LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2026 წელს მსოფლიოს ფინანსურ სცენაზე ცეცხლოვანი ცხენი შემოდის – შემოსავლებს გაზრდიან ისინი, ვინც ცვლილებებს სწრაფად აუწყობენ ფეხს

1615
თიკა ქოქაშვილი

2026 წელს მსოფლიოს ფინანსურ სცენაზე ცეცხლოვანი ცხენი შემოდის – ენერგია, რომელიც სწრაფ ცვლილებებთან, თამამ რისკებთან და მოულოდნელ შესაძლებლობებთან ასოცირდება. როგორც ირკვევა, ეკონომიკური ტენდენციები, ინვესტიციების მიმართულებები და ბიზნესგარემო ამ წელს ძველ ჩარჩოებს ვეღარ მოერგება – წარმატებას მიაღწევენ ისინი, ვინც ცვლილებებს სწრაფად აუწყობენ ფეხს.

„ბიზნესნიუსს“ ფენ-შუის სპეციალისტი თიკა ქოქაშვილი სტუმრობს.

– თიკა, რადგანაც ბიზნესის და ეკონომიკის სფეროს სიმყარეს ფულის შეუფერხებელი ბრუნვა წარმოადგენს, მოდი, საუბარი სწორედ მასზე დავიწყოთ. ფულს, როგორც ყველაფერს ამ სამყაროში, თავისი ენერგია აქვს და რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ენერგია, საფულის ფერის შერჩევის დონეზეც კი, ჩვენდა სასიკეთოდ მოვმართოთ ცეცხლოვანი ცხენის წელიწადში?

– დღეს, როდესაც თითქმის ყველაფერი ელექტრონული გახდა, ადამიანებმა ხმარებიდან ამოიღეს საფულეები, რაც არასწორია –  ელექტრონული ფული არ არის ჩვენი ენერგიის მატარებელი, ჩვენ მას მოვიხმართ, მაგრამ კონტროლს ვკარგავთ საკუთარ ფინანსებზე. „ცოცხალი“, ანუ ნაღდი ფული, გარკვეული რაოდენობით მაინც, უნდა ვიქონიოთ საფულეშიც და შინაც, რათა ფინანსური ენერგია გავზარდოთ, ფულმა უნდა მოიზიდოს ფული. საფულეში ჩვენი ხელფასის 10%-იც რომ ჩავდოთ, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. პერიოდულად კარგია ნაღდი ფულის ხარჯვაც, გაცემა და მიღება, ფულის ენერგიამ სულ უნდა იმოძრაოს.

რაც შეეხება საფულის ფერთან დაკავშირებულ ტენდენციებს 2026 წლისთვის – ლურჯი, ცისფერი და წითელი საფულის გამოყენება ყველას შეეძლება. სხვათა შორის, ფენ-შუის სპეციალისტები იშვიათად ვურჩევთ ხოლმე ადამიანებს ლურჯი ან ცისფერი საფულის გამოყენებას, იქიდან გამომდინარე, რომ წყლის სტიქიას ენერგიის წაღება შეუძლია, მაგრამ 2026 წლის 17 თებერვლიდან, როდესაც რეალურად დადგება ახალი, ცეცხლოვანი ცხენის წელი, წყლის ენერგია, ფაქტობრივად, თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდება და ზუსტად ამიტომ იქნება 2026 წელს ძალიან კარგი ბარაქის საფულედ წითელი ან ცისფერი, ლურჯი ფერის გამოყენება.

– რადგანაც ვირტუალური ფული ვახსენეთ, ფენ-შუის სფეროს წარმომადგენლებს რა პროგნოზები გაქვთ კრიპტოვალუტასთან მიმართებით, რომელიც დღეს ასე აქტუალურია?

– 2024 წელს, როდესაც გააქტიურდა ცეცხლის ენერგია (9-ინის პერიოდი, ტიგრამა ლი), ჯერ კიდევ მაშინ ფენ-შუის სპეციალისტებმა დავიწყეთ საუბარი, რომ კრიპტოვალუტის მიმართ ინტერესი ნელ-ნელა მიილეოდა. როგორ უცნაურადაც უნდა ჟღერდეს, გამოთვლები, რომლებსაც ჩვენ ვნახულობთ, გვიდასტურებს, რომ კრიპტოვალუტა აღარ იქნება ისეთი პოპულარული, როგორც დღესაა. საერთოდაც, სამყაროში ძალიან ბევრი რამ იცვლება, 2026-2027 წლებში ცვლილებების უმნიშვნელოვანეს პერიოდს გავივლით და ვინც ამ ცვლილებებს აუწყობს ფეხს, 2028 წელს იგრძნობს სასიკეთო შედეგებს.

– რა ცვლილებები გველის, გლობალურადაც და ჩვენი ქვეყნის ჭრილშიც, ფინანსური თვალსაზრისით?

