გადაცემაში „პირადი ექიმი მარი მალაზონია“ კარდიოლოგი და მედიცინის დოქტორი, მამუკა ქობალავა საზოგადოებისთვის ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე საუბრობს, როგორიცაა არტერიული ჰიპერტენზია.
მედიკოსმა გადაცემაში ჩართული ერთ-ერთი ახალგაზრდის კითხვას უპასუხა:
– ვარ 24 წლის, რამდენიმე თვეა მაწუხებს წნევები, გულისცემის აჩქარების შეგრძნება მაქვს, თითქოს გულისცემა ყურებში მესმის. ჩავიტარე გამოკვლევები, მათ შორის კარდიოგრამაც, თუმცა პრობლემა არ გამოვლინდა, შესაბამისად ,მედიკამენტიც არ მიმიღია, მხოლოდ წნევის დასარეგულირებელი საშუალებები. მაინტერესებს რა პრობლემა არის და ვის უნდა მივმართო?.
„საკმაოდ მნიშვნელოვანია პაციენტთან იმის დადგენა, რამდენად რეალურია ჰიპერტენზია. მინდა ხაზი გავუსვა, იმას რომ ხშირად წნევა გულიდან არ მოდის, შესაბამისად კარდიოგრამაზე ვერაფერი გამოჩნდება. ყველა წნევის წამალი არის წნევის დამწევი. ზოგჯერ პაციენტს ჰგონია, რომ მარეგულირებელი დაბალს მაღლა ასწევს, მაგრამ ასე არ არის. მას სჭირდება გარკვეული სახის ანალიზები, ხომ არ აქვს ანემია, ან ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები.
ასეთ შემთხვევაში აუცილებლად ჩავრთავდი წნევის 24 საათიან კონტროლს. ხომ არ აქვს ადგილი ფსევდო ჰიპერტენზიას, რადგან ახალგაზრდა ქალბატონია და შესაძლოა ემოციებს ჰქონდეს ადგილი. თუმცა ჯერ უნდა გამოირიცხოს სხვა დანარჩენი შესაძლო მიზეზები და ჩატარდეს რუტინული გამოკვლევები“, – ამბობს კარდიოლოგი.
