გირჩევთ სიყვარულით მოეკიდოთ ყველა საქმეს, ვინაიდან სიყვარულით გაკეთებული ყოველი საქმე შედეგს აუცილებლად გამოიღებს, ეს სიტყვები 22 წლის მეღვინე გოგონას, ბაია აბულაძეს, ეკუთვნის. წარმოშობით ობჩადან არის და ღვინისა და ვაზისადმი მისი სიყვარულიც სწორედ ამ სოფელს უკავშირდება. ღვინის წარმოება მისი ოჯახის ტრადიციაა, ამიტომ ბაიამ ვენახის მოვლა ბავშვობიდან ისწავლა და ამ საქმიანობას დღემდე წარმატებით უძღვება.
“შემოდგომის ერთ დღეზე თუ ვისაუბრებთ, გეტყვით, რომ ყოველი დღე შრომასთან და ვაზის მოვლასთან არის დაკავშირებული. ახლა იწყება ღვინის დაყენებისა და ყურძნის დაკრეფვის პერიოდი. როდესაც ოჯახის საქმე უკავშირდება სოფლის მეურეობას, ოჯახის თითოეული წევრი ჩართულია მძიმე სამუშაოში. ვიწყებთ ყურძნის დაკრეფვას, რის შემდეგაც ვცდილობთ, სწრაფად დავწუროთ, ვინაიდან ყურძნის დიდხანს გაჩერება არ შეიძლება. შემდეგ ვაყენებთ ღვინოს. გასათვალისწინებელია, რომ ჩამოსხმამდე ღვინოს დიდი ყურადღება სჭირდება, კერძოდ, ყოველდღიურად დახედვა და დარევა” – ამბობს ბაია აბულაძე.
პროექტის “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში, ბაია აბულაძის პროექტმა მცირე გრანტების პროგრამაში 5 ათასლარიანი დაფინანსება მოიპოვა და ბრენდი “ბაიას ღვინო” ბოთლებში ჩამოასხა. როგორც თავად ამბობს, ჩამოსხმიდან დღემდე საკმაოდ ბევრი ღვინო გაიყიდა და მომხმარებელი დღემდე დაინტერესებულია ამ პროდუქტით.
“ბაიას ღვინო თეთრი მშრალი ღვინის კატეგორიას მიეკუთვნება და ის ციცქასა და ცოლიკოურის დაწურვით არის დამზადებული. სხვადასხვა ლიტერატურაში აღნიშნულია, რომ ეს ორი ჯიში ყველაზე კარგად მწიფდება სოფელ ობჩაში” – ამბობს ბაია აბულაძე.
ახალგაზრდა მეღვინეს დიდი გეგმები აქვს. ის “ბაიას ღვინის” საზღვარგარეთ გატანასა და მისი ფართო საზოგადოებისათვის გაცნობას გეგმავს. ამბობს, რომ ძალიან საინტერესო შემოთავაზებები აქვს და საბოლოო გადაწყვეტილებას ოჯახის ყველა წევრი ერთობლივად მიიღებს.