26 მაისს, თბილისს ლატვიის პრეზიდენტი რაიმონდს ვეიონისი საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავის აღსანიშნავად ეწვევა.
საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს დღეს ლატვიის რესპუბლიკის ახლად დანიშნულმა ელჩმა საქართველოში ინგრიდა ლევრენსიმ რწმუნებათა სიგელები გადასცა. სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ, სახელმწიფოს მეთაურმა ახლად დანიშნულ ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
„მხარეებმა საქართველოსა და ლატვიას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობა და თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს. ლატვიელმა დიპლომატმა გიორგი მარგველაშვილს კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, არაღიარების პოლიტიკის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფების მტკიცე მხარდაჭერა. შეხვედრისას საუბარი შეეხო ასევე, ლატვიის პრეზიდენტის რაიმონდს ვეიონისის ვიზიტს საქართველოში, რომელიც გიორგი მარგველაშვილის მოწვევით 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას“, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ინგრიდა ლევრენსიმ აღნიშნა, რომ ლატვიის რესპუბლიკის ელჩის რანგში, იგი ძალისხმევას არ დაიშურებს ორი ქვეყნის ურთიერთობების კიდევ უფრო გააქტიურების საქმეში.
საქართველოს პრეზიდენტმა ლატვიის ახლად დანიშნულ ელჩს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
