LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2025 წლის რთველის დროს მოსავლი ელექტრონული სასწორის მეშვეობით აღირიცხება

106
რთველი 2025

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების  მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე მინისტრმა საქართველოში მეღვინეობა-მევენახეობის დარგის მნიშვნელობაზე, არსებულ მოცემულობაზე და პერსპექტივებზე ისაუბრა. მინისტრმა ყურადღება 2025 წლის რთველის ორგანიზებულად ჩატარების საკითხზე გაამახვილა.

„მოგეხსენებათ, ღვინო და ალკოჰოლიანი სასმელი ჩვენი ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო პროდუქტია. დღევანდელი მსოფლიო გამოწვევის ფონზე, როდესაც ღვინოზე მოთხოვნა მცირდება, უნდა გვქონდეს ადეკვატური რეაგირება. სწორედ ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დარგის წარმომადგენლებთან შეხვედრა. საყურადღებოა ხარისხის გაუმჯობესება და კონტროლი, რადგან ქართული ღვინო მსოფლიო ბაზარზე კონკურენტუნარიანი იყოს. მწარმოებლების მიერ წამოყენებული საკითხები მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული. მხოლოდ და მხოლოდ სამინისტროს, ღვინის ეროვნული სააგენტოს და მეღვინეების ერთობლივი მუშაობით შევძლებთ რთველის ორგანიზებულად ჩატარებას. თადარიგი თავიდანვე უნდა დავიჭიროთ, რომ ხარისხიანი ყურძენი იყოს შესაბამისად დაფასებული. ორგანიზების ნაწილში სახელმწიფოს და კერძო სექტორის ერთობლივი ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა. 

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ლევან მეხუზლას განცხადებით, ქართული ღვინის წარმატებისთვის და საერთაშორისო ბაზრებზე დამკვიდრებისთვის მნიშვნელოვანია ხარისხიანი ყურძნის დაფასება, შესაბამისად, წელს სახელმწიფოს განსხვავებული მიდგომა ექნება და ხარისხიან და უხარისხო ყურძენს ერთ ფასად აღარ ჩაიბარებს. 

საუბარი შეეხო კიდევ ერთ სიახლეს – 2025 წლის რთველის დროს მოსავალი ელექტრონული სასწორის მეშვეობით აღირიცხება. ყველა ის კომპანია, რომელიც მევენახეებისგან შეისყიდის ყურძენს, ვალდებულია იქონიოს ელექტრონული სასწორი, რომელიც ჩართული იქნება რთველის ერთიან ელექტრონულ ბაზაში. აღნიშნულ ბაზაში ავტომატურად აისახება კომპანიის მიერ შესყიდული ყურძნის რაოდენობა. ელექტრონული სასწორის გამოყენება მონაცემთა აღრიცხვას გაამარტივებს და მეტად  დაზუსტებულს გახდის.

ღვინის ეროვნულ სააგენტოში გამართულ შეხვედრას ღვინის მწარმოებელი 50-მდე კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g