LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

231 მლნ ევრო საქართველოს – ბრიუსელში დღეს შეთანხმებებს მოეწერება ხელი

1536048723_5ab36a72b0408

ბრიუსელში, 21 ნოემბერს, საქართველოს მთავრობისა და ევროკომისიის წევრების მონაწილეობით, უმაღლესი დონის პირველი შეხვედრა გაიმართება.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრას ქართული მხრიდან პრემიერმინისტრი, მამუკა ბახტაძე, ხოლო ევროკავშირის მხრიდან ევროკომისიის პრეზიდენტი, ჟან კლოდ იუნკერი უხელმძღვანელებს. შეხვედრაში მონაწილეობას ასევე მიიღებენ საქართველოს მთავრობის წევრები და ევროკომისრები.

უმაღლესი დონის შეხვედრა თანამშრომლობის ახალი და უნიკალური ფორმატია, რომლის მსგავსიც ევროკავშირს სხვა ქვეყნებთან არ გააჩნია. ის ნათლად წარმოაჩენს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დინამიკას და ხელს შეუწყობს ქვეყნის ევროკავშირთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას. შეხვედრაზე მოხდება ახალი ინიციატივებისა და პროექტების წარდგენა და იდენტიფიცირება, რომელთა განხორციელებაც კონკრეტულ სარგებელს მოუტანს ჩვენს ქვეყანას და კიდევ უფრო მეტად დაგვაახლოებს ევროკავშირთან სხვადასხვა დარგში.

ევროკომისიასთან განსახილველი თემატიკა მოიცავს ისეთ სფეროებს როგორიც არის: ეკონომიკა, ვაჭრობა და კომუნიკაციები, განათლება მეცნიერება, კულტურა და ინოვაციები, მართლმსაჯულება, შიდა უსაფრთხოება სამოქალაქო დაცვა.

„ბრიუსელში, საქართველოს მთავრობისა და ევროკომისიის წევრების მონაწილეობით დაგეგმილი უმაღლესი დონის პირველი შეხვედრის ფარგლებში ხელი მოეწერება რამდენიმე შეთანხმებას და დოკუმენტს, რომელიც საერთო ჯამში საქართველოსთვის 231 მილიონ ევრომდე დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს. კერძოდ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში იოჰანეს ჰანი ხელს მოაწერენ შემდეგ დოკუმენტსა და შეთანხმებებს: „უნარების განვითარების მხარდაჭერა“, „ეკონომიკური განვითარებისა და ბიზნესის მხარდაჭერა საქართველოში“, ხელი ასევე მოეწერება დოკუმენტს საქართველოსთვის ევროკავშირის დახმარების ერთიანი ჩარჩო პროგრამის (Single Support Framework – SSF) 2018 წლის სამოქმედო გეგმის თაობაზე,“ – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია შეხვედრა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტთან დონალდ ტუსკთან, პრემიერ-მინისტრის გამოსვლა კარნეგის ცენტრის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე. ვიზიტის ფარგლებში ასევე შედგება პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან და გაიმართება მიღება ევროკავშირის ინსტიტუტებისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლების მონაწილეობით. ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში გაიმართება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის გამოსვლა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g