LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2022 წლის ბიუჯეტის ხარჯები 480 მილიონით გაიზრდება

59
Untitled design (1)

მთავრობის გადაწყვეტილებით, 2022 წლის ბიუჯეტი იცვლება.

ცვლილება ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში შედის და ის 480 მილიონით, 19.65 მილიარდ ლარამდე იზრდება.

როგორც ხელისუფლებაში აცხადებენ, ხარჯების მატება მოსალოდნელზე მაღალმა საგადასახადო შემოსავლებმა განაპირობა.

პირველი პროექტით, მიმდინარე წელს 13.42 მილიარდის მოცულობის გადასახადების აკრეფა იყო დაგეგმილი, ხოლო განახლებული ბიუჯეტით გათვალისწინებულია 14.47 მილიარდის გადასახადების ამოღება.

აღნიშნული საგადასახადო შემოსავლების გათვალისწინებით, მთავრობა ახალი ვალის აღებას ამცირებს. თუ პროექტის პირველი ვარიანტის მიხედვით წელს 4.35 მილიარდის ოდენობის ახალი ვალის აღება იყო გათვალისწინებული, ახალი პროექტით, ვალის მოცულობა 3.64 მილიარდია.

განახლებული ბიუჯეტი გათვლილია 8.5%-იან ეკონომიკურ ზრდაზე, ნაცვლად 6%-იანი ზრდისა.

როგორც ცნობილია, სამინისტროებს შორის ყველაზე დიდი დაფინანსება ჯანდაცვის უწყებას ექნება და ის 6.23 მილიარდ ლარს შეადგენს.

2022 წლის ბიუჯეტის ცვლილებების პროექტზე ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა გუშინ ისაუბრა:

◼ მიმდინარე წელს სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება 50 ლარით გაიზარდა და თვეში 150 ლარი გახდა. ამის ასახვა ხდება ბიუჯეტში და გამოიყოფა 86 მილიონი ლარი;
◼  საზოგადოებრივი სამუშაოებზე დასაქმების პროგრამა დავიწყეთ, რისთვისაც გამოიყოფა 40 მილიონი ლარი;
◼  ჯანდაცვის პროგრამებზე დამატებით გამოიყოფა კიდევ 80 მილიონი ლარი. მათ შორის არის კოვიდის მკურნალობისთვის დაკავშირებული ხარჯების დაფინანსება 45 მილიონი ლარით;
◼ ასევე ახალი პროგრამისთვის, რომელიც ითვალისწინებს მცირემიწიან ფერმერთა ვაუჩერებით დახმარებას და ეს პროგრამა დაანონსდა რამდენიმე თვის წინ, ამისთვის გამოიყოფა დამატებით 40 მილიონი ლარი;
◼ რთველის დაფინანსებას 40 მილიონი ლარი დაემატება;
◼ სოფლის მეურნეობის სხვა პროგრამებს დაემატება 70 მილიონი ლარი, მათ შორის 55 შეღავათიან აგროკრედიტზე დაიხარჯება;
◼ თავდაცვის სამინისტროსთვის გამოიყოფა 80 მილიონი ლარი, რომლითაც გაგრძელდება ჯარისკაცთა ბინების მშენებლობა და თავდაცვითი შესაძლებლობების გაზრდა;
◼ ასევე ვიწყებთ პოლიციის ქალაქის მშენებლობას, რომლის ფარგლებშიც 1,100-ზე მეტი ბინის მშენებლობა იგეგმება. ასევე სამაშველო ვერტმფრენის შესაძენად გამოიყოფა 50 მილიონი ლარი;
◼ სპორტის ხელშეწყობისთვის გამოიყოფა დამატებით 43 მლნ ლარი და ეს არის ძირითადად ჯილდოები;
◼ თბილისში ახალი ინფრასტრუქტურის დაფინანსების მიზნით შესაბამისი ტრანსფერი იზრდება 65 მილიონი ლარით;
◼ რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდს ემატება 130 მილიონი ლარი;
◼ ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება იზრდება 80 მილიონი ლარით, რაც მოხმარდება 2023 წელს საქართველოში დაგეგმილი ფეხბურთის 21 წლამდელთა ჩემპიონატის სამზადისს, სტადიონების მშენებლობას და რეაბილიტაციას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g