LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,21 წელია სცენაზე ვარ, უამრავ რეჟისორთან ვიმუშავე, მაგრამ ასე დიდი გამოცდილება, ამდენი ცოდნა არავისგან მიმიღია” – ირაკლი გურგენიძე და შორენა ზუბიაშვილი მონოსპექტაკლის დეტალებით „არტ-FM“-ში

126
შორენა-ზუბიაშვილი-&-ირაკლი-გურგენიძე

27 თებერვალს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემის „არტ-FM“-ის სტუმრებმა, რეჟისორმა ირაკლი გურგენიძემ და მსახიობმა შორენა ზუბიაშვილმა მონოსპექტაკლზე „ჩემი უცნაური დილა“ ისაუბრეს, რომლის განახლებული პრემიერა 23 მარტს გაიმართება თავისუფალი თეატრის სცენაზე.

– ირაკლი, რატომ აირჩიეთ იუჯინ ო’ნილის 1916 წელს შექმნილი პიესა და რამდენად აქტუალურია ნაწარმოები დღეს?

– ამერიკული დრამატურგიით წინა პიესაზე – ტენესი უილიამსის „ტრამვაი სახელად „სურვილზე“ მუშაობისას დავინტერესდი. უილიამსის მსგავსად, ო’ნილიც ამერიკული დრამატურგიის კლასიკოსია, მით უფრო, რომ ნობელის პრემიის მფლობელი პირველი დრამატურგია. უცნაურია, მაგრამ პრობლემები, რომელთაც ავტორი თითქმის საუკუნის წინ განიხილავდა, დღესაც ძალიან აქტუალურია. მართალია, იცვლება დრო, ეპოქა და გარემო, მაგრამ არ იცვლება ადამიანი, რომელსაც ყოველთვის ერთი და იგივე ადარდებს. ჩვენი პიესა ოჯახურ ძალადობასა და გაუცხოებაზეა. ვფიქრობ, ყველაფერი გავაკეთეთ, რათა დადგმა თანამედროვე და მაყურებლისთვის მაქსიმალურად გასაგები ყოფილიყო.

– რამდენად რთული იყო მონოსპექტაკლზე მუშაობა?

– მანამდეც მქონდა მსგავსი ტიპის დადგმაზე მუშაობის გამოცდილება, ამიტომ შედარებით მარტივად გავართვი თავი, თუმცა ყოველთვის რთულია, მუშაობა, როცა სპექტაკლს  ერთი მსახიობი უძღვება, რადგან მთელი დატვირთვა მასზე მოდის, სწორედ მან უნდა გადმოსცეს პიესა მთელი თავისი არსით. ალბათ იცით, რომ სპექტაკლის პრემიერა იანვრის თვეში შედგა. ძალიან ვღელავდი, არ ვიცოდი როგორ მიიღებდა მრავალფეროვნებას და დინამიურობას ჩვეული მაყურებელი მხოლოდ ერთ მსახიობს სცენაზე და მიხარია, რომ ზუსტად ისე გაიგო, როგორც ჩავიფიქრეთ.

– შორენა, ალბათ თქვენთვის უფრო რთული იყო ასეთ დადგმაში მონაწილეობა?

– ყოველთვის რთული და ძალიან საპასუხისმგებლოა მონოსპექტაკლში მონაწილეობა, რადგან პიესაც დამოუკიდებლად უნდა წარადგინო და პუბლიკის ემოციაც მარტომ მართო. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ირაკლის, რადგან სწორედ მისი წყალობით შევიძინე უზარმაზარი გამოცდილება და დავძლიე ყველა სირთულე.

– ირაკლი, სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

– ახალ დადგმაზე ვფიქრობ, თუმცა დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ, მხოლოდ ერთს ვიტყვი, რომ ორი ტრაგიკული დრამის შემდეგ ახლა კომედიაზე მინდა მუშაობა.

– შორენა, როგორი რეჟისორია ირაკლი, მარტივია თუ რთული მასთან მუშაობა?

– ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ირაკლისთან მუშაობა ნამდვილი ბედნიერებაა. ერთმანეთი სპექტაკლის „ტრამვაი „სურვილის“ დადგმისას გავიცანით და ნამდვილ აღმოჩენად იქცა მისი მუშაობის სტილი, რადგან ძალიან კარგად გამოსდის მსახიობის ბოლომდე გახსნა და მისი შესაძლებლობების სრულად წარმოჩენა. 21 წელია სცენაზე ვარ, უამრავ რეჟისორთან ვიმუშავე, მაგრამ ასე დიდი გამოცდილება, ამდენი ცოდნა არავისგან მიმიღია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები