ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) მონაცემებით, ევროზონაში ხელფასების ოდენობა დიდწილად აღდგა, 2022 წლის მაღალი ინფლაციის პერიოდში დაფიქსირებული მკვეთრი ვარდნის შემდეგ. ნომინალური ხელფასები ფასებზე სწრაფად იზრდება, რაც ნიშნავს, რომ ევროპელებს ხელფასი უფრო მეტის შეძენის საშუალებას აძლევს. შედეგად, 2025 წლის დასაწყისში რეალური ხელფასები ევროზონაში თითქმის იმ დონეს დაუბრუნდა, რაც ინფლაციურ ტალღამდე – 2021 წლის ბოლოს იყო. ამის შესახებ Euro News-ი წერს.
საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ შორის OECD-ს, 2025 წლის ქვეყნების მიხედვით ხელფასების ანგარიშები ჯერ არ გამოუქვეყნებიათ, მათი გამოქვეყნება 2026 წლის დასაწყისშია მოსალოდნელი. მიუხედავად ამისა, სხვადასხვა გამოკითხვა უკვე იძლევა ანაზღაურების ტენდენციების შეფასების შესაძლებლობას.
Employment Conditions Abroad-ის (ECA) 2025–2026 წლების ხელფასების ტენდენციების ანგარიშის მიხედვით, 2025 წელს ხელფასები ევროპის თითქმის ყველა გამოკითხულ ქვეყანაში გაიზარდა და ეს ტენდენცია 2026 წელსაც გაგრძელდება.
ანგარიშის თანახმად, 2025 წლის ბოლოსთვის რეალური ხელფასები გაიზრდება 25 ქვეყნიდან 23-ში, ხოლო კლება დაფიქსირდება მხოლოდ რუმინეთში (–0,9%) და უკრაინაში (–3,2%). დანარჩენ ქვეყნებში ზრდა მერყეობს ავსტრიის 0,2%-დან თურქეთის 5,1%-მდე.
თურქეთში ნომინალური ხელფასების 40%-იანი ზრდა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მიერ პროგნოზირებულ 34,9%-იან ინფლაციასთან ერთად, იძლევა 5,1%-იან რეალურ ზრდას. ამ მაჩვენებლით თურქეთი ლიდერია ხელფასების ზრდის მხრივ, შემდეგ ადგილებზე არიან ბულგარეთი და უნგრეთი.

ევროპის „დიდ ოთხეულში“ (საფრანგეთი, გერმანია, იტალია და გაერთიანებული სამეფო) საფრანგეთი ლიდერობს, შემდეგ მოდის გერმანია, იტალია და ბოლოს დიდი ბრიტანეთი.
თურქეთში მსყიდველუნარიანობა კვლავ პრობლემად რჩება
მოსალოდნელია, რომ 2026 წელსაც თურქეთი კვლავ პირველ ადგილზე იქნება, რეალური ხელფასების 8,1%-იანი ზრდით, რაც 2025 წლის მაჩვენებელსაც გადააჭარბებს.
„თურქეთი ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით მკვეთრად გამოირჩევა – აქ როგორც ხელფასების ზრდა, ისე ინფლაცია გაცილებით მაღალია“, – განაცხადა ECA-ს პროდუქტის ანალიტიკის ხელმძღვანელმა სტივენ კილფედერმა.
„თუმცა თურქები ჯერ კიდევ მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან იმ მსყიდველუნარიანობას, რაც წარსულში ჰქონდათ“.
მისი თქმით, თურქეთში მუშახელი წლების განმავლობაში ხელფასების შემცირებას განიცდიდა, რადგან ინფლაცია ხელფასების ზრდას აჭარბებდა. ყველაზე მკვეთრი ვარდნა 2022 წელს დაფიქსირდა, ხოლო 2024 წელს კლება კვლავ საგრძნობი იყო.
საშუალო ზრდა 2026 წელს დაჩქარდება
ECA პროგნოზირებს, რომ რეალური ხელფასების საშუალო ზრდა 25 ქვეყანაში 2025 წელს 1,4%, ხოლო 2026 წელს 1,7% იქნება.

ყველაზე მაღალი ზრდის მქონე ქვეყნებს შორის იქნებიან უნგრეთი, პოლონეთი, ჩეხეთი და ბულგარეთი.
„აღმოსავლეთ ევროპის ეკონომიკები კვლავ გადააჭარბებენ დასავლეთ ევროპის ქვეყნებს, რაც დაკავშირებულია უფრო სწრაფ ეკონომიკურ ზრდასთან და პროდუქტიულობის მატებასთან“, – ნათქვამია ანგარიშში.
დიდი ბრიტანეთი, მიუხედავად გაუმჯობესებისა, კვლავ ყველაზე დაბალ რეალურ ხელფასების ზრდას აჩვენებს დიდ ეკონომიკებს შორის – 1,1%, თუმცა ეს 2025 წელთან შედარებით აშკარა პროგრესია.
გაერთიანებული სამეფო და იტალია მცირედით ჩამორჩებიან საფრანგეთსა და გერმანიას 2026 წლის რეალური ხელფასების პროგნოზის მიხედვით, თუმცა მთავარი განსხვავება ინფლაციის დონეშია.
„მიუხედავად იმისა, რომ დიდ ბრიტანეთში მოსალოდნელია ხელფასების ყველაზე მაღალი ნომინალური ზრდა – 3,6%, ამ მატებას მნიშვნელოვნად შეამცირებს სხვა ქვეყნებთან შედარებით მაღალი ინფლაცია“, – აღნიშნა კილფედერმა.
გარდა საბერძნეთისა (0,9%), ყველა ქვეყანაში პროგნოზირებული რეალური ზრდა 1%-ს აღემატება.
რატომ ჩამორჩებიან დიდი ეკონომიკები საშუალო მაჩვენებელს?
დიდი ბრიტანეთის გარდა, ისეთი დასავლეთევროპული ქვეყნები, როგორიცაა ესპანეთი და ნიდერლანდები, კვლავ ჩამორჩებიან რეგიონულ საშუალო მაჩვენებელს. ანგარიშის მიხედვით, მიუხედავად ინფლაციის შენელებისა, ამ ქვეყნებს ჯერ კიდევ აწუხებთ:
- პროდუქტიულობის დაბალი ზრდა;
- მკაცრი ფისკალური პირობები;
- დამსაქმებლების სიფრთხილე ხელფასების გრძელვადიანი ზრდის მიმართ.
