ყოველ ოთხშაბათს 17:00 საათზე, რადიო „არ დაიდარდოს“ მსმენელს გადაცემა „გზაჯვარედინი“ თაკო მელიქიშვილთან და ეზოთერიკოს ანზორ ოდიშარიასთან ერთად ელის. რადიოს მსმენელი ძალიან საინტერესო რჩევებს და რეკომენდაციებს მოისმენს და ექნებათ შესაძლებლობა პირდაპირ ეთერში დასვან კითხვები და მიიღონ ამომწურავი პასუხები.
-2 მარტი განსაკუთრებული თარიღია, რადგან დაიწყო ახალი პერიოდი, რაც ძალიან კარგია ახალი წამოწყებებისთვის. განვიხილოთ ვრცლად ამ თარიღის მნიშვნელობა…
-ზოგადად, ძალიან საინტერესო პერიოდებია და 2 მარტი არის ერთ-ერთი დღე, როცა სამყაროში ახალი ციკლი, ახალი ენერგია დაიწყო. 2-3 მარტი ძალიან კარგი პერიოდია იმისთვის, რომ საკუთარი თავის შეცნობა დავიწყოთ, დავგეგმოთ ჩვენი სურვილები, ვისწრაფოდეთ სიახლეებისკენ და ა.შ. დადებითი პერიოდია ახალი საწყისებისთვის. 21 მარტამდე ე.წ. გამწმენდი პერიოდია, სამყაროდან მთელი წლის ნალექი ნეგატივი გადის. მოგეხსენებათ, მსოფლიოში ისე არის განვითარებული მოვლენები, რომ სრული ქაოსია, რაც მოქმედებს ჩვენზე, ჩვენს ემოციურ-ნერვიულ სისტემაზე და ენერგეტიკაზე. ამ ქაოსს მარტი-აპრილის პერიოდში მიეცემა გარკვეული ფორმა და ტრადიციულ ნორმებში ჩადგება. მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ 2-დან 21 მარტამდე პერიოდი და მას გავატანოთ ყველაფერი, რაც ხელს გვიშლის, გვანერვიულებს და არ მოგვწონს, მაგალითად: ნეგატიური ენერგიები, კომპლექსები, შიშები, ცუდი ზრახვები, ცუდი დამოკიდებულებები და ა.შ. მარტივი ნამდვილად არ არის ამ ყველაფრის უკან მოტოვება, მაგრამ ნუმეროლოგია ზუსტად იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ჩვენ აღვიქვათ და განვსაზღვროთ რა გვიშლის ხელს. ნუმეროლოგიურ კოდში ყველა ადამიანს მითითებული აქვს რა შეიძლება იყოს მისთვის ნეგატიური, რისგან უნდა გათავისუფლდეს ცხოვრების კონკრეტულ ეტაპზე და რისთვის უნდა მოემზადოს სამომავლოდ.

-შესაძლებელია ადამიანმა თავად გაიწმინდოს ენერგეტიკა?
-აუცილებლად, ყველას უნდა გვქონდეს „სახლის ეზოთერიული აფთიაქი“. არის ეზოთერია, რომელიც ყველამ უნდა ვიცოდეთ, არსებობს წესები და კანონები, რომელთაც ყველა უნდა ვიცნობდეთ და ვიყენებდეთ. გარკვეული ენერგიების გაწმენდა შესაძლებელია, ადამიანს შეუძლია თავად დაეხმაროს საკუთარ თავს, თუ იცის რა და როგორ უნდა გააკეთოს, მაგრამ არსებობს ეზოთერიული ენერგეტიკული დაავადებები, რაც პროფესიონალის ჩარევას საჭიროებს. თუ ადამიანს ბედის ხაზების ჩაკეტვა აქვს, აქ პროფესიონალის ჩარევაა საჭირო, რადგან საკმაოდ რთულ პრობლემასთან გვაქვს საქმე. ბედის ხაზების ჩაკეტვისას ადამიანი მუდმივად ერთსა და იმავე წერტილს უბრუნდება და ვერ მიდის წინ. ენერგიის გაწმენდას 9 თვე სჭირდება, გაწმენდიდან მესამე თვეს ადამიანი სრულიად სხვა სიცოცხლეს იწყებს.
-მსოფლიოში არსებული ქაოსი ვახსენეთ და ამ თემაზეც ვისაუბროთ. ძალიან მძიმე დღეებია უკრაინაში. როგორია თქვენი შეხედულება ამ თემასთან დაკავშირებით?
