ღვინის ეროვნული სააგენტოს ანგარიშის თანახმად, 2024 წელს ქართული ღვინო 24 საერთაშორისო გამოფენაზე, 13 ფესტივალზე და 100-მდე დეგუსტაცია-პრეზენტაციაზე იყო წარდგენილი, სადაც, ჯამურად, ქართული ღვინის 200-მდე კომპანია მონაწილეობდა.
ქართული ღვინის წარდგენები გაიმართა მსოფლიოს 20 ქვეყანაში: აშშ, პორტუგალია, ფინეთი, დანია, ავსტრია, ნორვეგია, იტალია, ნიდერლანდები, იაპონია, პოლონეთი, გერმანია, ჩინეთი, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ბელგია, უნგრეთი, კორეის რესპუბლიკა, შვეიცარია, თურქეთი და ლატვია.
შარშან ქართული ღვინის ექსპორტი, 2023 წელთან შედარებით, 6%-ით გაიზარდა და 95 მლნ ლიტრს მიაღწია.
2024 წელს ღვინის გამოფენები, კონკურსები, ტურები და ფესტივალები საქართველოს მასშტაბითაც გაიმართა, რაც მნიშვნელოვანია ღვინის ტურიზმის პოტენციალისა და ადგილობრივ მოსახლეობაში ღვინის მოხმარების კულტურის ზრდისთვის.
ქართული ღვინო საქართველოში წარმოდგენილი იყო 54 ღონისძიებაზე, მათ შორის, 17 გამოფენა/ფესტივალზე და 15 დეგუსტაცია-პრეზენტაციაზე. ღვინის უცხოელი პროფესიონალების მონაწილეობით გაიმართა ღვინის 16 ტური, ასევე კონკურსები და სიმპოზიუმი.
ქართული ღვინის პოპულარიზაციის სახელმწიფო პროგრამა, რომლის მიზანი ღვინის ბაზრების დივერსიფიკაცია და საექსპორტო პოტენციალის ზრდის ხელშეწყობაა, 2024 წელს 16 მილიონ ლარს შეადგენდა.