LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

23 ნოემბერს თბილისში სახელგანთქმული მევიოლინეს სტელა ჩენის კონცერტი გაიმართება

949
სტელა-ჩენი

23 ნოემბერს, 19:00 საათზე, შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის დიდ დარბაზში გაიმართება კონცერტი „მუსიკა გვაერთიანებს“. კონცერტი ეძღვნება თავისი ქვეყნის სახელმწიფოებრიობისთვის მებრძოლ ყველა ადამიანს და ხორციელდება „ელისო ვირსალაძის ცენტრის“ ორგანიზებით, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და თბილისის მერიის მხარდაჭერით.

მსმენელის წინაშე წარდგება მსოფლიოში სახელგანთქმული ამერიკელი მევიოლინე სტელა ჩენი – ბრიტანული გამოცემა „გრამოფონის“ 2023 წლის „ახალგაზრდა არტისტის“ ჯილდოს ლაურეატი. პრემია „Gramophone Classical Music Awards“ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდოა, რომელიც ენიჭება ჩანაწერებისთვის კლასიკური მუსიკის სფეროში. ის ხშირად განიხილება როგორც ამერიკული პრემია „გრემის“ ეკვივალენტური ან კიდევ უფრო მაღალი ჯილდო და მოიხსენიება როგორც „ოსკარი“ კლასიკურ მუსიკაში. „გრამოფონის“ პრემია მიიჩნევა ყველაზე გავლენიან და პრესტიჟულ ჯილდოდ მსოფლიოში კლასიკურ მუსიკის მიმართულებით.

სტელა ჩენი გახლავთ ბრიუსელის დედოფალი ელისაბედის მევიოლინეთა კონკურსის პირველი პრემიის, ტიბორ ვარგას სახელობის მევიოლინეთა საერთაშორისო კონკურსის პირველი პრემიის და ლინკოლნის ცენტრის ამომავალი არტისტის ჯილდოს მფლობელი, რომელსაც ახალი თაობის ერთ-ერთ საუკეთესო მევიოლინედ მიიჩნევენ და დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.

23 ნოემბერს თბილისში სტელა ჩენი შეასრულებს ბეთჰოვენის კონცერტს ვიოლინოსა და ორკესტრისათვის, რე მაჟორი, თხზ. 61. კონცერტზე ასევე შესრულდება ენესკუს რუმინული რაფსოდია №1, თხზ. 11, და ისრაელელი ქართველი კომპოზიტორის, იოსებ ბარდანაშვილის სიმფონია №3.

სტელა ჩენს პარტნიორობას გაუწევს ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, რომელსაც ისრაელის ცნობილი კამერული ორკესტრის მუსიკალური ხელმძღვანელი და თელავის მუსიკალური ფესტივალის დიდი ხნის მეგობარი, არიელ ცუკერმანი უდირიჟორებს.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია: https://biletebi.ge/classical-music-centre/musika-gvaertianebs-music-unites-us

პროექტის პარტნიორები: საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, თბილისის მერია, ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი, საქართველოს რადიო, რადიო „ფორტუნა“, AT.ge.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g