LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„2030 წლისთვის საქართველო იქნება ყველაზე უკეთ მზად კანდიდატ ქვეყნებს შორის ევროკავშირში სრულუფლებიანი წევრობის მისაღწევად“ – პრემიერი

121
ირაკლი კობახიძე ელჩების კონფერენციაზე

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ელჩების კონფერენცია 2024-ის დახურვის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ „მთავრობის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება“.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, სამწუხაროდ, ეს თემა ხშირად გამოიყენება სპეკულაციებისთვის კონკრეტული საერთაშორისო სუბიექტების მხრიდან, თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად, ხელოვნურად შექმნილი დაბრკოლებებისა და წინააღმდეგობების მიუხედავად, ქვეყანა განაგრძობს წინსვლას ევროინტეგრაციის მიმართულებით.

„ამის გამოხატულება იყო შარშან, დეკემბერში საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღება. რა თქმა უნდა, ამ წარმატებაშიც ჩვენი დიპლომატების როლი არის განსაკუთრებული. ჩვენ განვაგრძობთ, რა თქმა უნდა, ყველა ვალდებულების შესრულებას. როგორც უკვე აღნიშნა, დღესაც ვაგრძელებთ ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას და 2028 წლისთვის ამ ვალდებულებების 90 %-ზე მეტი გვექნება შესრულებული.

რაც შეეხება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას (DCFTA), აქაც ვგეგმავთ, 4 წელიწადში შევასრულოთ ვალდებულებების 90 %-ზე მეტი, რაც არის ბუნებრივია მნიშვნელოვანი ფაქტორი ევროინტეგრაციის გზაზე წარმატების მისაღწევად.

ჩვენ, ფართო რეგიონში, ვართ ლიდერი დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების თვალსაზრისით და ამ დამსახურებასაც სჭირდება შესაბამისი დაფასება. ამ ყველაფრის ერთ-ერთი გამოხატულებაა ის, რომ საქართველო გამოირჩევა ეკონომიკური ზრდის სწრაფი ტემპით. საქართველო არამხოლოდ ფართო რეგიონში, არამედ ევროპაში არის ნომერ პირველი ქვეყანა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების თვალსაზრისით და ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება ეკონომიკური ზრდის კიდევ უფრო მეტად დაჩქარება, ესეც ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორია საქართველოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად.

დღეისათვის ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების უმეტესობა შესრულებულია და აქტიურად გაგრძელდება მუშაობა ამ მიმართულებით. 2030 წლისთვის საქართველო იქნება ყველაზე უკეთ მზად კანდიდატ ქვეყნებს შორის ევროკავშირში სრულუფლებიანი წევრობის მისაღწევად,“- აღნიშნა პრემიერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g