ევროპაში მოგზაურობის წესები იცვლება. 2023 წლის ბოლოდან 60-ზე მეტი ქვეყნის მოქალაქეებს ევროპაში მოგზაურობისთვის ნებართვა დასჭირდებათ. სისტემა ETIAS ევროპაში მოგზაურობისას ინფორმირებასა და ავტორიზაციის გავლას გულისხმობს.
მოგზაურობის მსურველებს განაცხადის შევსება გამგზავრებამდე, ელექტრონულად მოუწევთ, რაც 7 ევრო ეღირება. ახალი წესი ევროპის 30 ქვეყანას შეეხება, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებსაც. ნებართვის აღების ვალდებულება იმ სახელმწიფოების მოქალაქეებს ექნებათ, რომლებსაც შენგენის ზონაში სამოგზაუროდ ვიზა არ აქვთ.
ცვლილებების მიზანი ევროპაში უსაფრთხოების ნორმების დაცვაა. სისტემა ETIAS ვიზიტორებთან დაკავშირებულ საჭირო ინფორმაციას შეაგროვებს.
განაცხადის შევსების შემდეგ მოქალაქისთვის გაგზავნილი ნებართვა სამი წლის განმავლობაში იმოქმედებს, შესაბამისად, იმ სააპლიკაციო ფორმას, რომელსაც მოქალაქეები შეავსებენ, სამწლიანი ვადა ექნება.
განაცხადის ფორმის შევსებას დაახლოებით 10 წუთი სჭირდება. მას 18 წელს ზევით მყოფი მოქალაქეები ავსებენ. შევსებული განაცხადი ელექტრონულად ინახება მონაცემთა ბაზაში, ამიტომ მისი ამობეჭდვა საჭირო არ არის, ხოლო მოგზაურობის შესახებ დასტური მალევე, ელექტრონულ ფოსტაზე იგზავნება.