-რაც შეეხება უკრაინა-რუსეთის ომს, რუსეთის და სამყაროს დაპირისპირებას, ალბათ ასე უფრო სწორია, ამის დასრულება არ არის ახლოს. მარტი-აპრილი მსოფლიო პოლიტიკური კუთხით საკმაოდ რთულია მთელი მსოფლიოსთვის. ამ ყველაფრის ფორმირება, დამშვიდება და გარკვეულ ზომიერებაში გადასვლა აპრილის შემდეგ, მაისიდან მოხდება. ახლა ქაოსის პერიოდია, არანაირი პროგნოზი არ კეთდება თუ როგორ განვითარდება მოვლენები. მარტის 15-მდე გარდამტეხი პერიოდია, რომლის შემდეგაც შეგვეძლება მოვლენათა განვითარების პროგნოზირება. სამომავლოდ, ეს ყველაფერი ძალიან კარგის მომტანია, როგორც უკრაინისთვის, ასევე საქართველოსთვის და მსოფლიოსთვის. გარკვეულ განახლებას გადის სამყარო, ხდება გაწმენდა და ახალ ეტაპზე გადასვლა.
-აღსანიშნავია, რომ ჩვენი გადაცემის სახელწოდება „გზაჯვარედინი“ ძალიან სიმბოლურია…
-დიახ, ჩვენი გადაცემის სახელწოდება შემთხვევითი არ არის, ძალიან საინტერესოა გზაჯვარედინის მისტიკა. ადამიანები ხშირად ვდგავართ გადაწყვეტილებების „გზაჯვარედინზე“ და ვაკეთებთ კონკრეტულ არჩევანს, რომელიც განსაზღვრავს ჩემს მომავალს. გაკეთებული არჩევანის შესაბამისად მივდივართ წარმატების ან წარუმატებლობის გზით, მივიწევთ წინ ან ვუბრუნდებით წარსულს. ჩვენი გადაცემა ასწავლის ადამიანებს რით იხელმძღვანელონ ცხოვრების გზაზე და როგორ მიიღონ სწორი გადაწყვეტილებები.

-არასწორი გზის არჩევის შემთხვევაში რამდენად შესაძლებელია შემდეგ ამის შეცვლა?
-ბედისწერის შეცვლა და სასიცოცხლო ენერგიების გამოღვიძება შესაძლებელია, მაგრამ არა ყოველთვის. ყველა ადამიანს აქვს თავისი ენერგეტიკული ციკლი, ენერგეტიკული ბორბალი, რომელიც ტრიალებს. თუ ჩვენ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს კარმულ ანუ მნიშვნელოვან გარდამტეხ პერიოდებში არ მივიღებთ, მაშინ მოგვიწევს ბოლომდე გავიაროთ ჩვენს მიერ არჩეული სწორი თუ არასწორი გზა. შეცვლა რთულია, მაგრამ შეგვიძლია მინიმუმამდე დავიყვანოთ წარუმატებლობა, მთლიან მოცემულობას ვერ შევცვლით. თუ გარდამტეხ პერიოდში შევცვლით ნეგატიურს პოზიტიურით, მაშინ გარანტირებულად გვეცოდინება, რომ წარმატებული პერიოდი გვექნება. კარმული პერიოდი ყველასთვის ინდივიდუალურია, ზოგს 2 წლიანი ციკლი აქვს, ზოგს 9, 12 და 40 წლიანიც კი. აღსანიშნავია, რომ წარმატებული პერიოდის შემდეგ ერთმა გადაწყვეტილებამაც კი შეიძლება დაანგრიოს მთელი „წარმატების იმპერია“, არ აქვს მნიშვნელობა რამდენად კარგი გოგოები და ბიჭები იყავით ამ დროის მანძილზე, ყოველთვის წინ, უფრო მეტისკენ და უკეთესისკენ უნდა იყოთ მიმართული. უცნაურია, მაგრამ სამყარო ბალანსს არ პატიობს, ეხმარება მხოლოდ მათ, ვისაც განვითარება და წინსვლა სურთ. ადამიანმა პასუხი უნდა აგოს თავის გადაწყვეტილებებზე, ვერ გაექცევი გადაწყვეტილებას, რომელიც მიღებული გაქვს, ენერგეტიკულად ყველაფერი აისახება ჯანმრთელობაზე, ჩვენს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე, ჩვენს სტატუსზე და ა.შ. ასე რომ, გაითვალისწინეთ, მნიშვნელოვანია სწორად ცხოვრება. რა არის სწორი და არასწორი ეს უკვე ინდივიდუალური კოდიდან გამომდინარეობს. ვიღაცისთვის ცუდი მოქმედებები სრულიად ნორმალური და სამართლიანია. არიან ადამიანები, რომლებიც იბადებიან იმ კარმით, რომ უნდა გააფუჭონ, ასე არის მათი კარმა მოწყობილი და ასე უნდა მოიქცნენ. ასეთი ადამიანის შეცვლა არ შეიძლება. ქვეწარმავლები ანადგურებენ მღრღნელებს, მაგრამ მოსავლიანობას უწყობენ ხელს, ასეთი პრინციპია ამ შემთხვევაშიც. სამყაროში გარკვეული ბალანსი არსებობს, რამდენი ადამიანიც აფუჭებს, იმდენი აშენებს, უბრალოდ უნდა ავირჩიოთ ჩვენ რომელ მხარეს ვიქნებით.
