ასტროლოგი სოფია ბზეკალავა fortuna.ge-ს მკითხველს გაუმხელს, როგორი წელი გველოდება. ზოგისთვის ის წარმატებული იქნება, ზოგისთვის – საყურადღებო. რა ზოგადი და კონკრეტული ტენდენციებია ცეცხლოვანი ცხენის წელიწადს, რომელიც 60 წელიწადში ერთხელ დგება, ასტროლოგის მიმოხილვიდან შეიტყობთ.
სოფია ბზეკალავა:
როგორია 2026? როგორი და ძალიან ტურბულენტური. არავის ცხოვრება არ დარჩება შეუცვლელი. ძალიან ენერგიული და აქტიური წელიწადი მოდის, თავდაყირა რომ დააყენებს ყველას ცხოვრებას. მზად უნდა ვიყოთ. ეს წელიწადი თებერვლიდან იწყება, თუმცა უკვე ჩანს შესაბამისი ენერგიები. ცეცხლოვანი ცხენის წელიწადი ძალიან იშვიათია. ყველაფერი მოდის მოძრაობაში, თან, ძალიან რადიკალურად. ნუმეროლოგიურად, 2025 წელი 9-იანის, ანუ განდეგილის წელიწადია, აპათიურობის, გაურკვევლობის, შიშებისა და დეპრესიების. წინ რომ ვერ იხედები, არ იცი, რა იქნება, ეს მოლოდინები გაზარდა. მომდევნო წელიწადი მკვეთრად გამოაფხიზლებს ყველას. ყველაფერი, რაც 2025-ში იყო, დემოვერსია გახლდათ, განსაკუთრებით ის, რაც ხდებოდა გაზაფხულის ბოლოდან შემოდგომამდე. კარგია, რომ გადახედოთ ამ პერიოდს. ეს ყველაფერი დიდი დოზით გამეორდება და მიიღებს ფორმას. ძალიან სწრაფად განვითარდება მოვლენები…

ზოგადად რომ ვთქვათ, ამ წლის ფავორიტები არიან მამაცი და თავზეხელაღებული ადამიანები, რომელთაც შეუძლიათ ვა-ბანკზე წასვლა. ეს წელიწადი უკიდურესობებისაა, წონასწორობას ადვილად დაგაკარგვინებთ, ამიტომაც მის შენარჩუნებაზე უნდა იზრუნოთ. ზედმეტად თავდაჯერებულიც არ უნდა იყო, ასეთ შემთხვევაშიც გადაიჩეხები. მხოლოდ საკუთარ თავს უნდა ეყრდნობოდე. თითქოს არჩევანი არ ექნებათ ადამიანებს – ერთხელ რომ აირჩევენ, გადარჩევის შესაძლებლობა აღარ ექნებათ. აღარ უნდა იფიქრონ სხვა არჩევანზე, რადგან უკან მიბრუნების საშუალება დაკარგულია. არც დრო იქნება ამისთვის. შუაშისტი ხალხის წელი არ არის. ვისაც სძინავს, არც მათი წელია. ძალიან ფხიზელი უნდა იყო ყველა გაგებით, ბიოლოგიურად და მენტალურადაც. თუმცა სიფხიზლე არ ნიშნავს კონტროლის სიყვარულს. ასეთ ადამიანებსაც პრობლემები შეექმნებათ. მე ვეყრდნობი ჩემს თავს, ჩემს ემოციურ ხერხემალს, არ მაქვს ილუზია, რომ სხვა საყრდენი მაქვს – ეს არის 2026 წლის მთავარი მესიჯები.
ვინ არის მომდევნო წლის ფავორიტი და წლის აუთსაიდერი?
ფავორიტებს რაც შეეხებათ – უფრო მეტად ცეცხლის ნიშნებს დავასახელებდი. პირველ რიგში, ვერძს, მაგრამ აქ ასაკზეა ბევრი რამ დამოკიდებული. ბევრი ვერძი საბოლოოდ გაიმარჯვებს, პირადშიც და კარიერაშიც, თუმცა ბევრთან იქნება შესაძლებლობების ზღვარზე ყოფნა. ვერძმა უნდა იმოქმედოს პასუხისმგებლობით, ვინც ზრდასრულია, ასაკშია და ცხოვრებისეული გამოცდილება აქვს, მას გაუმართლებს.

