსოფლიო ლიტერატურის დედაქალაქი იქნება. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი შედარებითი ლიტერატურის მსოფლიო კონგრესს უმასპინძლებენ. კონგრესს 2000-ზე მეტი მსოფლიოს ცნობილი ლიტერატორი და კრიტიკოსი დაესწრება. ფორუმი, რომელიც მე-20 საუკუნის 60-იანი წლებიდან იღებს სათავეს, დღემდე არცერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში არ ჩატარებულა. პირველი კონგრესი 1955 წელს ვენეციაში (იტალია) ჩატარდა, გასულ წელს მას კი მაკაომ (ჩინეთი) უმასპინძლა. 20 მაისს კი კონგრესის ერთობლივად ჩატარების შესახებ ხელი მოეწერება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელსაც თსუ-ს რექტორი გიორგი შარვაშიძე და შედარებითი ლიტერატურის საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი შერმან უილკოქსი მოაწერენ ხელს.
– ბატონო გიორგი, კონკრეტულად რას მიეძღვნება 2022 წელს დაგეგმილი კონგრესი?
– პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ მსგავსი კონგრესი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველად ტარდება. მეტად პრესტიჟულ შეხვედრას 2000-ზე მეტი სტუმარი ეწვევა მთელი მსოფლიოდან ლიტერატორების, გამომცემლებისა და კრიტიკოსების ჩათვლით. ფორუმი, რომელიც სამ წელიწადში ერთხელ იმართება, ბოლოს ჩინეთის ქალაქ მაკაოში ჩატარდა. ჩვენ საკმაოდ სერიოზული შესარჩევი ტური გავიარეთ და საბოლოოდ გადაწყდა, რომ შემდეგ ფორუმს სწორედ საქართველო, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ლიტერატურის ინსტიტუტი უმასპინძლებდა. ვფიქრობ, მსგავსი ღონისძიება მეტად წაადგება როგორც ჩვენი ქვეყნის, ისე ლიტერატურის განვითარებასა და პოპულარიზაციას.
– პანდემიის გათვალისწინებით, ძალიან აქტუალურია თავისუფალი დროის სასარგებლოდ გამოყენების პრობლემა. თქვენ როგორ გრძნობთ თავს თვითიზოლაციაში?
– კარანტინის მიუხედავად, ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას. ონლაინში ვატარებთ ლექციებს, სხდომებს და სხვა გადაუდებელ შეხვედრებს. საბედნიეროდ, საქართველოს ბანკის დახმარებით, ჩვენი ონლაინ-ურთიერთობა სისტემატური და შეუზღუდავია. სხვათა შორის, სულ ცოტა ხნის წინ სტუდენტების, ლექტორების გამოკითხვა ჩავატარეთ და აღმოჩნდა, რომ პანიკური შიშის მიუხედავად, თითქოს ვერ შევძლებდით ახალი ტექნოლოგიებისთვის ფეხის აწყობას, ყველა ძალიან კმაყოფილია. მართალია, არავინ იცოდა, როგორ მოგვიწევდა ახალ რეალობაში ცხოვრება და ახალ პირობებს მორგება, მაგრამ სოლიდარობით და ერთმანეთის ხელშეწყობით ყველაფერს მარტივად გავართვით თავი. ვფიქრობ, პანდემიამ მეტად საჭირო გამოცდილება შეგვძინა, რადგან უამრავი ახალი მოდელის გამოყენება და ახლებურად მუშაობა გვასწავლა.