LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2030 წელს ზოგადი განათლების ბიუჯეტი 2 მილიარდ 230 მილიონ ლარს გადააჭარბებს: ჩხენკელი

61
მიხეილ ჩხენკელი

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საზოგადოებას განათლებისა და მეცნიერების განვითარების ათწლიანი გეგმა წარუდგინა.

მინისტრმა განაცხადა, რომ სახელმწიფოს მოვალეობაა, გაძლიერდეს საქართველოში მეცნიერების განვითარების მხარდაჭერა, შეიქმნას ეფექტიანი მოქნილი და ხარისხზე ორიენტირებული სისტემა, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების წინაპირობა იქნება.

მინისტრის განცხადებით, მთავრობის გადაწყვეტილებით, ზოგადი განათლების რეფორმის განსახორციელებლად მომდევნო წლებში მნიშვნელოვნად გაიზრდება სფეროს დაფინანსება და 2030 წელს ზოგადი განათლების ბიუჯეტი 2 მილიარდ 230 მილიონ ლარს გადააჭარბებს.

მიხეილ ჩხენკელმა ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფის კუთხით სკოლებში მოსწავლეთა შეფასებისა ალტერნატიული მოდელების შექმნის აუცილებლობას, ბილინგვური განათლების დანერგვას, ასევე, მოსწავლეებისთვის მაღალი ხარისხის სახელმძღვანელოებისა და სწავლების თანამედროვე მეთოდების შეთავაზებას გაუსვა ხაზი.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებულ განმავითარებელ შეფასებას, რომელიც მათი ძლიერი და სუსტი მხარეების სიღრმისეულად შეფასების საშუალებას იძლევა. სამინისტრო აქტიურად მუშაობს შეფასების ალტერნატიულ მოდელებზე, რომელთა განხილვაში მონაწილეობას ყველა დაინტერესებული მხარე მიიღებს.

მისივე თქმით,ზოგადი განათლების რეფორმირების პროცესი სრულ შესაბამისობაში მოდის სკოლების ავტორიზაციის ახალ სტანდარტთან.

ჩხენკელის განცხადებით, პირველად, ქართული განათლების ისტორიაში, უკლებლივ ყველა სკოლა გაივლის ავტორიზაციას. პროცესი 2026-27 სასწავლო წლის დაწყებამდე დასრულებული იქნება.

მიხეილ ჩხენკელის თქმით, სამინისტროსთვის განსაკუთრებული ზრუნვის საგანს წარმოადგენს სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვები. ინტენსიური მუშაობის შედეგად მათი რიცხვი საგრძნობლად შემცირდა. მინისტრმა აღნიშნა, რომ სამინისტრო მუშაობას ეფექტიანი სისტემის შექმნაზე, რათა დროულად მოხდეს განათლების მიღმა დარჩენილი ბავშვების გამოვლენა და მყისიერი რეაგირება.

სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა მეცნიერების განვითარების კუთხით შედეგზე ორიენტირებული კვლევების ხელშეწყობის მნიშვნელობას.

ჩხენკელის თქმით, დაინერგება მეცნიერების მენეჯმენტისა და ადმინისტრირების ევროპული მოდელი და პრემიერ-მინისტრთან არსებული კვლევებისა და ინოვაციების საბჭოს ფორმატში მოხდება მეცნიერების პრიორიტეტების განსაზღვრა. 

სამინისტროს ხედვით, განხორციელდება არაერთი სამეცნიერო ინფრასტრუქტურული პროექტი. შეიქმნება საერთაშორისო სტანდარტების ახალი სამეცნიერო ლაბორატორიები. ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის ყოველწლიურად ზრდადი დაფინანსება 2030 წლისთვის 30 მილიონ ლარს მიაღწევს, ხოლო მეცნიერებისთვის გამოყოფილი ჯამური ბიუჯეტი 243 მილიონი ლარი იქნება.

 

magti 5g