– ცხენი სისწრაფის სიმბოლოა, შესაბამისად, მას კარიერული ცვლილებების აღმასვლა-დაღმასვლის დაჩქარება შეუძლია. ცეცხლოვანება იმპულსურობას ნიშნავს, ამიტომ დიდი იქნება შეცდომების დაშვების ალბათობა, მათ შორის პოლიტიკური თვალსაზრისით. საქართველოსთვის ცეცხლოვანი ცხენის წელი მხოლოდ პატარ-პატარა ცვლილებებს მოიტანს, თუმცა აუცილებლად მოგვთხოვს პასუხს არასწორ საქციელებზე. უფრო მეტ ცვლილებას დავინახავთ მსოფლიოს მასშტაბით, მაგალითად, ევროპის ნაწილში, სადაც არასასიამოვნო ეკონომიკური პროცესები წარიმართება. გასაკვირ ცვლილებებს დავინახავთ ჩვენს მეზობელ ქვეყნებში – ზოგან მკვეთრი დაღმასვლა იქნება, ზოგან კი, პირიქით, აღმასვლა. რაც მთავარია, ამ პერიოდში ფენიქსი იწყებს აღდგომას – ეს იმას ნიშნავს, რომ სამართლიანობა იზეიმებს, რთულმა საკითხებმა უნდა დაიწყოს დარეგულირება, ოღონდ ესეც 2 წლის განმავლობაში, 2026-2027 წლებში მოხდება.

– არის რომელიმე სფერო, რომლებში მოქმედი კომპანიებისთვისაც 2026 წელი განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდება?

– ცხენი გადაზიდვასთანაც ასოცირდება, ამიტომ ამ სფეროს წარმომადგენლებს ძალიან გაუმართლებთ. 2026 წელი ასევე იღბლიანი იქნება მედიისთვის. სხვათა შორის, ცეცხლთან დაკავშირებული ყველანაირი ბიზნესი იქნება გამართლებული, მაგალითად, ვინც სანთლებს შეიძლება ამზადებდეს, ბუხრებს აშენებდეს და სხვა, მათთვის იქნება ძალიან სასიკეთო. გაუჭირდებათ წყალთან დაკავშირებულ ბიზნესებს, მათი შემოსავლები დაბლა დაიწევს. ცეცხლოვანი ცხენის წელი ასევე წარმატებული იქნება პროგრამირების მიმართულებისთვისაც. სხვათა შორის, შარშან, როდესაც დავიწყეთ საუბარი, რომ ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდებოდა, ბევრმა სკეპტიკურად აიჩეჩა მხრები, დღეს კი ვხედავთ, როგორ გავხდით მასზე დამოკიდებულები. ზოგადად, ახლა წამოვა ისეთი პერიოდი, რომ, მაგალითად, განათლებას რა მიმართულებითაც მივიღებთ, იმ მიმართულებით აღარ ვიმუშავებთ, სულ სხვა სფეროზე გავაკეთებთ არჩევანს. 2044 წლამდე, შესაძლოა, პატარა გავლილმა კურსმაც კი დაგაწყებინოთ ბიზნესი და სამუშაო. აქვე აღვნიშნავ იმასაც, რომ 2044 წლამდე პერიოდი, ანუ ცეცხლოვანი ენერგიის პერიოდი, შუახნის ქალს ეკუთვნის. ეს იმას ნიშნავს, რომ მთელ მსოფლიოში 35-დან 55 წლამდე ასაკის ქალებს ძალიან გაუმართლებთ. ისინი განსაკუთრებით გააქტიურდებიან პოლიტიკაში, იქნებიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიმღებნი.

– აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, რომელი ნიშნები ითვლებიან 2026 წლის ფავორიტებად?

– შეიძლება ითქვას, რომ ცხენს აქვს თავისი ალიანსი – მისი ფავორიტები არიან მამალი, ვეფხვი, მაიმუნი და ცეცხლისმფრქვეველი დრაკონი. თავად ცხენისთვის, თუ ცეცხლის ენერგიას გაუმკლავდება, დადებითი წელი იქნება.

– და ბოლოს, წინასაახალწლო რიტუალი, რომლის ჩატარებასაც გვირჩევდი?

– 21 დეკემბერს ძალიან კარგი ენერგეტიკული ცვლილებები ხდება სამყაროში, ამიტომ მარტივ პრაქტიკას გასწავლით, რომელიც ნაძვის ხისთვისაც შეგიძლიათ გამოიყენოთ. სურვილების ჩასაფიქრებლად დაგვჭირდება დაფნის ფოთლები, მაქსიმალური რაოდენობაა 9 (ანუ რამდენი სურვილიც გაქვთ, იმდენ ფოთოლს გამოიყენებთ, მთავარია, არ აჭარბებდეს ცხრას), ნემსი და მწვანე ძაფი, რომელთა მეშვეობით ფოთლებს ერთმანეთზე იმგვარად შევაბამთ, რომ ერთგვარი მარაო მივიღოთ – ანუ ავიღებთ ერთ ფოთოლს, ჩავიფიქრებთ სურვილს, მას მივაკერებთ მეორე ფოთოლს, ჩავიფიქრეთ მეორე სურვილს და ა.შ. შეგიძლიათ, ეს მარაო დაკიდოთ ნაძვის ხეზე, როგორც ბარაქის სიმბოლო და ახალი წლის ჩავლის შემდეგ ნაძვის ხესთან ერთად შეინახოთ. აი, მომავალ წელს, ისევ რომ შეუდგებით ნაძვის ხის აწყობას და ამ დაფნის ფოთლებს გადააწყდებით, მიხვდებით, რა ცვლილებები მოგიტანათ 2026 წელმა და რამდენად სასიკეთო იყო ისინი თქვენთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g