მეორე ფავორიტი არის ტყუპები, ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი წელია მათთვის. 2025-ში რაღაც თუ დაიწყო და სიომ დაბერა, 2026-ში ფორმას მიიღებს, განსაკუთრებით, მაისის ტყუპებთან. ეს წელიწადი უკავშირდება ახალ სტატუსს, სამსახურებრივს თუ პირადს, იმას, რაც აქამდე არ იყო, აბსოლუტურად ახალი გამოცდილებები მოდის ტყუპებთან, საერთოდ სხვა სამყარო. ვიღაცებთან შეიძლება იყოს ახალი ინტერესთა სფერო, ახალი გაერთიანებები, ჯგუფები. ძალიან მოტივირებულები იქნებიან, ახალი მე, ახალი ცხოვრება. მათთან პარადიგმების გადაწერა მიმდინარეობს და ეცვლებათ ბევრი რამ, მათ შორის, ისიც, რისი სჯერათ. ცხოვრების აზრს იპოვიან, ზოგი – შვილის დაბადებით, მაგრამ სხვები განიხილებიან და იტყვიან, რომ რაღაცების არ სჯერათ, თუმცა ახალ რწმენას იპოვიან. მენტალობა, ხედვები, მოტივაცია ეცვლებათ.
მესამე ფავორიტი არის ლომი. მათთან არის ახალი შესაძლებლობები, განსაკუთრებით მაისი-ივნისიდან. სიყვარული, რომანტიკა… მიუხედავად იმისა, რომ 2026 წელი ტურბულენტური წელიწადია, ძალიან რომანტიკულიცაა. ყველაზე მაგარია წყვილებისთვის, ვინც გარემოებების გამო ვერ იყო ერთად, საოცრებებს გააკეთებს ეს წელი, ადამიანები შერიგდებიან, საბოლოოდ შეერთდებიან, განსაკუთრებით, წლის მეორე ნახევარში. ძალიან მოიმატებს შობადობა, დაუგეგმავად, მათ შორისაც, ქორწინებების გარეშე. 2026 არის სიყვარულისა და ვნების ცეცხლოვანი წელიწადი.

რაც შეეხება აუთსაიდერებს – რთული წელიწადია კუროსთვის. მათ უყვართ სტაბილურობა, მაგრამ მნიშვნელოვანია, გაბედონ ბევრი რამ, რადგან გარემოებები ასე დალაგდება მათ გარშემო, უნდა გამოვიდნენ კომფორტის ზონიდან, უნდა მიიღონ გამოწვევები, თუ თავადვე არ მიიღო გამოწვევები, აქეთ-იქით მიეხეთქება. ეს წელიწადი ძალიან აქტიურია სამსახურიდან დათხოვნების კუთხით, ბევრი გათავისუფლება იქნება, დებოშით წასვლები, მათ შორის – ადამიანებმა უნდა იპოვონ თავიანთი მოწოდება, ამისთვის ხდება ეს ყველაფერი. კუროებს ეს ყველაფერი ძალიან შეარყევს. რეალურად, ეს არის შეჯანჯღარება, რომ იპოვოს უკეთესი. კუროსთვის ეს წელიწადი კატაპულტირების წელიწადია.
ქალწულებს ვურჩევდი, რომ ფრთხილად მოეკიდონ ფინანსურ საკითხებს. ეს წელიწადი, განსაკუთრებით შემოდგომამდე, აფრთხილებს, რომ თუ წინდახედულად არ მოიქცა, სხვის ფულზეც მოუწევს პასუხისმგებლობის აღება. რასაც სხვასთან ერთად ინაწილებს, შესაძლოა, იქ იყოს პრობლემები. ახალი ფინანსური გზების გაჭრაც პრობლემების გზით მოხდება. ქალწულიც, კუროს მსგავსად, მიწის ნიშანია და უყვარს სტაბილურობა, დღევანდელი კვერცხი ურჩევნია ხვალინდელ ქათამს. ეს წელიწადი კი გეუბნება, რომ არაფერი, არანაირი სისტემა აღარ მუშაობს ისე, როგორც ადრე. უნდა გადაალაგო, მოიფიქრო, მოსინჯო ახალი. ქალწული და კურო ცოტა კონსერვატორები არიან, სამყარო კი არყევს, ეუბნება, რომ მეტი შესაძლებლობა აქვთ, უნდა გამოვიდნენ ძველი ნაჭუჭიდან, რაც უჭირთ. ქალწულთან ურთიერთობების თემა იცვლება, ვიღაც ასრულებს, ვიღაც ახალს იწყებს. ახალ ურთიერთობებს აქვს დიდი რესურსი განვითარებისთვის, როგორც ბიზნესში, ასევე პირადში.
აუთსაიდერია ასევე კირჩხიბი. მისთვის რთული წელიწადია. დააკვირდი რას აგროვებ, რომ არ აფეთქდეს – ესაა მთავარი გაფრთხილება. განსაკუთრებით, ზაფხულამდე ჩათვლით არის რთული პერიოდი. თემები უკავშირდება პირადს, შესაძლოა, გაეზარდოს კონფლიქტურობის კოეფიციენტი. წლის მეორე ნახევარში ფინანსური შემოსავლები გაეზრდება და ემოციურად ცოტა დაბალანსდება. ფინანსურ ბალიშზე დაიძინებს და უფრო ფრთხილად იქნება.
ფოტო: დათუნა აგასი
