ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციამ (WIPO) 2023 წლის გლობალური ინოვაციის ინდექსის რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველო შარშანდელთან შედარებით 9 პოზიციით დაწინაურდა და 132 ქვეყანას შორის 65-ე ადგილს იკავებს.
გლობალური ინოვაციების ინდექსის თანახმად საქართველოს მონაცემები გაუმჯობესდა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა ინსტიტუტები/ინსტიტუციური მოწყობა, ბიზნეს გარემო, ადამიანური კაპიტალი, ცოდნაზე და ტექნოლოგიაზე დაფუძნებული პროდუქტები, შემოქმედებითი/კრეატიული პროდუქტები და ინფრასტრუქტურა.
რეიტინგის პირველ ათეულში მოხვდნენ: შვეიცარია, შვედეთი, აშშ, გაერთიანებული სამეფო, სინგაპური, ფინეთი, ნიდერლანდები, გერმანია, დანია, კორეის რესპუბლიკა.
გლობალური ინოვაციების ინდექსი (GII) ქვეყნების ეკონომიკებს მათი ინოვაციური შესაძლებლობების მიხედვით აფასებს, ასევე, ინოვაციების სფეროს ძლიერ და სუსტ მხარეებს ავლენს.