ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე ერთი პირი დააკავა.
უწყების ინფორმაციით, დაკავებულმა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ჯამში 3 223 841 ლარის გადახდას აარიდა თავი:
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს, სხვადასხვა პირზე რეგისტრირებული ჰქონდა კომპანიები, რომლის ფაქტობრივი ხელმძღვანელიც თავად იყო.
უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ბრალდებული ხსენებული კომპანიების სახელით სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისას, 2021-2022 წლების პერიოდში, საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევით, სისტემატურად ახდენდა შემოსავლების არასწორ დეკლარირებას, რა გზითაც, მან თავი აარიდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ჯამში 3 223 841 ლარის გადახდას.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით“, – წერია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.