-თუ გარემოცვაში ცუდ ადამიანებს გადავეყრებით, შეცვლის მცდელობას ჯობია გავეცალოთ?
-ცუდი ადამიანები გვიტარებენ გამოცდას. თუ შენ ბოროტმა ადამიანმა გაგაბრაზა, აგაღელვა ესე იგი, ჯერ არ ხარ სათანადოდ კეთილი ან არ ხარ გამყარებული შენს მდგომარეობაში. მიწისძვრის შედეგად ვიგებთ, რამდენად მყარად არის სახლი აშენებული, რამდენად მყარია მისი საფუძველი, ასეა ჩვენს შემთხვევაშიც, ირგვლივ მყოფი ადამიანები ამოწმებენ რამდენად ძლიერია ჩვენი წარმატება, სიყვარული და ა.შ. გაუძლებს და გადაიტანს თუ არა გამოცდას. ასეთი გამოცდები ნორმალურია და თუ ადამიანს არ აქვს გარკვეული მაგიური ზემოქმედება ან ბედისწერაზე ხელის შემშლელი ზეგავლენა, ჩვეულებრივად გადის გამოცდას. თუ ადამიანს სირთულე აქვს ცხოვრებაში არ ნიშნავს, რომ ვიღაცამ ჯადო გაუკეთა, დაწყევლა ან გათვალა, მას სამყარო უწყობს გამოცდას, რომ მისი შესაძლებლობები დაამტკიცოს. ჩვენ, ეზოთერიკოსებმა ზუსტად ვიცით როდის რა გამოცდის გავლა მოუწევს ადამიანს, შესაბამისად ვაფრთხილებთ და ვამზადებთ. ეზოთერიკოსის როლია დაეხმაროს ადამიანს მართოს თავისი რესურსები, ჩვენ არ ვართ სასწაულმოქმედები, როგორც საზოგადოება ფიქრობს, ჩვენ ვართ დამხმარე ადამიანები, რომლებიც ვითვალისწინებთ სამყაროს კანონმდებლობას, მოვლენების ერთობლიობას და ვიძლევით ეფექტურ მიმართულებას, სიტუაციური წყობის ისეთ განვითარებას, რომ ეს თქვენთვის ეფექტური და წარმატებული იყოს. თუ ჩვენ ვხედავთ, რომ ადამიანს ჯანმრთელობის პრობლემა ეწყება არ ველოდებით როდის და როგორ განვითარდება ის, ვურჩევთ ადამიანს დაიწყოს მკურნალობა. რაც შეეხება ჯანმრთელობის პრობლემას, აქაც არსებობს ციკლები. 12 წლამდე ბავშვებში ყველანაირი ჯანმრთელობის პრობლემის გამოსწორება არის შესაძლებელი, ეზოთერიულად ყველანაირი პრობლემის დათრგუნვა ხდება, მათ შორის გენეტიკურისაც. ვინაიდან, 12 წლამდე ადამიანი ჩამოყალიბებული არ არის, მასში ენერგეტიკული კოდის შეცვლა შესაძლებელია. 12 წლის შემდეგ რაღაც პრობლემა შეიძლება გამოსწორდეს, მაგრამ სრულად აღმოფხვრა შეუძლებელია. ჩვენ ვითვალისწინებთ ადამიანის შესაძლო განვითარებებს, ვეუბნებით როგორ უნდა მოიქცნენ და რას მიაქციონ ყურადღება. აქვე დავაანონსებ და გეტყვით, რომ მომდევნო გადაცემა თილისმებს მიეძღვნება. ჩვენ ვისწავლით, როგორ დავამზადოთ ფინანსური წარმატების თილისმა, რისთვისაც დაგჭირდებათ 5 ლარიანი, კუპიურაზე ფულის ნომერში არ უნდა იყოს 0, უმჯობესია თუ იქნება 7 ან 5. ასევე, დაგვჭირდება 3, 7 ან 12 ცალი 2 ლარიანი, თაფლის საეკლესიო სანთელი ან პარაფინის წითელი ან მწვანე სანთელი, რომელსაც სპეციალური წესით დავმუხტავთ, საჭიროა ფურცელი, სადაც ამ ყველაფერს გავშლით და წითელი ან თეთრი ძაფი.
გადაცემის აუდიოჩანაწერი
“გზაჯვარედინი”. პირველი გადაცემა – ანზორ ოდიშარიასა და თაკო მელიქიშვილთან ერთად. ვიდეო კოლაჟი
