LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

26 ოქტომბრის არჩევნები განიხილეს ცესკოს თავმჯდომარემ და ENEMO-ს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა ცესკოში გამართულ შეხვედრაზე

341
26 ოქტომბრის არჩევნები განიხილეს ცესკოს თავმჯდომარემ და ENEMO-ს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა ცესკოში გამართულ შეხვედრაზე

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი და მისი მოადგილე გიორგი შარაბიძე „არჩევნებზე დამკვირვებელ ორგანიზაციათა ევროპული ქსელის“ (ENEMO) სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ. მხარეებმა 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნები და მასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის მიმდინარეობისას დეტალურად ისაუბრა 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ადმინისტრაციის მიმართ გამოთქმული ბრალდებების და დეზინფორმაციული კამპანიის შესახებ. მან მისიის წარმომადგენლებს ამ მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაციის პოზიციაც გააცნო.

„26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ საარჩევნო ადმინისტრაცია აგრძელებს საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან შეხვედრებს, რომლის ფარგლებშიც აქტიურად ეცნობა იმ მიგნებებსა და რეკომენდაციებს, რომლებიც ორგანიზაციებს დაკვირვების შედეგად აქვთ. რა თქმა უნდა, აღნიშნული მხოლოდ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისკენ არის მიმართული. დღევანდელ შეხვედრაზე მისიის წარმომადგენლებს მივაწოდეთ დეტალური ინფორმაცია ყველა მნიშვნელოვანი საკითხის შესახებ, ასევე ვრცლად ვისაუბრეთ ბრალდებებისა და დეზინფორმაციული კამპანიის შესახებ. ჩვენ მოვისმინეთ მათი მოსაზრებები მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ორგანიზაცია ადმინისტრაციის აქტივობებს და საქმიანობას დადებითად აფასებს“,- განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის დასრულებისას.

თავის მხრივ, „არჩევნებზე დამკვირვებელ ორგანიზაციათა ევროპული ქსელის“ (ENEMO) სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა ცესკოს ხელმძღვანელ პირებს არჩევნების ანგარიშის წინასწარი მიგნებები და რეკომენდაციები გააცნეს. აღნიშნულ ანგარიშში ადმინისტრაციის საქმიანობა და აქტივობები დადებითად არის შეფასებული. საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს ადმინისტრაციას თანამშრომლობისთვის და ინფორმაციის კოორდინირებულად გაცვლისთვის.

 „არჩევნებზე დამკვირვებელ ორგანიზაციათა ევროპული ქსელი“ 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებს როგორც მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანი მისიებით აკვირდებოდა.

შეხვედრა დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაიმართა და მას „არჩევნებზე დამკვირვებელ ორგანიზაციათა ევროპული ქსელის“ (ENEMO) მისიის ხელმძღვანელი ზლატკო ვუოვიჩი, მისიის ხელმძღვანელის მოადგილე კრისტინა კოსტალაჩი, საარჩევნო ადმინისტრაციის ანალიტიკოსი ბეატრიქს ბუნექამპი და იურიდიული ექსპერტი მარიამ ლორთქიფანიძე ესწრებოდნენ. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ცესკოს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის საერთაშორისო და პროტოკოლის განყოფილების უფროსი თამარ კაპანაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g